აშშ-მ რუსეთიდან დააბრუნა ამერიკელი მასწავლებელი მარკ ფოგელი, რომელსაც კოლონიაში 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცის განცხადებით, “გაცვლა” მოლაპარაკებების შედეგად მოხდა. ის პროცესის დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს რუსების მხრიდან “კეთილი ნების” დემონსტრაცია და უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართული სწორი ნაბიჯი იყო.
“ბატონი უიტკოფი რუსეთის საჰაერო სივრცეს მარკ ფოგელთან ერთად ტოვებს, ამერიკელთან, რომელიც რუსეთის მიერ იყო დაპატიმრებული. პრეზიდენტმა ტრამპმა, სტივ უილტკოფმა და პრეზიდენტის მრჩევლებმა გაცვლაზე მოილაპარაკეს, რომელიც რუსებისგან კეთილ ნებას აჩვენებს და ნიშანია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ უკრაინაში სასტიკი და საშინელი ომის დასასრულებლად”, - განაცხადა უოლცმა.
“მინდა იცოდეთ რომ ამ პროცესის გმირი მერ არ ვარ - გმირი არის პრეზიდენტი ტრამპი. გმირები არიან ეს ადამიანები, რომლებიც დიპლომატიური სამსახურიდან მოვიდნენ, გმირები არიან სენატორები და წარმომადგენლები,“ - განაცხადა ფოგელმა.
“იყო დრო, როდესაც იქ ყოფნა გაუსაძლისი იყო, თუმცა - დროის გარკვეულ მონაკვეთში იქ ყოფნას ვუმკლავდებოდი. ციხის ადმინისტრაციამ საავადმყოფოში 100-ზე მეტი დღის განმავლობაში მამყოფა, გამიკეთეს 400-ზე მეტი ინექცია,“ - განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ 78 წლის ტრამპმა გათავისუფლებულ მასწავლებელს თეთრ სახლში, გათავისუფლებიდან რამდენიმე საათის შემდეგ უმასპინძლა. ვოგელის და ტრამპის შეხვედრის ამსახველი ფოტოები თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, ფოგელი 61 წლის ამერიკელი მასწავლებელია, რომელიც თითქმის ათწლეულის განმავლობაში ისტორიას ასწავლიდა მოსკოვის ანგლო-ამერიკულ სკოლაში, სადაც მის სტუდენტებს შორის ამერიკელი დიპლომატების შვილებიც იყვნენ. ის 2021 წლის აგვისტოში მოსკოვის აეროპორტში დააკავეს 17 გრამი კანაფის ტარებისთვის, რომელიც მისი ექიმის მიერ იყო რეკომენდებული “მწვავე ზურგის ტკივილის” შესამცირებლად.
2022 წელს მას რუსეთის სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2024 წლის დეკემბერში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფოგელი ოფიციალურად ცნო "უსამართლოდ დაპატიმრებულად".