"ასეთი სახლის სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ახლობელს 23 ათასი ლარი მოსთხოვეს, სადაც არანაირი მასალების ხარჯი არ შედიოდა" - ამბობს ინგლისური ენის სპეციალისტი, დიზაინერი რუსო სულაქველიძე.
იგი ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა, ჰყავს ოჯახი, ორი შვილი... ერთ დღეს წინაპრების აშენებული მოჰყვა... ამ ყველაფრის შესახებ რუსო სულაქველიძეს თავად ვესაუბრეთ...
- არანაირი გამოცდილება არ მქონდა, ჩემი ხელით არასოდეს გამიკეთებია რამე. ვხედავდი ჩემს მეუღლეს როგორ არემონტებდა და თეორიული ცოდნა ამ გზით მივიღე. ძალიან რომ მოვინდომე, გამომივიდა, თან ჩემი მეუღლის იმედი ყოველთვის მქონდა რომ ყველაფერს მირჩევდა, დამაკვალიანებდა...
- სახლი სად მდებარეობს?
- წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთში. დედაჩემის წინაპრების აშენებული სახლია. ბავშვობაში დასასვენებლად ხშირად ჩავდიოდით, სახლი ნორმალურ მდგომარეობაში იყო. შემდეგ უმძიმეს მდგომარეობამდე მდგმურებმა მიიყვანეს.
- გაქირავებული გქონდათ?
- დიახ, რადგან ქუთაისთან ძალიან ახლოს, ათი წუთის სავალზეა, მიყოლებით რამდენიმე მდგმური გვყავდა, ისე გამოვიდა, თავის ნებაზე იყვნენ და სახლი ასეთ დღეში ჩააგდეს. შეშას სახლში ჩეხავდნენ, იატაკს უმძიმესი კვალი ეტყობოდა. ღუმელის მილები სადაც უნდოდათ იქ გაჰყავდათ, ფანჯრები, მინები საშინლად იყო დაზიანებული. შეიძლება ითქვას, რომ სახლს ბოლო მოუღეს.
- როდის გადაწყვიტეთ ამდენად ტიტანურ სამუშაოებს შერკინებოდით?
- დედას ძალიან უნდოდა, იქაურობა იმდენად მოგვეწესრიგებინა, ზაფხულობით, წლის სხვა დროს შაბათ -კვირას ბავშვებთან ერთად ჩავსულიყავით. სახლს დიდი ეზო აქვს, სადაც ბავშვები კარგად ერთობიან. დედას, მამას, მამიდას ხელიდან ყველაფერი გამოსდით, შრომა არ ეზარებათ და ამიტომაც ჩვენი ძალებით შევუტიეთ ამ საქმეს. გულწრფელად გითხრათ, ძალიან ვამაყობ ამ გადაწყვეტილებით. თავიდან იდეების გაცვლით დავიწყეთ, დედა ამბობდა, რომ ისევ შპალერი გაგვეკრა. მე კიდე უფრო იაფ ვარიანტებს განვიხილავდი, რაც შეიძლებოდა მინიმალური დანახარჯი რომ გვქონოდა. როცა დავფიქრდი, კედლებზე თუ რა იქნებოდა ბიუჯეტური, კარგ დასკვნამდე მივედი. გონებაში გამიელვა, შპალერის შიგნით ხომ ხე არის, ისეთი რა უნდა იყოს, რასაც ვერ დავამუშავებ-მეთქი... მართლაც გადავფხიკეთ და საუკეთესო მასალა აღმოჩნდა, სადაც მუხის ხეც კი იყო გამოყენებული. ასეთი კარგი მასალა საღებავებში, შპალერში იმალებოდა.
სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა, საღებავი და შპალერი ამდენი წლის შემდეგ აღარ ვარგოდა, ძალიან გაფუჭებული იყო. მართლაც ძალიან რთული იყო ამ ყველაფერს გავმკლავებოდი. რასაკვირველია, მარტო ვერაფერს გავხდებოდი, მთელი ოჯახი ჩართული იყო და ბევრ რამეს აკეთებდნენ, თუმცა ყოველთვის არ ჩანან ვიდეოებში, მათი სურვილიდან გამომდინარე. სახლის ხის ნაწილში უფრო მეტად მამა მეხმარება, როგორც კი დაზუმფარებას დავიწყებ, სულ ცდილობს საქმე ბოლომდე მიმაყვანინოს. ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის. ვინაიდან დიზაინერი ვარ, ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ... მართალია დამწყები დიზაინერი ვარ, მაგრამ რამდენიმე სახლის მოწყობის გამოცდილება უკვე მაქვს. თუმცა უფრო თანამედროვე სტილში და ამჯერად პატრიკეთის სახლი ჩემთვის დიდი გამოწვევაა, რომ სახლი ძველ ოდას დავამსგავსო. მსურს ავეჯიც რუსტიკული, ანტიკვარული და ვინტაჟური სტილის განვათავსო, ყველაფერი რომ სიძველესთან და ბუნებრივთან ასოცირდებოდეს. სამუშაოების დაახლოებით 80 პროცენტი უკვე ჩატარებულია. ამჯერად შუშაბანდში მიმდინარეობს სამუშაოები და ერთი სული მაქვს ავეჯის განთავსებაზე როდის გადავალთ..
