ჩრდილოეთ კორეაში ტელემაყურებლებს ძირითადად საომარი ფილმების ყურება უწევთ - ფილმების, სადაც მხოლოდ ერთი გამარჯვებულია; ახალი ამბები რევოლუციური ენთუზიაზმითა და კიმების დინასტიის პროპაგანდითაა სავსე.
იანვარში, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ, სახელმწიფო მაუწყებელმა, კორეის ცენტრალურმა ტელევიზიამ (KCTV), მატჩების ტრანსლაცია დაიწყო, თუმცა ეს ფხენიანის რეჟიმის ცენზორების მძიმე ჩარევით მოხდა.
ვებსაიტ 38 North აქვეყნებს ანგარიშს, სადაც აღწერილია, როგორ უყურებენ ჩრდილოეთ კორეელები პრემიერ ლიგურ მატჩებს.
ანგარიშის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეაში სრულად არის უგულებელყოფილი მატჩებზე საავტორო უფლებები. ჩრდილოეთ კორეას არ აქვს პრემიერ ლიგის მატჩების ტრანსლაციის უფლებები - ეს შეთანხმება შეიძლება არღვევდეს საერთაშორისო სანქციებს, რომლებიც ქვეყნის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების წინააღმდეგაა მიმართული. "როგორ იღებს KCTV კადრებს, საიდუმლოა," - ნათქვამია ანგარიშში.
გაშუქება არ არის ყოვლისმომცველი. როგორც წესი, 90-წუთიანი მატჩი ერთ საათამდეა დამონტაჟებული, ინგლისურ ენაზე ეკრანის გრაფიკა კორეულითაა გადაფარული. სხვა ლოგოები ვიდეოზე დაბლარულია, სავარაუდოდ, იმ უცხოური მაუწყებლის სახელის დასაფარად, საიდანაც მატჩები აქვთ აღებული.
KCTV პრემიერ ლიგის 380 მატჩიდან მხოლოდ მცირე ნაწილს აჩვენებს, და ისინი, რომლებიც გადაიცემა, როგორც წესი, მინიმუმ სამჯერ მეორდება. 2023-2024 წლების სეზონიდან მხოლოდ 21 მატჩი აჩვენეს.
როგორც წინა წლებში, ნაკლებად სავარაუდოა, ჩრდილოეთ კორეელმა მაყურებლებმა ოდესმე გაიგონ პრემიერ ლიგის ტიტულის ბედი, რადგან მატჩებს თანმიმდევრობით არ აჩვენებენ.