სლოვაკეთის დედაქალაქში ბრატისლავაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე გამოჩნდა საქართველოს დროშები და ბანერები წარწერით - "მამუკა პრეზიდენტად!" სლოვაკმა აქტივისტებმა ასევე გაავრცელეს განცხადება, რომ რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ, უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის“ მხარდაჭერის კამპანია წამოიწყეს. მათივე თქმით, კამპანიის პირველივე დღეს 6 000 ევროს აგროვება შეძლეს, მაგრამ ეს კიდევ არაფერია, "ქართული ლეგიონის“ ბიჭებისთვის დიდ თანხებს მოიზიდავენ.
იმის გასარკვევად თუ რას უკავშირდება სლოვაკი აქტივისტების ინიციატივა და აქვს თუ არა მათთან კავშირი "ქართული ლეგიონის“ მეთაურს ambebi.ge მამუკა მამულაშვილს დაუკავშირდა.
"ძალიან სასაცილო ვითარებაა. ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდი, არც აქტივისტებს ვიცნობ, წარმოდგენაც კი არ მაქვს, ვინ არიან. ფოტოები ნაცნობმა სლოვაკმა გადმომიგზავნა. მანაც შემთხვევით დაინახა ეს ბანერები. ბანერზე სიტყვასიტყვით წერია, - "მამუკა პრეზიდენტის სასახლეში". ე.ი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამუკა მამულაშვილის პრეზიდენტად არჩევას აპირებენ, უბრალოდ, სარკაზმია. როგორც ჩანს, სლოვაკებმა ასე უპასუხეს პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს "ქართული ლეგიონი“ სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებაში მონაწილეობს.
სხვათა შორის, ფიცო საკუთარ ხალხს ძალიან არ უყვარს მისი პრორუსული შეხედულებების გამო.", - გვითხრა მამუკა მამულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მამულაშვილს სლოვაკეთში საპროტესტო აქციების ორგანიზებასთან მისი კავშირის შესახებ ინფორმაციის გამო ქვეყანაში შესვლა აეკრძალა. მანამდე, ის ჯერ რობერტ ფიცომ, შემდეგ კი საქართველოში ჩამოსულმა სლოვაკეთის მთავრობის მრჩეველმა, ევროპარლამენტარმა ერიკ კალინიაკიმ დაადანაშაულა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. ბოლო ორი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება სლოვაკი ჟურნალისტების, ასევე სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების განცხადებები იმის შესახებ, რომ გადაწყვიტეს "ქართულ ლეგიონს“ მხარდაჭერა გამოუცხადონ. ასევე სარკასტულად წერენ, - უკრაინაში მივდივართ და "ქართული ლეგიონისთვის“ დრონები მიგვაქვს, რომლის მეშვეობითაც, თქვენი ინფორმაციით, უკრაინული დაზვერვა სლოვაკეთში გადატრიალებებს აწყობსო..
ambebi.ge დაინტერესდა, მართლა იღებს თუ არა "ქართული ლეგიონი“ სლოვაკი ხალხისგან ფინანსურ მხარდაჭერას. როგორც მამუკა მამულაშვილმა გვითხრა, სლოვაკმა აქტივისტებმა მართლა დაიწყეს თანხის შეგროვება იმისთვის "ქართული ლეგიონისთვის დრონები იყიდონ.
"ძალიან კარგი, მადლობა სლოვაკებს, ეს მართლაც გვჭირდება“, - ამბობს "ქართული ლეგიონის“ მეთაური.