ამერიკულმა ტაბლოიდმა New York Post -მა გაავრცელა ექსკლუზიური რეპორტაჟი, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ წერს.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
თუმცა, პუბლიკაციის ავტორი სხვა დეტალებს არ გვაწვდის. ჟურნალისტი ასევე არ აკონკრეტებს კონკრეტულად როდის განხორციელდა ეს ზარი.
კითხვაზე, თუ რამდენჯერ ესაუბრა ტრამპი პუტინს? - ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა: “მირჩევნია გავჩუმდე“, - რაც ცხადყოფს, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.
უცნობია, თუ როდის ესაუბრა პუტინს ან რამდენ ხანს გაგრძელდა სატელეფონო დიალოგი.
აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა წინამორბედი, ჯო ბაიდენი და მას "ერის სირცხვილი" უწოდა.
"მე მაქვს ომის დასრულების გეგმა და იმედია, რომ ეს სწრაფად მოხდება. ხალხი ყოველ დღე კვდება", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
გარდა ამისა, New York Post-ის ჟურნალისტის თქმით, ტრამპმა განაცხადა, რომ მას აქვს კონკრეტული გეგმა ომის დასასრულებლად.
“იმედი მაქვს, რომ ეს სწრაფად მოხდება. ხალხი ყოველდღე კვდება. ეს ომი ძალიან ცუდია უკრაინისთვის. მინდა დავასრულო ეს წყეული [ომი]," - აცხადებს ტრამპი.
“მოდით, დავიწყოთ ეს შეხვედრები. მათ სურთ შეხვედრა. ხალხი ყოველდღე კვდება. ახალგაზრდა, სიმპათიური ჯარისკაცები იღუპებიან. ისეთივე ახალგაზრდები, როგორიც ჩემი ვაჟია. ეს ორივე მხარეს ხდება“, - წერია სტატიაში.
ამასთანავე, მოუხედავად ტრამპის განცხადებისა იმის შესახებ, რომ “პუტინს სურს ხალხი აღარ იხოცებოდეს“ - დღეს, დილის საათებში რუსეთმა უკრაინის ქალაქები ისევ დაბომბა.
დონეცკის ოლქში სულ მცირე ექვსი ადამიანი დაშავდა. რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმს შაჰედის დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც მაღალსართულიანი შენობები და ავტომობილები დაზიანდა, დაშავდა ერთი ადამიანი.
აღნიშნული ინფორმაციის შეფასებისას, პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ის არ ფლობს ინფორმაციას გავრცელებულ დეტალებზე.
“ვაშინგტონის ადმინისტრაცია აგრძელებს თავის მუშაობას. არსებობს მრავალი განსხვავებული კომუნიკაციის გზები და ეს კომუნიკაციები სხვადასხვა არხებით მიმდინარეობს. ამ გზების სიმრავლის ფონზე, შესაძლოა რაღაც არ ვიცოდე. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ვერც ვადასტურებ და ვერც უარვყოფ აღნიშნულ ინფორმაციას“, - განუცხადა პესკოვმა საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსს“.
ამავდროულად, გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ კვირას სააგენტო RIA Novosti- თან ინტერვიუში გაიმეორა მოსკოვიდან არაერთხელ გაჟღერებული ფორმულა, რომ მოსკოვი ელოდება "სიგნალებს" ვაშინგტონისგან უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესახებ და მზადაა კონტაქტებისთვის, თუმცა “რუსული ინტერესების გათვალისწინებით".
თავად უოლცმა უარი თქვა ტრამპისა და პუტინის საუბრის შესახებ არსებული ინფორმაციის დადასტურებაზე. - მისი განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები, მათ შორის თავდაცვის მდივანი, ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში ამ კვირაში ევროპაში გაემგზავრებიან.
“ომის დასრულების შემდეგ, ევროპულ ქვეყნებს მოუწევთ დაეუფლონ ამ კონფლიქტს. უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით, ის ნამდვილად ევროპელებთან იქნება“, - აღნიშნა უოლცმა.
ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი ბობ ვუდვორთი თავის წიგნში “ომი“ წერდა, რომ 2021 წელს თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, ტრამპი პუტინს მინიმუმ შვიდჯერ ესაუბრა. ამ საუბრების შინაარსის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
როგორც Reuters იხსენებს, კრემლმა ვუდვორთის ინფორმაციას სიმართლესთან შეუსაბამო უწოდა.
თუმცა, 2024 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, ამერიკულმა გაზეთმა Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია პუტინთან მისი სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც, მათი ინფორმაციით, 7 ნოემბერს შედგა. როგორც გამოცემაშია აღნიშნული, ეს იყო პირველი კონტაქტი პუტინსა და ტრამპს შორის არჩევნების შემდეგ. როგორც გაზეთს ერთ-ერთმა წყარომ უთხრა, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა მოუწოდა რუსეთის ლიდერს "არ გაამწვავოს ომი უკრაინაში.“
“ტრამპმა ასევე გამოთქვა სურვილი “მალე განიხილოს უკრაინის ომის რეზოლუცია“, - განუცხადა წყარომ Washington Post-ს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ საჭიროა, ტრამპი ჯერ მას შეხვდეს და შემდეგ პუტინს.
“ეს ძალიან მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ დიალოგს დაემსგავსება”, - განუცხადა მან “როიტერს“.
იხილეთ ასევე: