ლადო აფხაზავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი და 2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტია. 25 წელია, მოსწავლეებს სკოლაში ცოდნას გადასცემს, თავისუფალ აზროვნებას და სამართლიანობის მნიშვნელობას ასწავლის.
საზოგადოების დიდმა ნაწილმა, მათ შორის, მასწავლებლებმა კოლეგას სოლიდარობა გამოუცხადა და იმაზე მეტი თანხა ჩაურიცხეს, ვიდრე საჭირო იყო.
"ჩემთვის საოცარი დღეებია, პირველი განცდა, რაც თავიდან მქონდა, უმძიმესი იყო... გიყვარს შენი სამშობლო, მისთვის ყველაფერს აკეთებ და შენი ქვეყანა კი სასამართლოში გიბარებს, საბრალდებო სკამზე გსვამს, - ეს ჩემთვის ძალიან რთული გასააზრებელია,“ - გვეუბნება ლადო აფხაზავა.
მან ჩვენთან საკუთარ ემოციებსა და საზოგადოებისთვის არაერთ უცნობ ფაქტზეც ისაუბრა.
- ერთ-ერთ ჯგუფში დაწერილი მქონდა, თუ დამაჯარიმებენ, ჩემთვის ყველაზე მაგარი რაც იქნება, მასწავლებლებმა ლარ-ნახევარი ჩამირიცხონ-მეთქი. ასე იმიტომ დავწერე, რომ ახლა ხელფასი ყველას აღებული აქვს და იქვე დახარჯულიც, ამ ლარ-ნახევრით კი მივხდებოდი, რამდენი პედაგოგი ჩარიცხავდა ლარ-ნახევარს. ახლა მეთორმეტე კლასელებთან ვარ და დავითვალეთ - 5800 მასწავლებლებს ჩაურიცხავს. ერთხელ 1.50 ხომ ჩარიცხა და მეორედ - უკვე 10 ლარი, ვიღაცავ 20 და ასე... მოკლედ, ჩემს ჯარიმასაც გადავიხდი და სხვის ჯარიმასაც.
- როგორ ფიქრობთ, ბოლო თვეების მანძილზე რა ხდება საქართველოში?
- ხელისუფლებას სიცოცხლის 5 ეტაპი აქვს. ახლა ის ბოლო ეტაპის წინა პერიოდშია, როდესაც ვიღაცისგან აღიარებას ცდილობს. თუ რომელიმე უცხო ქვეყნის დელეგაცია ჩამოვა, იტყვის, რომ თითქოს იმ ქვეყანამ ისინი აღიარა. შემდეგ დეპრესიის ეტაპი იწყება და ბოლოს უკვე შეგუებაა.
- დანარჩენი ეტაპები რა არის?
- პირველი განრისხებაა. განრისხდა და დაგვერია, - 14 დღე გვარბევდა. შემდეგი თითქოს დამშვიდება-მინელების ეტაპი იყო - მოემზადა და საკუთარი ამომრჩევლისთვის მსუყე საკენკი შეაგროვა იმისთვის, რომ ისინი იმაში დაეჯერებინა, თითქოს ყველაფერი კარგად არის...
- აქციებზე როგორც თბილისში, ასევე ბათუმშიც ჩადიოდით... უწყვეტ პროტესტში ჩართული იყავით. საბოლოოდ კი, 5.000 ლარით დაგაჯარიმეს...
- პოლიტიკაში არასოდეს წავალ - ეს ზუსტად ვიცი და საკუთარი თავისთვის არასოდეს ვიბრძვი. 25 წელია, სკოლაში ვმუშაობ, ათიათასობით მოსწავლეა ჩემს ხელში გამოვლილი. თბილისში აქციაზე, 200-300 ყოფილი მოსწავლე ჩემ გვერდით სულ იყო. მერე მარტოებს ვერ ვტოვებდი და მათთან ერთად ღამეებს ვათენებდი. მეორე, ვინც ახლა სკოლაში სწავლობს და ლადო აფხაზავა სწორედ მათთვის იბრძვის. თორემ ხელისუფლების ცვლილებით, მე რომ რაიმე სარგებელი მივიღო, ამაზე არასდროს მიფიქრია.
ზოგიერთს, მაგალითად, ახლანდელი სკოლის დირექტორს ჰქონია, რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად ვემზადები. შესაბამისად ჩემთან მოდიან, მეუბნებიან - ლადო, ყველაფერი თუ შეიცვალა, ხომ დავრჩები ჩემს ადგილზე? შენი მხარდამჭერი ვარ... ცვლილებების შემთხვევაში გზას წინასწარ იკვლევენ. მიაჩნიათ, რომ ლადო იქნება მათი მხსნელი...
