რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
ისინი სკანდირებენ: "თავისუფლება პოლიტპატიმრებს, ცეცხლი ოლიგარქიას!"
აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, გათავისუფლდეს "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი, რომელიც პროტესტის ნიშნად 31-ე დღეა შიმშილობს.
უწყვეტი პროტესტის 76-ე დღეს აქციის მონაწილეები ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
არსებული ინფორმაციით, დღევანდელი აქცია დაკავებულ ძმებ ტერიშვილებს ეძღვნებათ. მოქალაქეები ამბობენ, რომ გია ტერიშვილი რეჟიმმა ციხეში უსაფუძვლოდ გამოკეტა და ახლა მას სოლიდარობას უცხადებენ.
რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან სინდისის პატიმრის, გია ტერიშვილის ოჯახის წევრებიც.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან მომიტინგეები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან მოვიდნენ. ისინი პროტესტის საერთო მოთხოვნებთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხალხისთვის დაბრუნებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ხალხის ფულით დაფინანსებულ ტელევიზიაში ხალხის ხმა არ ისმის.
"მოუსმინეთ ხალხის ხმას, ხალხი ითხოვს სამართალს" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას ცოტა ხნის წინ შემოუერთდნენ. მათ სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ ადგილზე მოტანილი.