საგარეჯოში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, 38 წლის გიორგი ფეიქრიშვილის მკვლელობის ბრალდებით, მისი ბავშვობის მეგობარი გიორგი ქურდოვანიძეა დაკავებული.
მამაკაცს ერთ ტყვია გულში აქვს მოხვედრილი. როგორც მოკლულის მამა ჰყვება, მისი შვილი გუშინ ღამის 2 საათზე გავიდა სახლიდან, 4 საათზე კი შეატყობინეს, რომ სოფელ ანთოკში გარდაცვლილი ნახეს. ის ვარაუდობს, რომ ქურდოვანიძემ მისი შვილი მანქანაში მოკლა და შემდეგ ცხედარი სოფელში დატოვა.
"სახლიდან გავიდა 2 საათზე და ალბათ მალევე შეხვდა მკვლელს. მე გავიგე 4 საათზე, ჩემმა ძმამ დამირეკა და შემატყობინა ეს ამბავი. სხვა დეტალები არ ვიცი. ავტომობილში მოუკლავს და მერე მანქანიდან გადააგდოო, ასე თქვეს. დეტალები ზუსტად არ ვიცი. საგარეჯოში ჩაისვა მანქანაში მკვლელმა, არ ვიცი სად მოკლა, რა მოხდა, სხვა დეტალები არ ვიცი. შეიძლება აქვე მოკლა და სოფელში ჩამოაგდო.
მკვლელი გიორგი ქურდოვანიძეა, ბავშვობაში მეგობრები იყვნენ. რა მოხდა არ ვიცი. მოკლული მწყემსმა იპოვა. ერთი ტყვია აქვს გულში მოხვედრილი. მოტივი რა არის არ ვიცი. ალბათ ძალიან დიდი უთანხმოება მოუვიდათ, სავარაუდოდ ყოფით ნიადაგზე დაპირისპირება. მაგას პოლიცია გაარკვევს" - ამბობს მოკლულის მამა.
ასევე მოკლულის მეგობარი ჰყვება, რომ ქურდოვანიძესა და ფეიქრიშვილს შორის კონფლიქტი ნამდვილად იყო და ამის შესახებ ინფორმაცია მათაც ჰქონდათ.
"უთანხმოება იყო. ჩვენ რომ გავყოლოდით ასეთი რამ არ მოხდებოდა, მაგრამ ჩვენს გარეშე წავიდა. ჰქონდა ბიჭებთან კონფლიქტი და ვამშვიდებდით, რომ ამ დონემდე არ მისულიყო. გვერდზე ქუჩაზე გიორგის მანქანა იდგა დიდხანს, მანქანა იყო ცუდად გაჩერებული დაღუპულის, გაჩნდა კითხვები რატომ დგას მანქანა ასეო. დაგვირეკეს შემდეგ ჩვენ და გავიგეთ ეს ამბავი" - ჰყვება მოკლულის მეგობარი.
გიორგი ქურდოვანიძეს ერთი შვილი დარჩა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ რომ გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
წაიკითხეთ ასევე: