გზა არ გადამიკეტავს - იმ დღეს ზუსტად ვიცი, რომ ნაძვის ხის გვერდზე ვიდექი,- ამის შესახებ მომღერალმა ლექსო ქავთარაძემ (“ლექს-სენი”) ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა.
როგორც მომღერალმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, მას აქციაზე გზა არ გადაუკეტავს, შესაბამისად სასამართლოსგან ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას არ ელოდება.
"მედავებიან 29 დეკემბერს გზის გადაკეტვას, რაც ფიზიკურად არ ყოფილა ბუნებაში. ცხადია, აქციებზე ოქტომბრის მერე დავდივარ და კიდევ ვივლი. გზა არ გადამიკეტავს, მაგრამ როგორც ვიცი, რაღაც სტანდარტია, "დაზუმული" კადრები და ა.შ. კონკრეტულად იმ დღეს რაც ეხება, ზუსტად ვიცი, რომ ნაძვის ხის გვერდზე ვიდექი, ბორდიურთან.
რაც შეეხება მტკიცებულებას, 25 წელია ამ სფეროში ვარ და კლიპი, ვიდეო, მონტაჟი ჩემზე კარგად არავინ იცის. [მტკიცებულება] არ მინახავს, მაგრამ წარმოდგენა მაქვს, რაც იქნება. მოწმეები ფორმალურად ყველასთან არიან და ბუნებრივია, ჩემთანაც იქნება”, - განაცხადა ლექსო ქავთარაძემ.
მომღერალს გასული წლის 29 დეკემბერს, მიმდინარე აქციაზე რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ. საქმე მოსამართლე ნინი ენუქიძემ განიხილა. როგორც მომღერალმა განაცხადა, ის 29 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე ნამდვილად იმყოფებოდა აქციაზე, თუმცა იდგა ნაძვის ხესთან და გზა არ გადაუკეტავს.
შსს-ს წარმომადგენლის განმარტებით, საქმეში არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც მომღერლის მხრიდან გზის გადაკეტვა ჩანს. საპირისპიროს ამტკიცებდა ლექსო ქავთარაძის ადვოკატი, ამიტომ მან ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტა მოითხოვა. საბოლოო ჯამში, მოსამართლემ შსს-ს შუამდგომლობა გაითვალისწინა და მომღერალს ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.