ელცინის ეპოქა პოსტსაბჭოთა რუსეთში თავისუფალი მედიის აყვავების პერიოდად მიიჩნეოდა, თუმცა მოყოლებული 2000-იან წლებიდან, პუტინის მმართველობასთან ერთად, სიტუაცია უკიდურესად გაუარესდა.
პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსეთში დაიწყო ისედაც ძალიან მყიფე დემოკრატიული რეფორმების ნელი, მაგრამ თანმიმდევრული რეგრესი და სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადირება, რამაც საბოლოოდ გამოიწვია შეუზღუდავი ერთპიროვნული დიქტატურის დამყარება. ეს პროცესი მოიცავდა რეპრესიული კანონმდებლობის ეტაპობრივ შემოღებას და აქტიურად განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების აღკვეთას და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების დემონტაჟს. ამ პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ე.წ. "უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობის გამოყენება.
დღეისათვის რუსეთში 90 საჯარო (მათ შორის ადამიანის უფლებათა დამცველი), პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციაა აღიარებული "ექსტრემისტულად“, მაგალითად, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი, იეღოვას მოწმეთა ეკლესია და ა.შ. ასობით ადამიანი, რომლებსაც ბრალად ედებათ ასეთი ორგანიზაციების ფუნქციონირება, დაფინანსება (მცირე შემოწირულობების ჩათვლით), სიმბოლოების გამოფენა (ბეიჯები, ავატარები, მაისურები), უბრალოდ ერთად ლოცვა და ბიბლიის კითხვა... ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი, რომელსაც 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს "ექსტრემისტული თემის შექმნისთვის“, 2024 წლის 16 იანვარს კოლონიაში დღემდე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. წყარო
რუსეთში სწორედ პუტინის რეჟიმის პირობებში მიღებული კანონები საბოლოოდ, გახდა მედია საშუალებების დაბლოკვის საფუძველი. ვითარება ისეთი შეიქმნა, რომ მედია გამოცემას შეიძლებოდა " როსკომნადზორთან“ პრობლემები შეჰქმნოდა მაშინაც კი, თუ, მაგალითად, ახალი ამბების საიტზე კომენტარებში ხელისუფლებისთვის რაიმე ფორმით მიუღებელი აზრი იქნებოდა გამოთქმული.
გადავხედოთ პუტინის რეჟიმის მიღებულ კანონებს:
პუტინის მმართველობის დიქტატურად ქცევისკენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯად მიიჩნევა კანონმდებლობა "უცხოელი აგენტების“ შესახებ , რომელიც 2011-2012 წლის ზამთარში, მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების საპასუხოდ მიიღეს (საინტერესოა, რომ ამას წინ უსწრებდა აქციების შესახებ კანონის გამკაცრება). კანონის ინიციატორები აცხადებდნენ, რომ პოლიტიკური კრიზისი რუსეთში გამოწვეული იყო არა ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბებით, არამედ ზოგიერთი მავნე გარე ძალებით, რომლებიც ძირს უთხრიან რუსეთის სუვერენიტეტს. ამ ძალების აგენტებად დასახელდა უცხოური დაფინანსების მიმღები საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მედია.
რუსეთში ცილისწამებისთვის სისხლის სამართლის სასჯელი აღადგინეს. ლაპარაკია პრესასა ან ინტერნეტში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომელიც შეურაცხყოფდა პატივს და ღირსებას. სასჯელის გამკაცრების ინიციატორი იყვნენ პუტინის "ედინაია რასიას“ დეპუტატები, რომლეთაც მიირეს კიდეც კანონი, სხვა ფრაქციები წინააღმდეგ წავიდნენ. თუ კანონის მიღებამდე, რუსეთში ცილისწამებისთვის ჯარიმა იყო 2-3 ათასი რუბლი, ახლა მაქსიმალური სანქციები ითვალისწინებს ჯარიმას 5 მილიონ რუბლამდე ან სავალდებულო სამუშაოს 480 საათამდე.
სახელმწიფო დუმამ მიიღო ცვლილებები, რომლის თანახმადაც დაწესდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა რელიგიური გრძნობების საჯარო შეურაცხყოფისთვის, მათ შორის მედიაში, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას, რაშიც იგულისხმება არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. დოკუმენტის მიხედვით, მედიის ან ინტერნეტის გამოყენებით პროპაგანდისთვის სასჯელი უფრო მკაცრია. მოქალაქეებისთვის ჯარიმა დაწესდა 50-დან 100 ათას რუბლამდე ოდენობით, თანამდებობის პირებისთვის - 100-დან 200 ათას რუბლამდე, ხოლო იურიდიული პირებისთვის სასჯელად მილიონი რუბლი ან საქმიანობის შეჩერება 90 დღემდე განისაზღვრა.
