ავტორი:

რატომ არ უყვარდა ტრამპს იაპონია და რა დგას "ტარიფების აკვიატების" უკან - "90-იან წლებში იახტით აზიაში გაემართა და.."

რატომ არ უყვარდა ტრამპს იაპონია და რა დგას "ტარიფების აკვიატების" უკან - "90-იან წლებში იახტით აზიაში გაემართა და.."

1990-იან წლებში, როდესაც დონალდ ტრამპის ბიზნესს რთული პერიოდი ჰქონდა და მას სასწრაფოდ სჭირდებოდა ფინანსური რესურსების მოძიება, ის 85-მეტრიანი იახტით Trump Princess აზიაში გაემართა იაპონელი მდიდარი ინვესტორების მოსაზიდად. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც ტრამპი იაპონელ მყიდველებს ან კრედიტორებს ეძებდა თავისი პროექტებისთვის.

ნიუ-იორკის უძრავი ქონების დაუნდობელ სამყაროში ტრამპი თავის ცათამბჯენიდან აკვირდებოდა, როგორ ყიდულობდა ტოკიო 1980-იან წლებში ამერიკული ბრენდებსა და საკულტო შენობებს, მათ შორის როკფელერ ცენტრს. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა მისი ხედვა ვაჭრობისა და ამერიკის მოკავშირეებთან ურთიერთობის შესახებ, ასევე გაჩნდა მისი დაინტერესება იმპორტის გადასახადებით - ტარიფებით.

  • "მას იაპონიის მიმართ დიდი ანტიპათია ჰქონდა," - ამბობს Trump Organization-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ბარბარა რესი.

მისი თქმით, ტრამპი შურით უყურებდა იაპონელ ბიზნესმენებს, რომლებსაც გენიოსებად მოიხსენიებდნენ. მას მიაჩნდა, რომ აშშ საკმარისს ვერ იღებდა იმ სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, რომელსაც იაპონიას უწევდა.

ტრამპი ხშირად ჩიოდა, რომ დიდი იაპონური კომპანიების წარმომადგენლებთან მოლაპარაკება მისთვის რთული იყო.

"დავიღალე იმით, რომ სხვა ქვეყნები ამერიკას ატყავებენ".

ეს სიტყვები თითქოს 2016 წელს წარმოთქვა, მაგრამ სინამდვილეში ის 1980-იან წლებში CNN-ის ეთერში, ლარი კინგის შოუში თქვა. ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც პირველად დაიწყო საუბარი პოლიტიკაში შესაძლო მოსვლაზე.

1987 წელს ტრამპმა გამოსცა თავისი წიგნი "გარიგების ხელოვნება", სადაც ბიზნესფილოსოფია აღწერა. იმავე პერიოდში, ოპრა უინფრის შოუში მან განაცხადა, რომ მისი საგარეო პოლიტიკა იქნებოდა განსხვავებული და მოკავშირეებს აიძულებდა, „გადაეხადათ სამართლიანი წილი“.

ტრამპი ამტკიცებდა, რომ იაპონია დათმობებზე არ მიდიოდა და მხოლოდ საკუთარი პროდუქციის ექსპორტს ახორციელებდა აშშ-ში, მაშინ როცა ამერიკულ კომპანიებს იაპონური ბაზარი დახურული ჰქონდათ.

პირველი პოლიტიკური განცხადება

დონალდ ტრამპმა 100,000 დოლარი დახარჯა იმისთვის, რომ აშშ-ის წამყვან გაზეთებში მთელი გვერდის სარეკლამო ადგილი შეეძინა და იქ „ღია წერილი“ გამოექვეყნებინა.

წერილის სათაური იყო:"აშშ-ის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაში არაფერი ისეთი არ არის, რასაც ცოტაოდენი სიმამაცით ვერ შევცვლიდით.“

მთავარი მესიჯი იყო ის, რომ იაპონია და სხვა ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში სარგებლობდნენ იმ უპირატესობებით, რასაც ამერიკა აძლევდა.

„იაპონელებმა, რომლებსაც არ აწუხებთ თავდაცვის უზარმაზარი ხარჯები (რადგან ამას ამერიკა უფასოდ აკეთებს), შექმნეს ძლიერი და დინამიური ეკონომიკა უპრეცედენტო პროფიციტით.“

ტრამპი თვლიდა, რომ გამოსავალი მარტივი იყო - ამ ქვეყნებისთვის იმპორტზე გადასახადის დაწესება.

"მთელი მსოფლიო იცინის ამერიკელ პოლიტიკოსებზე, როდესაც ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ ისეთი გემები, რომლებიც არ გვეკუთვნის, რომლებსაც გადაჰქონდათ ნავთობი, რომელიც არ გვჭირდება, იმ მოკავშირეებისთვის, რომლებიც კრიტიკულ მომენტში დახმარებას არ გაგვიწევენ,“ - წერდა ის.

ისტორიკოსი ჯენიფერ მილერის თქმით, ეს წერილი ტრამპის საგარეო პოლიტიკის საფუძვლად იქცა. ტრამპს მტკიცედ სწამდა, რომ მოკავშირეები მხოლოდ მოიხმარენ ამერიკულ რესურსებს და არაფერს გასცემენ სანაცვლოდ.

  • ტარიფები როგორც პოლიტიკური იარაღი

ტრამპის ხედვის ნაწილი ყოველთვის იყო უფრო აგრესიული და პროტექციონისტული სავაჭრო პოლიტიკა.

"ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მას ასე უყვარს ტარიფები, არის ის, რომ ეს არა მხოლოდ მის ბიზნესფილოსოფიას შეესაბამება, არამედ საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ისინი როგორც შანტაჟის იარაღი" - ამბობს მილერი.

რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის ვაჭრობის საკითხებში მრჩეველი კლაიდ პრესტოვიცი, რომელიც იმ პერიოდში იაპონიასთან მოლაპარაკებებს უძღვებოდა, ამბობს, რომ სერიოზული ეკონომისტები ტრამპის პოზიციას არასერიოზულად უყურებდნენ.

"ტარიფები თვალსაჩინო მოქმედებაა, რომელიც შეიძლება გაასაღო როგორც გამარჯვება: 'ნახეთ, როგორ დავარტყი იმათ!' მაგრამ ისინი რეალურად შედეგიანია თუ არა, ეს სხვა საკითხია" - ამბობს ის.

პრესტოვიცი თვლის, რომ ამერიკის პრობლემა მაშინაც და ახლაც ერთია: მიუხედავად პრეტენზიებისა, რომ ვაჭრობა არათანაბარია, აშშ-ს არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინდუსტრიული პოლიტიკა.

ჩინეთი - ახალი მოწინააღმდეგე

იაპონიის ეკონომიკური აღმავლობის შიში დროთა განმავლობაში გაქრა, და დღეს ის აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა.

მაგრამ ჩინეთი, რომელსაც აშშ ახლა მთავარი კონკურენტად აღიქვამს, იმავე გამოწვევას წარმოადგენს, რაც იაპონია იყო 1980-იან წლებში.

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ერთ-ერთი პირველი შეხვედრა სწორედ იაპონიის პრემიერ-მინისტრთან გამართა.

თუმცა, მისი პოლიტიკა ისეთივე დარჩა, როგორც მაშინ, როდესაც ის ახალგაზრდა ბიზნესმენი იყო. ტრამპს ისევ მტკიცედ სწამს, რომ ტარიფები სხვა ქვეყნებზე ზეწოლის საუკეთესო საშუალებაა და მათი დახმარებით შეიძლება როგორც ვაჭრობის დარეგულირება, ისე დეფიციტის შემცირება.

"ის ამას უკვე 40 წელია ამბობს და კვლავ იმავეს იმეორებს,“ — ამბობს მაიკლ სტრეინი, ეკონომისტი American Enterprise Institute-დან.

სტრეინი აღნიშნავს, რომ სტუდენტებიც ხშირად იზიარებენ ტრამპის ეკონომიკურ მოსაზრებებს, რადგან მათთვის ინტუიციურად მისაღებია, რომ „იმპორტი ცუდია“ და „ეკონომიკამ უნდა იმუშავოს ისე, რომ ქვეყანამ მხოლოდ ის საქონელი შემოიტანოს, რომელსაც თავად ვერ აწარმოებს“.

მაგრამ, მისი აზრით, ეს შეხედულება მცდარია.

"ტარიფების მუქარა მოკავშირეების მიმართ ბიზნესს აფრთხობს, ამცირებს ინვესტიციებს და აყენებს ზიანს საერთაშორისო ალიანსებს,“ — ამბობს ის.

თუმცა, ყოფილი თეთრი სახლის ეკონომიკური მრჩეველი ჯოზეფ ლავორნა მიიჩნევს, რომ ტრამპის მიდგომა ლოგიკურია:

"თავისუფალი ვაჭრობა კარგი იდეაა თეორიულად, მაგრამ რეალურ სამყაროში თქვენ გჭირდებათ სამართლიანი ვაჭრობა და თანაბარი პირობები,“ — ამბობს ის.

ტრამპი კვლავ რჩება რესპუბლიკური პარტიის ლიდერად, და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ კონსერვატორს ტარიფების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს, საჯაროდ არავინ ეწინააღმდეგება მას.

თუმცა, ზოგიერთი მათგანი იმედოვნებს, რომ ტრამპი ბოლომდე არ განახორციელებს თავის საყვარელ პოლიტიკას — იმპორტის ტარიფების გაზრდას.

წყარო