ავტორი:

გია სურამელაშვილის თქმით, მოსკოვში არა კონცერტის გასამართად, არამედ გამოკვლევებზე მიდის - "იქ ჩემს მეგობრებს ვუმღერებ"

გია სურამელაშვილის თქმით, მოსკოვში არა კონცერტის გასამართად, არამედ გამოკვლევებზე მიდის - "იქ ჩემს მეგობრებს ვუმღერებ"

"გია სურამელაშვილი მოსკოვში იმღერებს“ - ამ სათაურით ბოლო ორი დღეა სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება. ცნობილი მომღერალი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და სინამდვილეში მისი ვიზიტი პირადი ხასიათისაა.

  • გია სურამელაშვილი მოსკოვში ჩასვლისას გეგმავს დიდი ხნის უნახავ ქართველ მეგობრებთან შეხვედრას, ხოლო იმავდროულად, ჯანმრთელობის მდგომარეობას გადაამოწმებს.

გია სურამელაშვილის თქმით, 11 წლის განმავლობაში მოსკოვში ცხოვრებისას იქ ბევრი მეგობარი დატოვა, რომელთაც ახლა რესტორან „გენაცვალეში“ შეხვდება. რესტორნის მფლობელიც ასევე ქართველია. მომღერალი აქვე აღნიშნავს, რომ არასოდეს ყოფილა პოლიტიკურ საკითხებში ჩართული და მისი ძირითადი საზრუნავი ყოველთვის სიმღერა და მუსიკა იყო…

- ეს კონცერტი არ არის, მეგობრებთან მივდივარ. შეგახსენებთ, რომ 11 წელი მოსკოვში ვცხოვრობდი და იქ დარჩენა რომ მნდომებოდა, ამაზე კარგი პირობები მქონდა და აუცილებლად დავრჩებოდი.

რაც შეეხება მოსკოვში წასვლას, ბოლო დროს რამდენიმე კონცერტი გადავდე, რადგან ჯანმრთელობის პრობლემები მაწუხებს. ჩემი მეგობრის მეუღლე მოსკოვში ექიმია და მასთან მივდივარ გამოკვლევებზე. არ მინდოდა ამ თემაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ მაიძულეს. იქ ყოფნისას ვნახავ ჩემს ქართველ მეგობრებს თავისი ოჯახებით. რესტორანში შევიკრიბებით და ვინახულებთ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, იქ ჩემს მეგობრებს ვუმღერებ.

32 წელია სცენაზე ვდგავარ და არასოდეს გავრეულვარ პოლიტიკაში. არ მაინტერესებს ეს სფერო, მე მაქვს ჩემი საქმე და ეს არის სიმღერა. მსოფლიოს ყველა კუთხეში მაქვს მიწვევები და გასტროლზეც ხშირად დავდივარ. როგორც გითხარით, ბოლო დროს რამდენჯერმე გადამედო გასტროლი ისრაელში. მე ვენდობი ქართველ ექიმებს, მაგრამ მაინც მინდა გადავამოწმო ჩემი ჯანმრთელობა მეგობრის მეუღლესთან, რომელიც მოსკოვში ცნობილი ექიმია.

- და აქვე მეგობრებსაც ინახულებთ?

- დიახ, ბარემ ვიფიქრეთ, რომ მეგობრები შევკრებილიყავით და ყველა ერთად მენახა. ვიცი, ბევრი ჩემი ქართველი კოლეგა დადის მოსკოვში და მღერის, ფოტოებსაც არ აღებინებენ იმ საღამოებზე, სადაც გამოდიან, რომ აქ არ გაიგონ რა ხდება.

56 წლის ადამიანი ვარ, არავინ მყავს დამხმარე და ვალდებული ვარ ჩემს ჯანმრთელობაზე, ხვალინდელ დღეზე ვიზრუნო. საქართველოში შოუბიზნესი არ არსებობს, მე გამიმართლა, რომ მყავს ჩემი მსმენელი და მე ამ ადამიანებზე უარს ვერ ვიტყვი, რადგან ისინიც ქართველები არიან. 11 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგნენ, როდესაც დედა გარდამეცვალა და ჩემი შვილი დაიჭირეს. სულ გვერდში მყავდნენ და ვფიქრობ, ისინი ღირსები არიან, რომ ჩემს საყვარელ ადამიანებს რომ ჩავალ და ვახშამს გამიწყობენ, ვიმღერო. მე მგონი მაქვს უფლება.

სახელმწიფოსგან მე არაფრით დაზღვეული არ ვარ, არც დახმარება მიმიღია. მე ვარ მომღერალი, არავის მხარეზე არ ვარ და ყველამ კარგად იცის, როგორ ვუყვარვარ ხალხს. ნუ აამღვრევენ წყალს.

ნეტა ჩემნაირად ყველას უყვარდეს საქართველო, თავის დროზე უარი ვთქვი რუსეთზე. იქ რომ დავრჩენილიყავი, დღეს მე ვილებიც მექნებოდა და რამდენიმე იქ მცხოვრებ ქართველ მომღერალზე წინაც ვიდგებოდი.

- რამდენი ხნით მიდიხართ?

- არ ვიცი, რამდენიმე დღით, იმედია ყველაფერი კარგად იქნება. თუ არადა მერე შესაძლებელია ისრაელში გადავფრინდე. გულის პრობლემები მაქვს, სისხლძარღვების. კორონა მშვიდად გადავიტანე, მაგრამ მე ასე ვფიქრობ, რომ აცრების შემდეგ, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ არ მომწონს ჩემი ჯანმრთელობა, არ ვარ კარგად.

მე დასამალი არაფერი არ მაქვს, არც თავს ვიმართლებ, რადგან თავის გასამართლებელი არაფერი არ მაქვს. მე ჩემს მეგობრებთან მივდივართ და ყველამ თავის ღალატს მიხედოს. წყალს ნუ ამღვრევენ ძალიან გთხოვთ.