ავტორი:

"დედას თვითონაც ეგ ყველაფერი გამოვლილი აქვს და მე როგორ მეტყვის, არ წახვიდეო? ასე რომ, თან ნერვიულობს, თან - მხარს მიჭერს..." - ინტერვიუ ლუკა სარიშვილთან, რომელიც აქციებზე 2-ჯერ დააკავეს

"დედას თვითონაც ეგ ყველაფერი გამოვლილი აქვს და მე როგორ მეტყვის, არ წახვიდეო? ასე რომ, თან ნერვიულობს, თან - მხარს მიჭერს..." - ინტერვიუ ლუკა სარიშვილთან, რომელიც აქციებზე 2-ჯერ დააკავეს

"დიდი მადლობა ყველას, ვინც გულშემატკივრობდა ლუკას და გაუხარდა, რომ ამჯერადაც ჯარიმით და არა პატიმრობით დასრულდა სასამართლო პროცესი. მაგრამ აბა, დავფიქრდეთ, რა გვიხარია და რას ვულოცავთ ერთმანეთს? უკანონოდ გაკავებენ, გცემენ, გძარცვავენ, გაგინებენ, მერე კიდევ გცემენ და ამის შემდეგ ან გიჭერენ ან გაჯარიმებენ!

ეს გასაძლებია, ღირსეულად ასატანი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სასიხარულო, მით უმეტეს, რომ არც მე და არც არავინ არ იცის, კიდევ როდის დაგიჭერენ, გცემენ, გაგძარცვავენ... როცა ქვეყანაში ასეთი განუკითხაობაა, ბრძოლაა საჭირო, თავდაუზოგავი ბრძოლა, ზეიმით კი მაშინ ვიზეიმოთ, როცა ქვეყანაში აღარ გვეყოლება უკანონო პატიმრები, დასახიჩრებული, სიკვდილს შემთხვევით გადარჩენილი ახალგაზრდები, სიკვდილის პირას მიყვანილი მოშიმშილეები“, - ეს ყოფილი პოლიტიკოსის ირინა სარიშვილის "ფეიბუქპოსტის" ამონარიდია. მისი შვილი, ლუკა სარიშვილი 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე დააკავეს. სასამართლო პროცესი უკვე შედგა, მას 2400-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრეს.

ლუკა სარიშვილი 28 წლისაა, გრაფიკოს-დიზაინერია და ამ სფეროში საქმიანობს. ქვეყანაში მიმდინარე რთული პოლიტიკური მდგომარეობა მას ძალიან აწუხებს, აბრაზებს და პროტესტს აქტიურად გამოხატავს.

რას ფიქრობს თავის უკვე მეორეჯერ დაკავებაზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ამას Ambebi.ge - თვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ (პირველი დაკავების შემდეგ მას 2000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს).

- 2 თებერვალს, რატომ დაგაკავეს? რა მოხდა?

- თავიდან "თბილისი მოლთან“ ადამიანების გარკვეულ რაოდენობა შევიკრიბეთ. ასე საათ-ნახევარში გადავწყვიტეთ, რომ მსვლელობა თბილისის ცენტრის მიმართულებით გაგვემართა. საპირისპირო მხარეს უნდა გადავსულიყავით და ასე წავსულიყავით. ვიცოდი, რომ ეს მსვლელობა, პოლიციასთან შეთანხმებული იყო. გზის სავალ ნაწილს დაგვითმობდნენ და გავივლიდით. ზაჰესთან გზა რომ იყოფა, მანდ ხალხი მარცხენა მხარეს გადავიდა, რომ ესტაკადაზე ასულიყო. ისინი გაატარეს და მერე ნაკადი შუაში გაგწყვიტეს და ნახევარი მარცხნივ აღმოჩნდა, ნახევარი - მარჯვნივ. მე იქით გადასვლა ვერ მოვასწარი.

გზა თავისუფალი დატოვეს, პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა, რომ გზაზე არავინ გავსულიყავით. შესაბამისად, ვერავინ გავდიოდით და ტროტუარზე ჭყლეტაში ვიდექით, ზოგიერთი შემაღლებულზეც, ბორცვზე იდგა. მეც ბორცვზე ვიდექი. იქ ასე ერთი საათი დავყავით. ჩემს მეგობართან ერთად ვიყავი. ნაკადის გაწყვეტის შემდეგ საპირისპირო მხარეს დავინახეთ, რომ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ნიკა მელია იყო. დააკავეს ასევე დიმიტრი ბიძინაშვილი. ჩვენ ვიდექით, არაფერს ვაშავებდით, არც ვიგინებოდით, არც არავის შევურაცხყოფდით. მეგობრები ერთმანეთს ველაპარაკებოდით. ხანდახან აქციის მონაწილეებს, უცხო ხალხსაც გამოველაპარაკებოდით, პოლიციელებთანაც სიტყვით გაცვლა-გამოცვლა გვქონდა... იმ დაჭერების გამო იქ სიტუაცია დაიძაბა, ხალხი გაღიზიანდა და ვიღაცები პოლიციელებს ამუნათებდნენ, - ამას რატომ აკეთებთო? - ეკითხებოდნენ.