- მართალია ხარჯები შემცირებული იყო, რადგან თქვენი ხელით აკეთებდით, მაგრამ მაინც გარკვეული სახსრები არ დაგჭირდათ?
- რასაკვირველია, სახსრების გარეშე ვერაფერს დაიწყებ... უბრალოდ, რაც კი შეიძლებოდა, ყველაფერი მინიმუმამდე იყო დაყვანილი. აქ ძირითადი დატვირთვა ფიზიკური სამუშაოს შესრულება იყო. თუმცა კარ-ფანჯრებს, რაღაცებს გარკვეული თანხა დასჭირდა. ხარჯთაღრიცხვა არ გამიკეთებია, ზუსტად რომ ვიცოდე, რა დაჯდა, მაგრამ იმდენი არ იყო, ადამიანი რომ ვერ გასწვდეს. ასეთი სახლის განახლებას დიდი დრო ჭირდება და დროდადრო საჭირო ფინანსებიც ჩნდება. მთავარია, ადამიანმა მსგავსი სახლის რესტავრირება მოინდომოს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოუვა. თუმცა ფიზიკური დატვირთვისთვის აუცილებლად მზად უნდა იყოს.
- დიდი მოტივაციის მომცემია თქვენი ფეისბუქგვერდ, "გააკეთე შენ თვითონ“
- დიახ, ფიზიკურ სამუშაოებს თავად ვატარებ და არაფერია ისეთი, რასაც ვინმე ვერ შეძლებს. როცა დავიღლებით ერთმანეთს ვენაცვლებით, ვინაწილებთ. ზუსტად ასეთი სახლის სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ახლობელს 23 ათასი ლარი მოსთხოვეს. ეს მხოლოდ ხელობაში, სადაც არანაირი მასალების ხარჯი არ შედიოდა. დღეს ყველა მასალაზე მეტად ფასობს ხელობა. მე თვითონ ელექტრო ზუმფარაც და კუთხსახეხიც პირველად დავიჭირე ხელში, ჩემმა მეუღლემ ამიხსნა, როგორ უნდა გამომეყენებინა. ვიდეოებში მარტივად ჩანს, სინამდვილეში კი მათი გამოყენება გაცილებით რთულია. კუთხსახეხით ნებისმიერი რამის ზედაპირის დაზუმფარებაა შესაძლებელი, ძალიან მრავალფუნქციურია. სიფრთხილეა საჭირო, ფორმები არ დავაზიანოთ. შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა ზომის, ნომრიანი ზუმფარა. რაც უფრო იმატებს ზუმფარის ნომერი, მით უფრო რბილია. ვინც დამწყებია, შეუძლია თავიდან მაღალნომრიანი ზუმფარა გამოიყენოს, ზედაპირი რომ არ დააზიანოს.
შემდეგ გამოცდილება აჩვენებს, რომელი აჯობებს. ჩემს ვიდეოში ჩანს, ამ ხელსაწყომ თუ როგორი იატაკი გაახალისა და გააცოცხლა, ეს შედეგი ვერაფრით ვერ წარმომედგინა. უკვე ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს, საიდან არ მწერენ, თუ შევძლებ მათთვის იგივე მომსახურება გავწიო. ამ ეტაპზე ყველას ვპასუხობ, რომ ჩემი საქმით ვარ დაკავებული. ჩვენი სახლი რომ დასრულდება, სამომავლოდ ალბათ შემოთავაზებებს განვიხილავ. იმდენად აზარტში ვარ შესული, არ ვიცი როგორ გავჩერდები. ყველაზე მეტად მიხარია, დღეში 5-6 ადამიანი მაინც რომ მწერს, სურვილი გაგვიჩნდა იგივე გავაკეთოთო. ძალიან ბევრმა დაიკავა ხელში კუთხსახეხი და ცდილობენ თავისი ხელით გააკეთონ რამე.
