ავტორი:

საიდუმლო, რომელიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ფოტოს მიღმა იმალება - რა არის მასზე აღბეჭდილი და რა მოხდა კალვინში ათწლეულების წინ

საიდუმლო, რომელიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ფოტოს მიღმა იმალება -  რა არის მასზე აღბეჭდილი და  რა მოხდა კალვინში ათწლეულების წინ

1990 წლის აგვისტოს ნისლიან საღამოს, ორმა კაცმა, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში კალვინის მიმდებარედ, ველზე ლაშქრობდნენ, თქვა, რომ ალმასის ფორმის გიგანტური საფრენი აპარატი დაინახეს, რომელიც მათ თავზე დაფრინავდა. მამაკაცები ჰყვებოდნენ, რომ საფრენი აპარატი არ ტოვებდა კვალს, იყო უხმო და თითქოს მათ გადაადგილებას ზღუდავდა. შეშინებულები ხის უკან დაიმალნენ.

  • შემდეგ Harrier-ის ვერტმფრენი გამოჩნდა, რომელიც "ალმასს" უტრიალებდა. ერთ-ერთმა კაცმა რამდენიმე ფოტო გადაიღო, სანამ უცნაური ხომალდი ვერტიკალურად არ გაფრინდა და გაუჩინარდა.

მოლაშქრეებმა, რომლებიც მზარეულებად მუშაობდნენ, გამოცემა Daily Record-ს უჩვეულო საფრენი ობიექტის ექვსი ფოტო გაუგზავნეს და თავიანთი ისტორია უამბეს, თუმცა ეს ფოტოები და ამბავი გაზეთში არასდროს გამოქვეყნებულა, რადგან რედაქციაში ჩათვალეს, რომ ყალბი ისტორია იყო. უცნობია ასევე კონკრეტულად ვინ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ფოტოები გადაიღეს.

ცნობილია, რომ Daily Record-ის რედაქტორი, სამეფო საჰაერო ბაზის პრეს-ოფიცერს, ქრეიგ ლინდსს დაუკავშირდა და ფოტოები აჩვენა.

  • ლინდსს მანამდე არასდროს ენახა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ასეთი მკაფიო ფოტო, ამიტომ მან ფოტოები თავდაცვის სამინისტროს გადაუგზავნა. უწყებამ მას უთხრა, რომ საქმე მათთვის მიენდო, თუმცა შემდეგ ამ თემაზე აღარ უსაუბრიათ.

აღნიშნულ საკითხს 1996 წლიდან სწავლობდა პროფესორი დევიდ კლარკი. მისი თქმით, კვლევისას აღმოაჩინა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ ფოტოებს სხვადასხვა ტიპის ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლითაც მტკიცდება რომ ის გაყალბებული არაა, თუმცა ვერავინ დაადგინა რასთან ჰქონდათ რეალურად საქმე. კლარკის თქმით, თავდაცვის სამინისტროს მიერ უცნობი მფრინავი ობიექტის საქმე დახურული იყო.

"ობიექტი აუხსნელია, საქმე დახურულია, შემდგომი მოქმედება არ არის საჭირო", - ეწერა ამოუცნობი ობიექტის შესახებ ფაილს.

შემდეგი ათწლეულის განმავლობაში, უცნობი მფრინავი ობიექტების ფაილების დასათვალიერებლად კლარკი ეროვნულ არქივებში ვიზიტებს აგრძელებდა. 2018 წელს კი იპოვა ის ადამიანი, ვისაც წარსულში ამ ფოტოების შესწავლა ჰქონდა დავალებული. ეს იყო თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი..

  • ის მკვლევრის ვინაობას არ ამხელს, თუმცა ამბობს, რომ უცნობ მფრინავ ობიექტებზე მონადირეს ჰკითხა, თუ უნახავს რაიმე "ნამდვილად აუხსნელი" თავდაცვის სამინისტროში მუშაობისას. დაზვერვის ოფიცერმა დაუყოვნებლივ ახსენა ორი მოლაშქრე, რომლებმაც 1990 წელს უცნაური ობიექტის ფოტოები გადაიღეს და სურათები გაზეთს გაუგზავნეს. ოფიცერმა კლარკს უთხრა, რომ ფოტოებმა სამინისტროში აურზაური გამოიწვია.

