ხელოვნებათმცოდნე მარიამ კვაშილავა ბავშვობიდანვე ხატავდა. ვიზუალური ხელოვნება მისთვის მხოლოდ ესთეტიკა არასოდეს ყოფილა – ეს იყო ენა, რომელსაც სწავლობდა, რათა ემოციები, ისტორიები და იდენტობა გადმოეცა.
ამ გამოცდილებამ შთააგონა, რომ შეექმნა პლატფორმა, რომელიც ქალებს გააძლიერებდა. ასე გაჩნდა Glam Factory, რომელმაც სოციალურ ქსელებში ათიათასობით ქართველი ქალი გააერთიანა, მათ მისცა ახალი შესაძლებლობები და შეცვალა სილამაზის ინდუსტრიის აღქმა.
დღეს მარიამი ნიუ-იორკში ცხოვრობს და სწავლობს ხელოვნების აკადემიაში, მაგრამ მისი საქმიანობა კვლავ აერთიანებს ადამიანებს საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც
- მარიამ, როგორია შენი პირველი მოგონება, რომელმაც განსაზღვრა ინტერესები ხელოვნებასთან?
- ბავშვობიდან ვხატავდი და ვიზუალური ხელოვნება ყოველთვის მიზიდავდა. მჯერა, რომ ხელოვნებას აქვს ძალა შთააგონოს და გააერთიანოს ადამიანები. ჩემი პირველი მოგონებები ხელოვნებასთან უშუალოდ პროცესს უკავშირდება - მახსოვს ის დაუოკებელი სურვილი, რომ შემექმნა რაღაც ახალი, რომელიც ღამე არ მაძინებდა. ჩემი მშობლები ხშირად გვიანობამდე მუშაობდნენ, ამიტომ, როცა სახლში მარტო ვრჩებოდი, დროის გატარების ჩემი საყვარელი გზა ხატვა ან კინოს სამყაროში ჩაძირვა იყო.

განსაკუთრებით მძაფრად მახსოვს ჩემი პირველი ვიზიტი მუზეუმში. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ხელოვნება უბრალოდ ვიზუალურ ესთეტიკაზე ბევრად მეტია - მას შეუძლია ემოციების, ისტორიების და იდენტობის გადმოცემა. იმ დღიდან ხელოვნება ჩემთვის აღარ ყოფილა მხოლოდ ტექნიკა ან გამოსახულება; ის გახდა ენა, რომლის ყველა წესის სწავლაც მომინდა.
- 14 წლის ასაკში ამერიკაში წახვედი სასწავლებლად – რამდენად შეცვალა ამან შენი შეხედულებები?
- ამერიკაში გადასვლა ჩემთვის გარდამტეხი გამოცდილება იყო, რომელმაც არა მხოლოდ ჩემი ხედვები, არამედ თვითაღქმაც შეცვალა. პირველად დავინახე, რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ინდივიდუალური იდენტობები და როგორ განსაზღვრავს კულტურული კონტექსტი ადამიანების ღირებულებებს. ეს მომენტი ჩემთვის გარდამტეხი იყო – გავხდი უფრო თავდაჯერებული და უფრო ღიად დავიწყე ფიქრი ჩემს მომავალზე, რომელსაც ჩემთვის უკვე საზღვრები აღარ ჰქონდა.
როდესაც მოგვიანებით საქართველოში დავბრუნდი, ერთი მნიშვნელოვანი დაკვირვება მქონდა - მხოლოდ დისკომფორტში შეიძლება რეალური ზრდა. თბილისი უკვე კომფორტის ზონად მექცა, ამიტომ გადავწყვიტე, ახალი გამოწვევები მომეძებნა. სწორედ ამ განწყობით 16 წლის ასაკში მივიღე ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსება და ორი წლის განმავლობაში ვსწავლობდი ნოტინგჰემის კოლეჯში, A-level პროგრამაზე.

იქ ჩემი პროფესორების დახმარებით პირველად მომეცა შესაძლებლობა, იდეები სრულფასოვან პროექტად ჩამომეყალიბებინა. გადავწყვიტე, საქართველო და მისი ისტორია კვლევის მთავარ თემად ამეღო. ჩემი ნამუშევარი ასახავდა ქვეყნის ტრანსფორმაციას პირველი რესპუბლიკიდან დღემდე - როგორ გავლენას ახდენდა ტოტალიტარული რეჟიმი ინდივიდებზე, როგორ იკარგებოდა პიროვნული იდენტობა მასობრივი კონტროლის ქვეშ და როგორ ცდილობდა პოსტსაბჭოთა თაობა ამ ჩარჩოებისგან გათავისუფლებას.
პროექტმა დიდი გამოხმაურება მოიპოვა, კოლეჯის ფარგლებს გასცდა და გამოიფინა ქალაქის საგამოფენო სივრცეებში. ის არა მხოლოდ ყველაზე მაღალი შეფასებით დასაჩუქრდა იმ წლის A-level გამოშვებაში, არამედ დღემდე გამოიყენება ბრიტანეთის სხვადასხვა კოლეჯში, როგორც სახელოვნებო სასწავლო ნიმუში. ყველაზე მეტად კი ის მახარებს, რომ ჩემი ნამუშევრის მეშვეობით ბევრმა ბრიტანელმა მოსწავლემ გაიცნო საქართველო და მისი ისტორია.
- შემდეგ იყო საფრანგეთი, როგორ აირჩიე პროფესია?
A-level-ის წარმატებით დასრულების შემდეგ, რომელშიც მიღებული უმაღლესი შედეგით ბრიტანეთის მოსწავლეების 0.2%-ში მოვხვდი, შესაძლებლობა მქონდა სწავლა წამყვან ბრიტანულ უნივერსიტეტებში ფერწერის ფაკულტეტზე გამეგრძელებინა. თუმცა, გადავწყვიტე ახალი გამოწვევა მიმეღო და სწავლა პანთეონ-სორბონას (Sorbonne 1) ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, ფრანგულ ენაზე გამეგრძელებინა.
პარიზში გადასვლა მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რადგან ვიცოდი, რამდენად რთულია ერთ-ერთ უძველეს და ტრადიციულ უნივერსიტეტში სწავლა. მიუხედავად გამოწვევებისა, მათ შორის ფრანგული შეფასების მკაცრი სისტემისა, არასდროს მინანია ეს არჩევანი. სორბონაში ხელოვნების ისტორიის სიღრმისეული ცოდნა შევიძინე — დასაბამიდან თანამედროვე ეპოქამდე, არქეოლოგიიდან კინოხელოვნებამდე. პარიზში ცხოვრება კი პრაქტიკულ გამოცდილებად იქცა: ჩემი აკადემიური ცოდნა რეალურ კონტექსტში გადავიტანე.
- Glam Factory-ის შექმნის იდეა როგორ გაჩნდა?
ხელოვნების ისტორიის სწავლის პროცესში ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ქალი ხელოვანები ფაქტობრივად "არ არსებობდნენ“ სახელმძღვანელოებში. ეს აღმოჩენა ჩემთვის იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ დამაფიქრა გენდერულ დისკრიმინაციაზე ხელოვნებაში. როდესაც დავიწყე კვლევა, აღმოვაჩინე, რომ კლასიკურ სახელმძღვანელოებში აღიარებულ ხელოვანებს შორის ქალების წილი მიზერული იყო. სწორედ ამან გამიჩინა მოტივაცია ჩამომეყალიბებინა „არაპოპულარული ქალი ხელოვანების ჯგუფი“ – სივრცე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ქალი არტისტები გაერთიანდებოდნენ. ჯგუფმა წარმატებით ორგანიზება გაუწია ორი ქალი ხელოვანის გამოფენა-გაყიდვას, ხოლო ჩვენი მანიფესტაციები პარიზში, მთელ ქალაქში გავრცელდა.

