ავტორი:

"შესაძლოა, დიპლომატიური ფოსტა გამოიყენება სანქციების თავის არიდებისა და "შავი ფულის“ გადასატანადაც" - რა მასალა გამოქვეყნდა იაპონურ მედიაში უტა ივანიშვილზე და რას აცხადებს გახარიას პარტია?

"შესაძლოა, დიპლომატიური ფოსტა გამოიყენება სანქციების თავის არიდებისა და "შავი ფულის“ გადასატანადაც" - რა მასალა გამოქვეყნდა იაპონურ მედიაში უტა ივანიშვილზე და რას აცხადებს გახარიას პარტია?

პარტია "გახარია საქართველოსთვის“ იაპონურ მედიაში "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟის, უტა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმაურება და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პარტიის შეფასებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს დიპლომატიური სამსახური და დიპლომატები ჩართულები არიან ივანიშვილისა და მისი ოჯახის პირადი ინტერესების მსახურებაში.

პარტიაში აცხადებენ, რომ ეს არამარტო საქართველოს კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღვევაა და დიდი დიპლომატიური სკანდალიც შეიძლება მოჰყვეს.

"ჟურნალისტური გამოძიებიდან ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს დიპლომატიური სამსახური და დიპლომატები ჩართულები არიან ივანიშვილისა და მისი ოჯახის პირადი ინტერესების მსახურებაში. ასევე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს დიპლომატიური ფოსტისა და დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენებას პირადი მიზნებისთვის. შესაძლოა, ფოსტა გამოიყენება სანქციების თავის არიდებისა და "შავი ფულის“ გადასატანადაც. ეს არამარტო საქართველოს კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღვევაა და დიდი დიპლომატიური სკანდალიც შეიძლება მოჰყვეს“, - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

ცნობისთვის, იაპონურმა გამოცემა Shūkan Bunshun - მა ჟურნალისტურ გამოძიება გამოაქვეყნა ბიძინა ივანიშვილის უფროს ვაჟზე, უტა ივანიშვილზე და წერს, რომ “პროპუტინისტი დიქტატორის უფროსი ვაჟი იაპონიაში შენიშნეს”. მათივე მტკიცებით, უტა ივანიშვილი საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავას რესტორანში შეხვდა.

გამოცემა ავრცელებს შეხვედრის ამსახველ ფოტომასალასაც, რომელიც ჩანს ლეჟავა, თუმცა დაფარულია, სავარაუდოდ, უტა ივანიშვილის სახე. Shūkan Bunshun-ის მტკიცებით, შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, რომლის ბოლოსაც ლეჟავამ ივანიშვილს დიდი შავი ჩანთა გადასცა და უთხრა, რომ - “აქ არ გახსნა, იმედი მაქვს გამოგადგება”.

  • "jam-news" - ის თარგმანის თანახმად, Shūkan Bunshun ყურადღებას ამახვილებს ბოლო ერთ წელიწადში იაპონიაში უტა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. მაგალითად, მედიაგამოცემა წერს, რომ 2024 წლის ზაფხულში უტა ივანიშვილმა 500-550 მილიონი იენის (დაახლოებით 3.5 მილიონი აშშ დოლარის) ღირებულების მდიდრული აპარტამენტი შეიძინა ტოკიოს ცენტრალურ უბანში.