- და თქვენამდეც მოვიდნენ?

- ბორცვზე მყოფმა დავინახე, რომ ის ცოცხალი ჯაჭვი შავფორმიანებმა, გდდ-ს თანამშრომლებმა გამოარღვიეს და იმ მიმართულებით წამოვიდნენ, სადაც მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ვიდექით. რა ნიშნით აგვარჩიეს, არ ვიცი, მაგრამ ასე მშვიდობიანად მყოფები გაგვიყვანეს, ოღონდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს - მიწაზე ხოხვით გაგვათრიეს... ფეხზე ცოცხალი ჯაჭვის იქით წამოგვაყენეს.

- რამდენი იყავით?

- ჩემთან ერთად კიდევ 3 ადამიანი დაიჭირეს. ერთმანეთს ძირითადად არ ვიცნობდით. ერთს, ბადრი გრიგალაშვილს შორიდან ვიცნობდი მხოლოდ, "გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრია. იქ გავიცანი დავით კაკაშვილი და ერთი არასრულწლოვანი, 16 წლის ბიჭი (ამ ოთხეულის დაკავების კადრი არსებობს). ოთხივე "მარშრუტკის“ მსგავს მანქანაში აგვიყვანეს (ეს კადრიც არის) და კარი მოხურეს. ისინიც ოთხნი იყვნენ.

- წინააღმდეგობას უწევდით?

- არა, ვემორჩილებოდით. ფიზიკურად გვისწორდებოდნენ, დამამცირებლად გვექცეოდნენ. დაახლოებით 1 წუთი გვირტყამდნენ, გვაგინებდნენ, ტელეფონები, პირადი ნივთები წაგვართვეს. მერე ცოტა ხანს შესვენებასავით გააკეთეს, "მარშრუტკიდან“ ჩავიდნენ, კარი მხურეს. რომ დაბრუნდნენ, კიდევ ერთი ეგეთი ეპიზოდი ჰქონდათ - ხელებზე ზურგს უკან პლასტმასის ბორკილებით შეგვიკრეს. ხელებშეკრულზეც იყო ფიზიკური შეურაცხყოფა, თავში დარტყმა. იყო მუქარა, რომ კიდევ მეტად გაგვისწორდებოდნენ. გვისვამდნენ კითხვას, - რატომ მოდიხართ აქციაზე? ძირითადად ასეთი ცინიკური დამოკიდებულება ჰქონდათ. მერე იმ მანქანით სხვა ლოკაციაზე, ასე ერთ კილომეტრში გადაგვიყვანეს, სადაც უკვე პატრულის თანამშრომლებს გადაგვცეს. მათ ოქმი დაწერეს, რომ თითქოს დაგვინახეს, როგორ ვიგინებოდით. არადა, ისინი ჩვენს დაკავებას ვერ შეესწრებოდნენ, კილომეტრი მაინც გვაშორებდა მათ.

სასამართლოზე პატრული გამოვიდა და თქვა, როგორ ვიგინებოდით, არ ვემორჩილებოდით პოლიციას და გზის გადაკეტვას ვცდილობდით... მათი ჩვენებებიც ერთმანეთს არ დაემთხვა. ჩვენთვის ნივთები არავის დაუბრუნებია.

- რა ნივთები წაიღეს?

- მე ჩანთა, ფოტოაპარატი მქონდა. ტელეფონები ყველას ჩამოგვართვეს.

- არ მოიკითხეთ თქვენი ნივთები?

- თავიდანვე ვიცოდი, რომ უკან არ დაბრუნდებოდა, მაგრამ მაინც ბევრჯერ გავუსვი ხაზი ამას... როდესაც განყოფილებაში კახეთის გზატკეცილზე, შუშებიან შენობაში მიგვიყვანეს, - გამომძიებელს არაერთხელ დავუფიქსირე, რომ ეს ნივთები წაგვართვეს და მათი დაბრუნება გვინდა. ამასთან დაკავშირებით საჩივარი დავწერეთ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც მოვახსენეთ, ვუთხარით, ძალადობის შესახებაც.

წესით, ნივთებიც ილუქება, სასამართლოს შემდეგ ბრუნდება. ის ნივთები, რაც პატრულის თანამშრომლებმა დალუქეს, დამიბრუნდა, მაგრამ რაც გდდ-ს თანამშრომლებმა წაგვართვეს, ყველაფერი, სავარაუდოდ, უკვე ლომბარდშია.

- ახლა რა სიტუაციაა?