ამ გამოცდილებამ მიმიყვანა კიდევ უფრო ფართო იდეამდე – მინდოდა, ჩემი ცოდნა და გამოცდილება ქართველი ქალებისთვისაც გამეზიარებინა. სწორედ ამიტომ, ფეისბუქზე შევქმენი ყველაზე დიდი ქალთა ჯგუფები: Beauty Lab, Glam Factory და Georgian Female Wellness, რომლებიც დღეს 100,000-ზე მეტ ქართველ ქალს აერთიანებს. ამ პლატფორმების მთავარი მიზანია ქალი მომხმარებლების გაძლიერება, ინფორმირება და მათთვის უკეთესი არჩევანის გაკეთებაში დახმარება.
- რა გამოწვევები შეგხვდა საქართველოში სილამაზის ინდუსტრიაში, როდესაც პროექტს იწყებდი? შენი აზრით, როგორია ქართული ბიუთი და მოდის ინდუსტრიის განვითარება – სად ვართ ახლა?
- ყველაზე დიდი გამოწვევა იყო თავდაჯერებულობის, ცნობიერების და გულისხმიერი დამოკიდებულების ჩამოყალიბება როგორც საკუთარი თავის, ისე ერთმანეთის მიმართ. სილამაზის ინდუსტრიაში ხშირად გვხვდება სტანდარტიზებული იდეალები, რაც ადამიანებს ურთულებს საკუთარი უნიკალურობის მიღებას. ასევე, დიდი ბარიერი იყო ახალი ხედვის ჩამოყალიბება და მისი მიღება საზოგადოების მხრიდან. ქართულ ბაზარზე ჯერ კიდევ ჭარბობდა ტრადიციული მიდგომები. ეს პროცესი ნელი იყო და საჭიროებდა დროს, რადგან ცნობიერება და ნდობა უნდა გამოგვემუშავებინა. თუმცა, შედეგები საბოლოოდ დადებითია – დღეს ეს მიმართულებები საქართველოში უფრო თამამი, თანამედროვე და თვითმყოფადია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაღრმავდეს და გლობალურ დონეზე გავრცელდეს.
- მარიამ, რომელი პროექტით ხარ ყველაზე მეტად ამაყი?
- ყველაზე მეტად იმ ნდობით ვარ ამაყი, რომელიც წლების განმავლობაში ქალებისგან და კომპანიებისგან მოვიპოვე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩემი საქმიანობა მხოლოდ კომერციულ წარმატებაზე არ არის დაფუძნებული – მასში ადამიანებთან ურთიერთობა, მათთვის რეალური ღირებულების შექმნა და შთაგონების მიცემაც შედის. მიხარია, რომ არაერთხელ მომეცა შესაძლებლობა გამემართა საჯარო ლექციები და გამეცნო უსაზღვროდ საინტერესო ქალები. თუ ჩემმა სიტყვებმა ან საქმიანობამ თუნდაც ერთი ადამიანი შთააგონა და მოტივაცია მისცა, ეს ჩემთვის უკვე უდიდესი წარმატებაა.
- კარიერულად ყველაზე რთული პერიოდი რა იყო და როგორ გადალახე?
- ალბათ, ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდები იყო დეპრესიასთან გამკლავება. არ არსებობს ერთი კონკრეტული გზა, რომელიც ყველასთვის მუშაობს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში, რამდენიმე მეთოდის კომბინაცია დამეხმარა. თერაპია, ფიზიკური აქტივობა, პირადი გამოცდილების გაზიარება და ჩემი სამოტივაციო დღიური დაგეგმე ის მთავარი ინსტრუმენტები გახდა, რომლებიც ამ პროცესში მხარდამჭერი აღმოჩნდა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ შეგრძნების გადალახვა, რომ ამ ბრძოლაში მარტო ვიყავი. როცა საჯაროდ გავაზიარე ჩემი გამოცდილება, მივხვდი, რამდენად ბევრ ადამიანს აქვს მსგავსი სირთულეები. ეს კავშირი, გულწრფელი დიალოგი და ურთიერთგაგება ძალიან დამეხმარა არა მხოლოდ საკუთარ თავთან გამკლავებაში, არამედ სხვებისთვისაც მცირედი მხარდაჭერის გაწევაში.
- ახლა ამერიკაში ცხოვრობ, რა იყო შენი მთავარი მოტივაცია, რომ კიდევ ერთხელ დაგეტოვებინა საქართველო?
- მგონია რომ სამი წელი საქართველოში ყოფნის შემდეგ, მაგისტრატურის უცხოეთში გაგრძელება გადამწყვეტი იყო ჩემი მომავლისათვის. ამით თითქოს იმ საწყისს დავუბრუნდი, რომელიც ყოველთვის მეძახდა. ნიუ იორკის ხელოვნების აკადემიაში მაგისტრატურის გავლა საშუალებას მაძლევს პირდაპირი შეხება მქონდეს მსოფლიო დონის რესურსებთან, საოცარ ფაკულტეტთან, რომელიც აღიარებული ხელოვანები არიან და ნიუ-იორკის სახელოვნებო სცენის მრავალფეროვან კურატორთა და კოლექციონერთა საზოგადოებასთან.