კლარკი 2019 წელს სამეფო საჰაერო ბაზის უკვე ყოფილ პრეს-ოფიცერს, ქრეიგ ლინდსს დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა - "წლებია ველოდებოდი, რომ ამ თემაზე ვინმე დამირეკავდა." მან კლარკს ამოუცნობი ობიექტის ფოტოების ასლები გადასცა. ფოტოები ენდრიუ რობინსონმა, შეფილდ ჰალამის ფოტოგრაფიის უფროსმა ლექტორმა შეისწავლა, გააანალიზა და მისი ავთენტურობა დაადასტურა - ფოტოები რეალური იყო.

კლარკმა ფოტოები 2022 წელს გამოაქვეყნა და ისტორია ვირუსულად გავრცელდა. მაგრამ მან საზოგადოებისგან ერთი მნიშვნელოვანი დეტალი დამალა. კალვინის ფოტოს უკანა მხარეს იყო შენიშვნა და წითელი მელნით ეწერა - "საავტორო უფლება: კევინ რასელი, Daily Record GLASGOW-ს ეგიდით."

კლარკი ფიქრობდა, რომ ნაკლებად სავარაუდო იყო, სასტუმროს შეფ-მზარეულს საავტორო უფლების მოთხოვნაზე ეფიქრა, შესაძლოა, იქნებ რასელი საერთოდაც Daily Record-ის ფოტოგრაფი იყო, რომელიც საქმეში ჩაერთო, ან შესაძლოა, სახელი ფოტო რედაქტორმა მიაწერა. მან გადამოწმება გაზეთთან სცადა, იქ კი უთხრეს, რომ მათთან კევინ რასელს არასდროს უმუშავია, არც როგორც თანამშრომელს და არც - როგორც ფრილანსერს.

კლარკმა რასელის სახელი იმ იმედით დამალა, რომ ის თავად გამოჩნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მან და კოლეგებთან ერთად 140-კაციანი სია შეადგინეს - იმ ადამიანების, რომლებსაც სახელად კევინ რასელი ერქვათ. მივიდნენ კევინ რასელთან, რომელიც იმ რაიონში სამზარეულოში მუშაობდა, მაგრამ მან უცნობი მფრინავი ობიექტის შესახებ ყოველგვარი ცოდნა უარყო.

დღემდე უცნობია იმ ადამიანების ვინაობა, რომლებმაც ფოტოები გადაიღეს. ასევე, კვლავ უცნობია, რა არის აღბეჭდილი ამ ფოტოებზე. ზოგიერთი უფოლოგი ფიქრობს, რომ რადგან ობიექტი არ ჰგავს არც ერთ ცნობილ მიწიერ ხომალდს, ის უცხოპლანეტელთა ხომალდი უნდა იყოს, ან შესაძლოა, ხომალდი, რომელიც დედამიწაზე ჩამოვარდნილი უცხოპლანეტელთა ხომალდის საფუძველზე შეიქმნა. სხვები ამბობენ, რომ ეს Aurora-ს არსებობის მტკიცებულებაა, სავარაუდო სადაზვერვო ხომალდის, რომელიც აშშ-ის სამხედროების საიდუმლო განყოფილების მიერ შეიქმნა, რომელიც სავარაუდოდ, ავიაციის ტექნოლოგიაში მნიშვნელოვან წინსვლებზეა პასუხისმგებელი. თუმცა, პროგრამის არსებობის მცირე მტკიცებულება არსებობს.

ზოგიერთი სკეპტიკოსის აზრით, შესაძლოა ფოტოზე მხოლოდ მუყაოს ბურთს ვხედავდეთ, რომელიც ძაფზეა მიმაგრებული და ხის ტოტზეა ჩამოკიდებული ან შესაძლოა, ეს სულაც ოპტიკური ილუზია იყოს.

უჩვეულოა ის ამბავიც, რომ თავდაცვის სამინისტრომ რეალურად ხელი შეუშალა ფოტოების გავრცელებას მედიაში და ასევე ყველაფერი გააკეთა, რომ მისი გამოძიების საქმე რაც შეიძლება სწრაფად დახურულიყო.

  • ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც ყველა სპეკულაციის დასრულება შეუძლია, თავდაცვის სამინისტროა, წერს "გარდიანი" და აღნიშნავს, რომ უწყებაში აღნიშნულ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

წყარო