რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაბომბვის შედეგად ქალაქის სამ რაიონში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. ქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, არის ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული. დაშავებულებს შორისაა 9 წლის გოგონა.
კლიჩკოს განცხადებით, გარდაცვლილი და დაშავებულები “ობოლონსკის“ რაიონიდან არიან. 9 წლის გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ობოლონსკის რაიონში ამ დრომდე ერთი დაღუპულია. სამი დაშავებული ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთს კი ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება", - აღნიშნა მერმა.
დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ გოლოსეევსკის და პოდოლსკის რაიონებში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა.
გოლოსეევსკის, პოდოლსკისა და სვიატოშინსკის რაიონებში გაჩენილი ხანძრების შესახებ წერს კიევის მერი, ვიტალი კლიჩკოც. ობოლონსკში ხანძარი ინდუსტრიულ ზონაში გაჩნდა, წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია მიმდებარე შენობები. სვიატოშინსკის რაიონში კი ცეცხლი ცხრასართულიანი შენობის სახურავზე გაჩნდა.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, დედაქალაქსა და ოლქში საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა ბალისტიკის წინააღმდეგ მოქმედებდა. „აი, ასე სურს პუტინს ომის დასრულება“, - აღნიშნა ერმაკმა.