- სამშობლოში დატოვე კარიერა, პროექტები – რამდენად რთული იყო ეს გადაწყვეტილება?
- ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო. პროექტები, რომლებიც საქართველოში დავიწყე, ჩემთვის მხოლოდ პროფესიული მიღწევები კი არა, ძალიან ემოციური წამოწყებები იყო. თითოეული მათგანი დროის, ენერგიისა და სიყვარულის შედეგია. თუმცა, ვაცნობიერებდი, რომ ეს გამოცდილება საშუალებას მომცემდა უფრო ფართოდ მემოქმედა და მომავალში ჩემი ცოდნა და კავშირები ისევ საქართველოსთვისაც გამომეყენებინა.
- რა განსხვავებაა ქართულ და ამერიკულ ხელოვნების სფეროს შორის?
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება არის მასშტაბი და ხელოვნების ბაზრის ფორმირება. ამერიკაში, განსაკუთრებით ნიუ-იორკში, ხელოვნება დიდწილად ეკონომიკურად მართულია – არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული გალერეების სისტემა, კოლექციონერთა ბაზარი და საერთაშორისო პლატფორმები, სადაც ხელოვანები მუდმივად უნდა იყვნენ აქტიურები, რათა თავიანთი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას წარუდგინონ.
საქართველოში კი ხელოვნების სცენა უფრო ინტიმურია, ხშირად უფრო ექსპერიმენტული და დამოუკიდებელი. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური მხარდაჭერა და ინფრასტრუქტურა შედარებით შეზღუდულია, ქართული ხელოვნება უფრო ინდივიდუალური და თავისუფალია კომერციული ზეწოლისგან.

ორივე გარემოს თავისი ძლიერი მხარე აქვს, და ჩემი მიზანია, ამ გამოცდილებების შეჯვარებით შევქმნა უფრო მდგრადი და ინოვაციური პლატფორმა როგორც ჩემთვის, ისე სხვა ხელოვანებისთვის.
- საქართველოში შენ მიერ შექმნილი ბრენდები და პროექტები დღეს როგორ ვითარდებიან?
- Glam Factory და სხვა პროექტები განაგრძობენ განვითარებას, და მიუხედავად იმისა, რომ ახლა ფიზიკურად საქართველოში არ ვიმყოფები, ყოველთვის ვცდილობ, მათთან კავშირი შევინარჩუნო.
ხუთი წლის წინ ჩემი ნახატებით შევქმენი ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური სილამაზის ყუთი – GlamBox, რომელიც აერთიანებს ბაზარზე არსებულ სხვადასხვა კომპანიებს, მათ პროდუქტებს, ხელოვნებას და პერსონალურ საჩუქარს ჩემგან. ამ კონცეფციით, GlamBox არა მხოლოდ სილამაზის პროდუქციის ერთობლიობაა, არამედ ხელოვნებისა და პერსონალიზაციის გამოცდილებაც, რაც მას განსხვავებულსა და განსაკუთრებულს ხდის.

ასევე, უკვე ოთხი წელია, ვუშვებ სამოტივაციო დღიურს დაგეგმე, რომელიც მთლიანად გაფორმებულია ჩემი ნამუშევრებით და მოიცავს პერსონალურ სამოტივაციო მესიჯებს. მიხარია, რომ ეს დღიური ბევრი ადამიანის ყოველდღიურობას ცვლის უკეთესობისკენ და ეხმარება მათ საკუთარი მიზნების უკეთ განსაზღვრასა და მოტივაციის შენარჩუნებაში.
- როგორ ხედავ საკუთარ მომავალს – დაბრუნდები საქართველოში თუ ამერიკაში გინდა დარჩენა?
- ამ ეტაპზე ჩემი კარიერა ამერიკაში ვითარდება, მაგრამ საქართველო ყოველთვის ჩემი ნაწილია. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო გამოცდილება მაძლევს შესაძლებლობას, შევიძინო ცოდნა და კავშირები, რომლებიც მომავალში ჩემს ქვეყანასაც გამოადგება. გრძელვადიან პერსპექტივაში, ვგეგმავ დაბრუნებას, რათა ჩემი უნარებითა და გამოცდილებით წვლილი შევიტანო საქართველოს კულტურულ განვითარებაში. ასევე მსურს, აქტიურად მივიღო მონაწილეობა საქართველოში ქალებისთვის უკეთესი რეალობის შექმნაში.

- დასასრულს, რას გეგმავ 2025 წელს – ახალი პროექტები, კარიერული ნაბიჯები, პირადი გეგმები?
- 2025 წელი იქნება ახალი შესაძლებლობების წელი. ვიღებ ხელოვნების მაგისტრის ხარისხს და ვმუშაობ ახალ პროექტებზე, რომლებიც ჩემს პროფესიულ ზრდას კიდევ უფრო განავითარებს. ვგეგმავ დაგეგმე-ს ინგლისურენოვანი შვილობილი ბრენდის Bemaind განვითარებას, რათა მისი კონცეფცია უფრო ფართო აუდიტორიას მიაწვდინოს.
ასევე, ვაპირებ ახალი სახელოვნებო პროექტის დაწყებას ნიუ-იორკში, რაც ჩემთვის ახალ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. როგორც ყოველთვის, მჯერა, რომ ზრდა მხოლოდ მოულოდნელობებსა და ახალ შესაძლებლობებშია.