- სამი ადამიანის სასამართლოები დასრულებულია - დავით კაკაშვილს სიტყვიერი შენიშვნა მისცეს, მე და ბადრი გრიგალაშვილს 2400-ლარიანი ჯარიმა დაგვაკისრეს, 16 წლის ბიჭის შემთხვევაში პროცედურები როგორ არის, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ იმავე დღეს რომ გამოუშვეს, ეგ ვიცი. ჩვენი საქმე 4 თებერვალს დასრულდა, გამოიტანეს განაჩენი. ჩემი და ბადრის მოსამართლე იყო ლელა ცაგარეიშვილი.

- თავს როგორ გრძნობთ?

- ფიზიკურად მხნედ ვარ. მინდა, რომ დანარჩენი პატიმრები გათავისუფლდნენ. ვაგრძელებთ პროტესტს და ბრძოლას... დღეს ჩვენს ქვეყანაში ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მმართველი პარტია იბრძვის, ცდილობს, ყველაფერი სათავისოდ მოირგოს - კანონები, პროტესტზე წნეხი გაზარდოს და ამით ის ხალხი დააშინოს, ვინც ვაპროტესტებთ. ჩვენ ჩვენი მხრივ გვინდა, რომ გვქონდეს სამართლიანი სასამართლო, დამოუკიდებელი, თავისუფალი, სამართლიანი ქვეყანა. გვინდა კეთილდღეობა, რაც სამართლიანი ქვეყნის გარეშე შეუძლებელია.

- ქალბატონი ირინას პოსტი წავიკითხე და მისი პოზიცია და აზრი გასაგებია. პირადად რა გითხრათ დედამ?

- იცის, რომ ჩართული ვარ ამ პროცესებში. როგორც რიგითი ადამიანი, მინდა, რომ გამოვიდე და მშვიდობიანად დავაფიქსირო ჩემი პროტესტი, სადაც შემიძლია და სადაც ქვეყანას ვჭირდები... დედამ ეს იცის, თვითონაც ეგ ყველაფერი გამოვლილი აქვს და მე როგორ მეტყვის, არ წახვიდეო? ასე რომ, თან ნერვიულობს, თან - მხარს მიჭერს...

- შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან რა გამოიყვანს ქვეყანას?

- ლაპარაკი მოსახლეობასთან. ოღონდ, იმის ილუზია არ მაქვს, რომ "ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ლაპარაკით ამ ჩიხიდან ქვეყანას გამოაყვანინებ. მათი ერთადერთი ინტერესია, როგორც ვთქვი, ძალაუფლების შენარჩუნება. ჩემი აზრით, ძალაუფლებას მაშინ დათმობენ, თუკი რამე უფრო მნიშვნელოვანი ექნებათ დასაკარგი. როდესაც ვამბობ, გამოსავალი ლაპარაკიაო, ვგულისხმობ, რომ ლაპარაკი საჭიროა ხალხთან იმისთვის, რომ ჩვენი თანამებრძოლები რაოდენობრივად გაიზარდოს. ხალხი დასარწმუნებელია იმაში, რომ რეალურად ძალიან ცუდ გზაზე ვდგავართ. შეიძლება დღეს ეს მათ არ შეხებიათ, მაგრამ ხვალ რომ შეეხებათ, გვიანი იქნება. ეს სურათი ყველას თუ არ დავანახეთ, ისეთი ინერციით მოხდება ყველაფერი, რომ ვერც გავიგებთ.

- არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რა ხდება ქვეყანაში. ეს რისი ბრალია?

- იმის ნაკლებობის, რაზეც ვილაპარაკე. რასაც ახლა "ახალი თეატრი“ აკეთებს, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ჩადიან რეგიონებში და პირისპირ ელაპარაკებიან ადამიანებს და ჰყვებიან, რა ხდება რეალურად ქვეყანაში. ასევე მნიშვნელოვანია, სისტემის პატარა და რიგითი მსახურის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გაზრება. შევხვდი პოლიციელებს, რომლებიც კარგად გვექცეოდნენ, მაგრამ მერე პასუხისმგებლობას ვერ იღებენ, სასამართლოში ცრუ ჩვენებას აძლევენ. ეს დანაშაულია. სასაუბროა ასევე მათი ოჯახის წევრებთან, მგონი, არავის უხარია ეს ყველაფერი, ხვდებიან ყველაფერს, რცხვენიათ და თავიანთ ოჯახებთან მალავენ იმას, რასაც აკეთებენ. ამიტომაა მათ ოჯახებთან სასაუბრო. როცა პოლიციელების და სპეცრაზმელების ოჯახის წევრს, მეგობარს ეცოდინება, ისინი რასაც აკეთებენ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია... რეალურად კი მდგომარეობა რთულია, მაგრამ პესიმიზმი არ ივარგებს, უნდა ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილები და მშვიდობიანად ვიბრძოლოთ!