ავტორი:

“ვაპირებ მოსამართლეს ვუთხრა, რომ მირჩევნია პატიმრობა შემიფარდონ, ვიდრე 5 000 ლარი გადავიხადო - ბევრს არ აქვს ამხელა შემოსავალი“ - პაატა მანჯგალაძე

“ვაპირებ მოსამართლეს ვუთხრა, რომ მირჩევნია პატიმრობა შემიფარდონ, ვიდრე 5 000 ლარი გადავიხადო - ბევრს არ აქვს ამხელა შემოსავალი“ - პაატა მანჯგალაძე

“ზოგს ჰგონია, რომ ძალიან ჭკვიანია და თუ უნდა, გახარიას გუნდმა თავის თავზე მიიღოს: ფიქრობენ, სხვა ოპოზიცია შეიწყვეტს მანდატებს, პოლიტიკური სცენიდან გავლენ და ბურთი და მოედანი დაგვრჩებაო - არა, მეგობრებო, ყველა ერთ ნავში ვართ - ეს ხალხი რეალობასაა აცდენილი“, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, “კარგად არ გამოიყურება“, როდესაც ერთი მხრივ ამბობ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, მეორე მხრივ კი “პარლამენტში თბილად ზიხარ“.

“დასაფასებელია იმ ხალხის გადაწყვეტილება, ვინც განცხადებები დაწერა. გამომიცდია, ეს რამხელა წნეხია. ხალხი 100 და 200 ლარად ყიდის არჩევანს, ამ ხალხმა კი, ვისაც შეეძლო 4 წელი, გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში ნახევარ მილიონზე მეტი აეღო, საქართველოს ინტერესებისთვის უარი თქვა. ეს არაფერს ნიშნავს და არ შევიმჩნიოთ, ასე არაა. მართლა დასაფასებელია, ამ ხალხის ქმედება, ვინც განცხადება დაწერა.

თავის თავთან მოდიხარ წინააღმდეგობაში - ამბობ, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური; ამბობ, რომ საერთაშორისო სანქციები უნდა გაიზარდოს, ქვეყნის შიგნით კი ზეწოლა და ამ დროს, თბილად ზიხარ პარლამენტში. ეს კარგად არ გამოიყურება. ზოგს ჰგონია, რომ ძალიან ჭკვიანია (თუ უნდა, გახარიას გუნდმა თავის თავზე მიიღოს) - ფიქრობენ, სხვა ოპოზიცია შეიწყვეტს მანდატებს, პოლიტიკური სცენიდან გავლენ და ბურთი და მოედანი დაგვრჩება. არა, მეგობრებო. ყველა ერთ ნავში ვართ. მთელი პოლიტიკა გაუქმდა. იმაზე არაა ლაპარაკი, რომ რომელიმე გუნდი გადარჩება. გიორგი ვაშაძემაც მოჰყვა, რომ ოპოზიციის ლიდერებს ერთიანად უნდა ესაუბრათ ხალხთან და იქაც კი არ დაჯდა ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელი. მგონი, ეს ხალხი რეალობასაა აცდენილი [გახარიას პარტია]. ჰგონიათ, რომ ძალიან ჭკვიანები არიან, კარგად იქცევიან, ამ კრიზს რაღაცნაირად გადააგორებენ, ჩაირეცხება დანარჩენი ოპოზიცია და თვითონ გამარჯვებული გამოვლენ. ასეთი რამ არ ხდება. ყველა, ვინც პრინციპულია და ღირებულებებით იღებს გადაწყვეტილებას, ბიძინა ივანიშვილის მტერია. ვინც საკუთარი აზრის ქონაშია შემჩნეული, ყველა არის მტერი რეჟიმისთვის. ამიტომ, თუ ბიძინასთან თანამშრომლობას აპირებთ, რას თამაშობთ, პირდაპირ თქვით, ეს გადაწყვეტილება მივიღეთო. თუ ხალხის მხარეს არიან და 6 თვე პარლამენტში არ მივლენ, გაცდენების გამო ისედაც შეუწყვეტს “ქართული ოცნება“ [მანდატებს] და მაინც მოგვიწევს ყველას ერთად დაჯდომა. ახლა რომელიმე პარტიას კი არ ებრძვიან, არამედ ებრძვიან ყველას, ვინც შემჩნეულია საკუთარი აზრის, ღირებულებების და პრინციპების ქონაში“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

  • მან მიმდინარე პროტესტზე საუბრისას აქციების მონაწილეების, მათ შორის პოლიტიკოსების მიმართ დაკისრებულ ადმინისტრაციულ სახდელებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მას 5-ათას ლარიანი გირაო დაეკისრება, რის სანაცვლოდაც აპირებს, მოსამართლეს ალტერნატივად პატიმრობის შეფარდება სთხოვოს.

“17 ნოემბრის საქმეზე მაქვს [სასამართლო პროცესი], ასევე, 5 იანვრის საქმეზე - რაც საშიშია, 5 ათას ლარიანი ჯარიმაა. ვაპირებ, მოსამართლეს ვუთხრა და ჩემ ირგვლივაც ბევრს არ აქვს იმხელა შემოსავალი, რომ 5 ათასი ლარი გადაიხადოს. ალტერნატივა არსებობს პატიმრობა. მირჩევნია [ადმინისტრაციული] პატიმრობა შემიფარდონ, ვიდრე 5 ათასი ლარი გადავიხადო. თუმცა ამის გამო წინააღმდეგობა არ უნდა შევწყვიტოთ. დიდი წნეხია ადამიანებზე“, - განაცხადა მანჯგალაძემ.