რუსეთში ძალაში შევიდა "უცენზურო ენის აკრძალვის შესახებ“ კანონი. კანონი კრძალავს უხამსი სიტყვების გამოყენებას მედიაში, ლიტერატურული ნაწარმოებებისა და ხალხური ხელოვნების ნაწარმოებების საჯარო წარმოდგენის დროს, ასევე თეატრალურ წარმოდგენებში, კონცერტებსა და სხვა გასართობ ღონისძიებებზე, აგრეთვე კინოთეატრებში ფილმების ჩვენებისას. ფიზიკური პირებისთვის დარღვევისთვის ჯარიმები 2,5 ათას რუბლამდეა, თანამდებობის პირებისთვის - 5 ათას რუბლამდე, იურიდიული პირებისთვის - 50 ათას რუბლამდე.
რუსეთში ამოქმედდა კანონი, რომელიც ზღუდავს უცხოელი აქციონერების წილს რუსული მედია საშუალებების საწესდებო კაპიტალში 20%-მდე და ასევე კრძალავს უცხოელების მიერ მედიასაშუალებების დაფუძნებას და დაფინანსებას.
ფედერალურ კანონში "ინფორმაციის, ინფორმირებასა და ინფორმაციის დაცვის შესახებ“ ძალაში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც ახალი ამბების დიდი აგრეგატორები მედიასთან გაიგივდა. ყოველდღიურად მილიონზე მეტი მომხმარებლის აუდიტორიის მქონე ახალი ამბების სერვისებს მოეთხოვებათ გადაამოწმონ სოციალურად მნიშვნელოვანი ინფორმაციის სიზუსტე, თავიდან აიცილონ მისი უკანონო გამოყენება და უზრუნველყონ Roskomnadzor-ის მასზე წვდომა. წესების შეუსრულებლობისთვის, ჯარიმები მერყეობს 500 ათასიდან 3 მილიონ რუბლამდე.
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საშუალებას აძლევს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ დაიბლოკოს ვებსაიტები, რომლებიც, "როსკომნადზორის“ შეფასებით, აქვეყნებენ ცილისმწამებლურ ინფორმაციას. თუ ის არ მოიხსნება 24 საათის განმავლობაში, რესურსი იბლოკება "როსკომნადზორის“ მიერ. ეს შეეხება ნებისმიერ რესურსს, მათ შორის მედიას.
გადაწყვეტილება რუსეთში ინტერნეტ სერვისებისა და ვებსაიტების დაბლოკვის შესახებ შეიძლება მიიღოს სასამართლომ პროკურატურის, გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის მოთხოვნით, ასევე "როსკომნადზორმა უსაფრთხოების სააგენტოების მოთხოვნით ან თავად "როსკომნადზორისვე“ მოთხოვნით კომუნიკაციების შესახებ კანონის ფარგლებში.
რუსეთში ძალაში შევიდა ყალბი ამბების გავრცელებისა და ხელისუფლების შეურაცხყოფის აკრძალვა. პუბლიკაციები, რომლებშიც აღმოაჩენენ, რომ ხელისუფლების მიმართ უპატივცემულობის ნიშნებია, უნდა მოიხსნას ონლაინ მედიიდან 24 საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში პუბლიკაცია იბლოკება. ყალბი ამბების გავრცელებისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სახდელი. თუ ეს გამოიწვევს ტრანსპორტის ან სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მუშაობაში ჩარევას, ჯარიმა განსაზღვრულია 100-300 ათასი რუბლის ოდენობით. თუ ამის შედეგად ადამიანი დაიღუპება, ჯარიმა იზრდება 300-400 ათას რუბლამდე. იურიდიული პირებისთვის ჯარიმები გათვალისწინებულია 200 ათასიდან 1,5 მილიონ რუბლამდე. წყარო
სწორედ ამ კანონების წყალობით, რუსეთში 2019-2024 წლებში, სულ ცოტა, 26 ჟურნალისტი დააკავეს, რომელთაც პატიმრობა მიესაჯათ. უმეტესი მათგანს ბრალი ედება "ფეიკების" გავრცელება, 2022 წლიდან მოყოლებული, ძირითადად ფიგურირებს საქმეები რუსეთის არმიის თაობაზე"ფეიკების" გავრცელების ბრალდებით. მეორე თემა, რის გამოც რუსეთში ჟურნალისტებს ასამართლებენ არის დადანაშაულება ექსტრემიზმში.