კიდევ ერთხელ ვიტყვი, პოლიტიკაში წასვლას არ ვაპირებ და ნურც იმას დაეყრდნობიან, რომ ლადო აფხაზავა ვინმეს უშუამდგომლებს. ისევ რიგით მასწავლებლად დავრჩები, როგორიც ახლა ვარ. ჩემი პოლიტიკა არის სკოლა.
- იქნებ მომავალში მართლაც ასეთი რეალობის პირისპირ აღმოჩნდეთ და არჩევანის გაკეთება პროფესიასა და პოლიტიკას შორის მოგიწიოთ...
- ისევ ჩემს პროფესიას ავირჩევ. საერთოდ, ეკონომისტი ვარ, მასწავლებელი რომ გავმხდარიყავი, მეორე პროფესია შემეძინა, ბევრი ვიშრომე, ვიწვალე. ჩემს ნაწვალებს წყალში არ ჩავყრი.
- ყველა მოსწავლე გახსოვთ, ვისაც თქვენ ხელში გაუვლია?
- ყველა მოსწავლის სახელი და გვარი ვიცი, ყველა მშობლის სახელი და გვარი ვიცი და ზოგიერთი მოსწავლის ბებიის სახელიც კი ვიცი. ჩემს მოსწავლეს ბებია თუ ბაბუა რომ გარდაეცვლება, არ არსებობს, არ მივიდე და არ მივუსამძიმრო... განსაკუთრებით გულში მყავს რამდენიმე მოსწავლე. ესენი ის მოსწავლეები არიან, რომლებიც სამწუხაროდ დღეს ცოცხლები აღარ არიან. არ არსებობს წუთი, განსაკუთრებით მგზავრობის დროს, ისინი არ გავიხსენო, მათზე ვფიქრობ. თავს იმით ვინუგეშებ, რომ ბავშვობაში ვათამამებდი...
ჩვენ გვერდით სოფელი ჯურუყვეთია, იქ ერთ ბიჭი ცხოვრობდა. 16 წლის იყო, მშობლებს დაბადების დღის გადახდას რომ სთხოვდა. გურიაში ასეთი გამოთქმა იციან, - შვილი მტრულად გაზარდე და მოყვრად დაგიდგებაო. მის მშობლებს ეს აზრი ჰქონდათ შთაგონებული და შვილს უთხრეს, - დაბადების დღეს არ არ გადაგიხდითო. ბავშვი სათევზაოდ წავიდა, დენით თევზაობდა, ბოტებში წყალმა შეაღწია და მაშინვე დაიღუპა. იმის შემდეგ, მის დაბადების დღეს, მთელი სოფელი იკრიბება, მაგრამ ის ვერასოდეს გაიგებს, თუ როდის უხდიან დაბადების დღეს...
ადამიანები ბავშვობის მოგონებებით ვცხოვრობთ. ამიტომ ბავშვები სკოლის ასაკში უნდა გავათამამოთ, ვასიამოვნოთ, პატივი ვცეთ. მათი მეხსიერება ამ ყველაფერს მყარად ინახავს.
- პროცესზე სიტყვა წარმოთქვით, მშობლები გაიხსენთ... თურმე დედ-მამა 17 წლის ასაკში დაგიკარგავთ. როგორც ჩანს, თავიდანვე ძლიერი იყავით, რომ ამ ტრაგედიებმა არ გაგტეხათ... ვინ იყვნენ თქვენი მშობლები და ცოტა მეტი რომ გვითხრათ მათზე?
- დედა ბაღში მრეცხავად მუშაობდა, მამა ხის ხელოსანი იყო. დედა 47 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. 4 შვილი დაგვტოვა, ჩემი დები მაგ დროს უკვე გათხოვილები იყვნენ. დედას და მამას ერთმანეთის დიდი სიყვარული ჰქონდათ და როდესაც დედა წავიდა, მამამ მის გარეშე ყოფნას ვეღარ გაუძლო - თავი მოიკლა, (ჩამოიხრჩო). მამა, რომელიც ჩემს იმედად იყო, საკუთარი ხელით ჩამოვხსენი...
მამაჩემი ასეთ მდგომარეობაში დილით, 11 საათზე ვნახე, ლოგინზე დავაწვინე და მერე შუადღის 3 საათზე როცა თვალი გავახილე, აზრზე მხოლოდ მაშინ მოვედი. თურმე წავქცეულვარ, გონები დამიკარგავს...
- რა მძიმე ამბავია... ამ ტრაგედიას გადატანა უნდა. შემდეგ, იმ პატარა ბიჭმა ცხოვრებაში ბევრი შეძელით...
