ავტორი:

მასშტაბური რეიდი და დაკავებული მაფიის ბოსი: იტალიის პოლიციამ "კოზა ნოსტრას" 180-ზე მეტი წევრი აიყვანა - დგინდება "რობერტ დე ნიროსა" და "ადამიანი ობობას" ვინაობა

მასშტაბური რეიდი და დაკავებული მაფიის ბოსი: იტალიის პოლიციამ "კოზა ნოსტრას" 180-ზე მეტი წევრი აიყვანა - დგინდება "რობერტ დე ნიროსა" და "ადამიანი ობობას" ვინაობა

იტალიის პოლიციამ სიცილიური მაფიოზური კლანების წინააღმდეგ ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა. ოპერაციის მიზანია შეაჩეროს კრიმინალური დაჯგუფება "კოზა ნოსტრას" მცდელობა, აღადგინოს თავისი ხელმძღვანელობის სტრუქტურა, რომელიც ცნობილია როგორც “გუმბათი“.

რეიდში, რომელიც სამშაბათს გამთენიისას დაიწყო, მონაწილეობდა 1200 სიცილიელი კარაბინიერი, პალერმოს ანტიკრიმინალური განყოფილების ოფიცრები, კინოლოგები, ვერტმფრენის ესკადრა და სხვა იტალიური სამხედრო ნაწილები.

  • იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროსეტომ განაცხადა, რომ ოპერაციის შედეგად 180-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის “კოზა ნოსტრას“ რამდენიმე ცნობილი ფიგურა.

“მადლობა სასამართლო ხელისუფლებას, ჩვენს კარაბინიერებს, ფორმაში ჩაცმულ ქალებსა და კაცებს, სახელმწიფოს მსახურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის კანონიერებასა და უსაფრთხოებას. მოდით წინ მიზანმიმართულად წავიდეთ, რადგან მაფია აუცილებლად უნდა დავამარცხოთ“, - განაცხადა მან.

ყველა დაკავებული ეჭვმიტანილია მაფიოზური ტიპის კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობაში, მკვლელობის მცდელობაში, გამოძალვაში, ნარკოტიკებით ვაჭრობაში, იარაღის გამოყენებით დანაშაულის წაქეზებაში, უკანონო აზარტულ თამაშებში დახმარებაში და მრავალი სხვა.

კარაბინერთა კორპუსმა განაცხადა, რომ იტალიაში მაფიასთან ბრძოლას ართულებს, “კოზა ნოსტრას“ ინფორმატორების დიდი წრე, ისინი სამართალდამცავ უწყებებშიც არიან.

დაკავებულთა შორის არის რამდენიმე მაფიის ბოსი, რომლებიც სასამართლოდან ახლახან გაათავისუფლეს. ერთ-ერთი მათგანია ტომასო ლო პრესტი, რომელმაც ციხეში 12 წელი გაატარა და 2023 წელს გაათავისუფლეს.

ტომასო ლო პრესტი ცოლთან ერთად, პალერმოს ეკლესიაში. 2024 წელი

ტომასო ლო პრესტი ყურადღების ცენტრში გასულ წელს, მას შემდეგ მოექცა, რაც ქორწინების ვერცხლის წლისთავი პალერმოს ეკლესიაში აღნიშნა. იქ დაკრძალულია ცნობილი პროკურორი ჯოვანი ფალკონე. პროკურორი 1992 წელს გარდაიცვალა, მაფიასთან ბრძოლის დროს გარდაიცვალა.

ბევრმა სიცილიელმა ჩათვალა, რომ მაფიის ბოსმა აღნიშნული ეკლესია სპეციალურად აირჩია - ეს ცინიკური ჟესტი იყო მისი მხრიდან.

  • "რობერტ დე ნირო" და "ადამიანი ობობა": რა გახდა ცნობილი მაფიოზების პირადი მიმოწერებიდან

როგორც დასავლური მედია წერს, სიცილიური მაფია ბევრ ადგილობრივ ქალაქს 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკონტროლებდა. კრიმინალები ბიზნესს ფულს სძალავდნენ, ასევე დიდ მოგებას იღებდნენ ნარკოტიკებთან დაკავშირებული გარიგებებიდან.

თუმცა, პოლიციის ბოლო გამოძიებამ აჩვენა, რომ მაფიოზები გისოსებს მიღმაც აგრძელებენ კლანების ეფექტურად მართვას დაშიფრული შეტყობინებების საშუალებით.

მათ დასაჭერად პოლიციამ დააინსტალირა სპეციალური პროგრამები მაფიოზების მოწყობილობებსა და სახლებში - და აღმოჩნდა, რომ ისინი რეგულარულად ურთიერთობენ ნათესავებთან და მემამულეებთან.

მართალია, პოლიციის შეტყობინებების სრულად გაშიფვრა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. თუმცა, La Repubblica-ს ცნობით, ამ ეტაპზე გაშიფრულია ორი ადამიანის მეტსახელი, რომლებიც თავისუფლები არიან და ციხიდან ბრძანებებს იღებენ.

ისინი ჩატებში ფიგურირებენ მეტსახელებით - "რობერტ დე ნირო" და "ადამიანი ობობა". პოლიცია აქტიურად ცდილობს მათი ვინაობის დადგენას.

წყარო