ერთ რამეს მივხვდი: ყოველდღიური რუტინის შემდეგ ხალხს მსგავსი ტიპის სამუშაოები ენატრება. იმდენად გადაღლილია ხალხი ფსიქოლოგიურად, ასეთი სამუშაო სიამოვნებას ანიჭებთ. ძალიან ბევრი აპირებს სახლის განახლებას. რა უნდა იყოს იმაზე სასიხარულო, ადამიანი რომ უკვე სახლის დანგრევას აპირებდა და ახლა უკვე იმაზე დაფიქრდა, როგორ განაახლოს და სახლს ახალი სიცოცხლე მისცეს. იმაზე ფიქრი,რომ თუნდაც ერთი სახლი გადავარჩინე დანგრევას, ძალიან მაბედნიერებს. ჩემი მეუღლე კოტეჯებს აშენებს, მისთვის ძალიან მარტივი იყო ჩემთვისაც აეშენებინა, სოფელში სახლი გვექნებოდა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი იყო ჩემი ბებია-ბაბუას დატოვებული ოდა სახლი გვქონოდა თავისი მოგონებებით. ჩემი დაჟინებული სურვილი იყო, სიძველეც შემენარჩუნებინა და თან ასე განმეახლებინა. დედა დღეს იმდენად ბედნიერია, სამსახურის შემდეგ სულ სოფელში გარბის, როგორი დაღლილიც არ უნდა იყოს. ეზოშიც ძალიან ბევრი საქმეა და აწესრიგებს.
- ორი შვილის დედა ხართ, შვილების მოვლასთან ერთად ეს სამუშაოები კიდევ უფრო რთული არ იყო?
- დიახ, ორი ბიჭი მყავს, რვა და ხუთი წლის არიან.... სახლის რემონტი ზაფხულში დავიწყე, ბავშვებს საზაფხულო არდადეგები ჰქონდათ, ვახერხებდი თან წამეყვანა და ეზოში მშვენივრად თამაშობდნენ. ძალიან მიხაროდა, ტელეფონებში, გაჯეტებში რომ აღარ იყვნენ თავჩარგული, ეზოში ერთობოდნენ, ველოსიპედით სეირნობდნენ. თითქმის მთელი ზაფხული იქ ვმუშაობდი, ძალიან მაღალი ტემპერატურა და დამქანცველი დღეები გავიარეთ, მაგრამ იმდენად დიდი იყო სურვილი,მეორე დღეს ყველაფერს მავიწყებდა. ვიდეოებზეც ისეთი ამბავი იყო, ხალხის მიმართაც დიდი პასუხისმგებლობა მქონდა. სულ მელოდებოდნენ, რას გავაკეთებდი. ხალხის მხრიდან ასეთმა მოთხოვნამ დიდი მოტივაცია მომცა.
ყველაზე მეტად მიხარია, როცა ჩემს გემოვნებას უსვამენ ხაზს. მთავარია მონდომება, თორემ ქალი ვარ, ახლა თუ ვინმე ქალებს სუსტ სქესად აღიქვამს, მაგალითი შეიძლება ვიყო. არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ, არანაირი გამოცდილება არ მქონია, პირველად ავიღე ხელში ეს ხელსაწყოები და ყველაფერი გამომივიდა. სახლის განახლებით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ყოველი დღე ძალიან სასიამოვნო იყო, რაც არ უნდა დაღლილი ვყოფილიყავი, შედეგით სულ ვტკბებოდი.
ვისაც ასეთი ძველი სახლი აქვს ალბათ ფიქრობს, რემონტი ძალიან მაღალი ბიუჯეტით უნდა დაიწყოს. ვერც წარმოუდგენიათ თუ ასე მარტივად არის შესაძლებელი სახლის განახლება. უკვე ვამაყობ, რაც შევქმენი, მაგრამ წლების შემდეგ ალბათ, უფრო მეტ სიამოვნებას მომანიჭებს ამ პროცესების გახსენება, როცა ვიდეოებს გადავხედავ... ეზოში საცხობი ბუხრის აშენებას ვაპირებ. ძალიან ბევრი მსურველია, როდესაც ჩვენი სახლი დასრულდება, მოინახულონ, ამიტომაც გადაწყვეტილი მაქვს, სტუმრები მივიღო და გავუმასპინძლდე. იმდენად მომწონს ეს იდეა, ალბათ უფრო სასიამოვნო რამეს ცხოვრებაში ვერც გავაკეთებ.