ავტორი:

მესტიაში სასტუმროს მენეჯერად მუშაობდა, შემდეგ კი ბრძოლის ველზე აღმოჩნდა - ვინ არის უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი ქალი, რომელსაც რუსებმა 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მესტიაში სასტუმროს მენეჯერად მუშაობდა, შემდეგ კი ბრძოლის ველზე აღმოჩნდა - ვინ არის უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი ქალი, რომელსაც რუსებმა 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ქართველ მებრძოლ გვანცა გელაშვილს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებში იბრძვის.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, გელაშვილი დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მესამე ნაწილით (დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში).

გელაშვილის ბრალდება და მისი საქმიანობა უკრაინაში

როგორც ადგილობრივი მედია წერს, მისი საქმიანობა ძირითადად მოიცავდა მოტორიზებულ ქვედანაყოფებში მონაწილეობას, ასევე სპეციალიზებულ დივერსიულ და სადაზვერვო ოპერაციებს. მას ასევე გაიარა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების კურსი და მიიღო სამხედრო სკოლის სერტიფიკატი.

გამოძიების მიხედვით, გელაშვილი 2024 წლის ოქტომბრამდე აგრძელებდა ბრძოლას უკრაინის მხარეს.

  • "ომის ანგელოზები" - ასე მოიხსენიებენ უკრაინაში მებრძოლ ქართველ ქალებს დასავლურ მედიაში. ჟურნალმა Forbes-მა უკვე არაერთი სტატია მიუძღვნა ქართველ მედიკოსებსა და მეომრებს. გვანცა გელაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც გამორჩეული საბრძოლო უნარებით, თავგანწირვითა და გამბედაობით არაერთხელ აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში.

როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, გვანცა მესტიაში სასტუმროს მენეჯერად მუშაობდა. როგორც ამბობს, მისთვის მძიმე საყურებელი იყო დაბომბვაში მოყოლილი ბავშვები. "არანაირი ზიზღი, სიძულვილი, ეს იყო უკრაინელი ბავშვების სიბრალული და შიში იმისა, რომ აქ, საქართველოშიც, იგივე არ მომხდარიყო", - ასე ხსნის ომში წასვლის გადაწყვეტილებას გვანცა.

„გარდაბანში დავიბადე და გავიზარდე, ჩემი ოჯახი ახლაც იქ ცხოვრობს. მესტიაში მუშაობა რომ დავიწყე, 8 თვის განმავლობაში ოჯახისგან მოშორებით ვიცხოვრე. ომში ისე წავედი, დედ-მამასა და ჩემს ერთადერთ დას არაფერი ვუთხარი. პოლონეთის საზღვარზე ვიყავი, რომ დავურეკე და შევპირდი, საზღვარზე გავჩერდები, ლტოლვილებს დავეხმარები-მეთქი. საუბარი დავასრულეთ და მოულოდნელად დედას შეტყობინება მივიღე, მწერდა, შენ შენი საქმე გააკეთე და შინ ცოცხალი დამიბრუნდიო. ის სქრინი დღემდე შენახული მაქვს.“ - ჰყვებოდა გვანცა 2023 წელს კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

მებრძოლი, პირველი ქალი იყო, რომელიც „ქართული ლეგიონში“ ჩაირიცხა.

"ხუთი კაცი ოპერაციაზე ვიყავით გასული, პოზიციებს ვამაგრებდით და დაბომბვა დაიწყო. სასწრაფოდ უნდა გაგვეთხარა ორი სანგარი, ჩვენ კი ერთი ნიჩაბი გვქონდა. სიმწრისგან მეორე სანგრის თხრა დანით დავიწყე. ამ დროს ჭურვის ნამსხვრევმა არტერიასთან ჩამიარა და მიწაში ჩაერჭო. ისეთი განცდა მქონდა, რომ ღმერთმა ხელი გადამაფარა. სწორედ იმ დროს დაიღუპა პირველად ჩემი თანამებრძოლი, ოცმეთაური. მან გაგვიყვანა პოზიციაზე და თავად საჭირო ნივთების მოსატანად წავიდა. სამწუხაროდ, უკან ვეღარ დაბრუნდა. მაშინ ვიგრძენი, რა საშინელებაა შენიანის სიკვდილი. მეორედ მანქანაში ავფეთქდი და ცხვირი დამიზიანდა. მას შემდეგ უარესი ამბები ვნახე და გადავიტანე.“

გვანცა გელაშვილი პირველი ქართველი მებრძოლი არ არის, რომელიც რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ გაასამართლა. ორი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ “ქართული ლეგიონის“ მეთაურს მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

“ქართული ლეგიონის“ მეთაურის გარდა, ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კიდევ სამ ქართველ მებრძოლს: გიორგი რუსიტაშვილს, ნოდარ პეტრიაშვილსა და ვანო ნადირაძეს.