- ზოგიერთი მაკრიტიკებს და მიკვირს, რით შეშურდათ ჩემი ცხოვრება. რატომ გამოიწვია ჩემმა ცხოვრებამ ამხელა შური. თავად ეს გრძნობა ჩემგან შორსაა, - საქართველოში ძალიან ბევრი პედაგოგი ვაღიარე. სადაც გავიგებდი, კარგი მასწავლებელი იყო, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სოფლებში დავდიოდი, ყველა მასწავლებელს ვეცნობოდი და ვაღიარებდი... თითოეულს მინდოდა, დავმსგავსებოდი. მერე მათ საქმეებზე ვყვებოდი, სხვების აღიარებამ, მსოფლიო აღიარება მომიტანა. ჰოდა, ლადო აფხაზავას დღეს ვინმე თუ არ აღიარებს, გაჩერდეს მაინც... შესაძლოა დადგეს დრო, ის არავინ აღარ აღიაროს. არის, როცა პოლიტიკურ იარლიყებსაც მაკერებენ, ხან ნაციონალი ვარ, ხან გახარიას გვერდით ვდგავარ... პარლამენტის წევრობაზე 2020 წელს უარი ვთქვი. რომ დავთანხმებულიყავი, ახლა უკვე ყოფილი პარლამენტის წევრი უნდა ვყოფილიყავი... რამდენიმე პარტიიდან, რომლებიც ათეულში მსვამდნენ, შემოთავაზება მქონდა. იყო ძალდატანებაც. ამიტომ ჩემს ბიჭებთან ერთად, წავედი და მაგისტრატურა მედიაციის კუთხით ესპანეთში მურსიას უნივერსიტეტი დავამთავრე.
- თქვენი აქტივობის გამო ხელისუფლების მხრიდან აქამდე ხომ არ გიგრძნიათ, რომ ისინი ამით ღიზიანდებოდნენ?
- რამდენიმე თვის წინ, აღდგომის დღესასწაულზე დედაჩემის და მამაჩემის საფლავზე მივდიოდი, თან ჩემი შვილი, ლევანიკო მახლდა. თავს დაგვეხსნენ ე.წ. ტიტუშკები. ლევანიკო გამილახეს, მეც ტანზე შემომახიეს. ეს ყველაფერი განვაცხადე... მერე ყველაზე მშვიდობიან აქციაზე, საოცარ ადამიანებთან ერთად ვიდექი, სადაც ხმისთვისაც არავის აუწევია და საბრალდებო სმაზე აღმოვჩნდი... აღდგომას სამი კაცი თავს დაგვესხა ბიტებით, წინასწარ გამოთლი ჯოხებით და ისინი დასჯილები არ არიან. მათთვის არანაირი სანქცია არ დაუდიათ და ჩვენ დაგვაჯარიმეს... გზად ხომ დაგვხვდნენ, მერე სახლში შემოგვივარდა და იქით გვიყვიროდა...
- თქვენი 9-კაციანი აქცია-პროტესტი ქუთაისში, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს უკავშირდებოდა... რას იტყვით ქალბატონ მზიაზე?
- ჩვენ არ ვითხოვდით არაფერს, ერთადერთი მიზანი გვქონდა, - იმ დღეს მზიას შიმშილობის მეთოთხმეტე დღე იყო. ყველანი მისი მეგობრები ვართ, ყველანი ვიცნობთ. მე-14 დღე გვაჩქარებდა, რომ რაღაც მოქმედებისთვის მიგვემართა. ქუთაისში ერთმანეთს შევხდით და უცებ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოსამართლის სახლთან წავსულიყავით. მერე, როგორც გაირკვა, იმ მოსამართლეს ბლომად სახლები დაუფიქსირდა და მგონი, იქ არც ცხოვრობს, სადაც აქცია გვქონდა. ჩვენმა იურისტებმა საჯარო რეესტრის ამონაწერით მისი არაერთი სახლი აღმოაჩინეს. ჰოდა, რამ შეაშინა ამხელა სიმდიდრის მქონე პირი?!
რაც შეეხება თავად მზიას, პროფესიონალია. თუნდაც მეგობარმა უთხრას, - სიმართლეა, მაგრამ გეხვეწები, არ დაწერო, პრინციპულია და იმ სიმართლეს დაწერს იმ შემთხვევაშიც, თუნდაც თვითონ ზარალდებოდეს. სულით ჟურნალისტია, საოცარი მომხიბვლელი ქარიზმით წერს, ყველა ადამიანისთვის საუკეთესო თანამშრომელია. ძალიან უყვარს თავისი საქმე და მას არასდროს ღალატობს.
- ლადო, ამ ეტაპზე მხოლოდ სკოლაში საქმიანობთ?
- სამ სკოლაში ვმუშაობ, ვასწავლი. ახლა თუ ვინმემ აიჩემა, - ნასამართლევი ხარ და სკოლაში რა გინდაო? ამაზე უკვე ვერაფერს გეტყვით... ჩემი სურვილია, ქვეყნის ევროინტეგრაცია მოხდეს. საქართველო ევროპასაც ბევრ რამეს შესძენს, გაამრავალფეროვნებს. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენ თავად ვართ ევროპელები და აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ იმ ოჯახში, სადაც ვიყავით.