მათგან ყველაზე მძიმე სასჯელი - 22-წლიანი პატიმრობა 2022 წელს მიესაჯა "კომერსანტისა“ და "ვედომოსტის“ ყოფილ კორესპონდენტს ივან საფრონოვს, მას ბრალი წაუყენეს სახელმწიფო ღალატში. მის საქმეში როგორც ამის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულად მოყვანილი იყო მის მიერ წარმოებული ჟურნალისტური გამოძიება აფრიკის ქვეყნებისთვის რუსული იარაღის არალეგალურად გაყიდვის თაობაზე. წყარო
2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მედიაზე ზეწოლა სულ უფრო მეტად გაძლიერდა. რიგით მოქალაქეებსა თუ ჟურნალისტებს აკავებდნენ ამ ფართომასშტაბური თავდასხმისთვის ომის დარქმევისთვისაც კი.
2014 წლის 13 მარტს "როსკომნადზორმა" სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე დაბლოკა სამი მედიასაშუალების ვებგვერდი: Grani.ru, Yezhednevny Zhurnal და Kasparov.ru (მისი დამფუძნებელი გარი კასპაროვი რუსეთის ფედერაციაში აღიარებულია უცხოურ აგენტად). რესურსებზე წვდომა გენერალური პროკურატურის მოთხოვნით შეიზღუდა, მიზეზად "არაკანონიერი საქმიანობისა და დადგენილი წესით გამართულ მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის მოწოდებები“ დაასახელეს. ამავდროულად დაიბლოკა, ალექსეი ნავალნის ბლოგი LiveJournal-ზე.
შვიდი წლის განმავლობაში, 2014 წლიდან 2021 წლამდე, რუსეთში დაიბლოკა 11 მედია ვებგვერდი, მათ შორის MBKh Media, Open Media და Proekt.
2022 წლიდან წვდომა შეიზღუდა 138 რესურსზე. ბლოკირების ყველაზე დიდი ტალღა მოხდა უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველ ორ თვეში - ამ დროის განმავლობაში 60-ზე მეტი მედია ვებგვერდი მოხვდა შავ სიაში, მათ შორის: Dozhd - არხის რუსული დომენი, "ეხო მასკვი“, "რადიო თავისუფლება“, BBC Russian, Meduza, "ნოვაია გაზეტა“ და სხვა მედია საშუალებები.
რუსეთში ვებსაიტებისა და სერვისების დაბლოკვა სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება. ამ სფეროში მთავარი მარეგულირებელი ორგანო, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "როსკომნადზორია“, რომელიც აქტიურად მიმართავს სადამსჯელო ზომებს იმ საინფორმაციო რესურსებზე წვდომის შეზღუდვის მიზნით, რომლებიც, მისი შეფასებით, არღვევს რუსეთის კანონმდებლობას.
დაბლოკვის ერთ-ერთი უმთავრესია მიზეზია რუსეთის ფედერაციაში აკრძალული ინფორმაციის გავრცელება.
ამის საფუძველზე 2022 წლიდან მოყოლებული არაერთი გლობალური სოციალური ქსელი და მესენჯერი დაბლოკეს რუსეთში.
ყოველივე ამის შედეგად, პოლიტიკური რეპრესიები სულ უფრო მასშტაბური ხდება. ახლა რუსეთში უფრო მეტი პოლიტპატიმარია, ვიდრე ბრეჟნევის სსრკ-ში. როგორც საბჭოთა წლებში, ხალხს ციხეში ამწყვდევენ აგრესიული ომის წინააღმდეგ გამოსვლის, მმართველი რეჟიმის და მისი ჩინოვნიკების კრიტიკის, "არასწორი“ რწმენის, სიმღერების, მულტფილმების, ხუმრობების და ა.შ. გამო.მოისპო დამოუკიდებელი პრესა და ლეგალური ოპოზიცია, სასამართლო გადაიქცა პოლიციისა და FSB- ს დანამატად, ოპოზიციონერი ლიდერები თუ აქტივისტების ნაწილი ან მოკლეს, ან გისოსებს მიღმა გამოამწყვდიეს ან აიძულეს ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ...