ავტორი:

დმანისზე შეყვარებული სვანი მსახიობი, რომელმაც რეგიონში ულიდერო პროტესტს ჩაუყარა საფუძველი - მანქანაში შიმშილობის 7 დღე და ლაშა ჩხვიმიანის გზავნილი

დმანისზე შეყვარებული სვანი მსახიობი, რომელმაც რეგიონში ულიდერო პროტესტს ჩაუყარა საფუძველი - მანქანაში შიმშილობის 7 დღე და ლაშა ჩხვიმიანის გზავნილი

ლაშა ჩხვიმიანის წარმოშობით სვანია. ცხოვრობს დმანისში და გამორჩეულად უყვარს ეს ქალაქი, რადგან იქ დაიბადა და გაიზარდა. საოცარი პატრიოტია და თავისი მუნიციპალიტეტისთვის მუდმივად რაღაც სასიკეთო საქმის გაკეთებას ცდილობს...

  • პროფესიით მსახიობია, ბოლო დროს მასობრივად უწყვეტი პროტესტის დღეებში გაიცნეს, როდესაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის წინ, 30 იანვარს შიმშილობა გამოაცხადა. 7 დღის შემდეგ ლაშამ შიმშილობა შეწყვიტა.

როგორ გრძნობს შიმშილობის შემდეგ თავს, რაზე წუხს, რას აპროტესტებს, რა მოლოდინი აქვს და ამ ეტაპზე რას საქმიანობს, ამაზე AMBEBI.GE-მ მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

- თავს კარგად ვგრძნობ, რამდენიმე დღე პატარა ჩივილები მქონდა, რაც ბუნებრივი იყო, მაგრამ იმაზე მხნედ ვარ, ვიდრე შიმშილობამდე ვიყავი. იმ 7 დღის განმავლობაში სულ უფრო მემატებოდა მხნეობა, იმედი და რწმენა, რომ საზოგადოება იმ მდგომარეობაში არ არის, რომ უსამართლობას შეეგუოს... დმანისელები და არა მარტო ისინი, აქტიურად მოდიოდნენ, ვსაუბრობდით, ვთანხმდებოდით იმაზე, რომ ქვეყანაში უსამართლობას ვხედავთ და ვგრძნობთ. არვინ მოსულა, ვინც შინაარსში შემომედავებოდა, თუნდაც საკრებულოს და მერიის თანამშრომლებიც. თუმცა ზოგი იმიტომ მოდიოდა, ჩემზე მანიპულირება მოეხდინა, ზოგი გულწრფელად და სიყვარულით მეუბნებოდა, რომ ჩემი პროტესტის ფორმა არასწორი იყო, რომ ამის გამო ჩემი ახლობელი ადამიანები ნერვიულობდნენ და შემეძლო, პროტესტის სხვა ფორმისთვის მიმემართა.

- როგორც ცნობილია, დედათქვენიც შიმშილობდა...

- დიახ, ჩემი გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო, ამიტომ შიმშილობა თვითონაც დაიწყო. სანამ დაველაპარაკებოდი, მანამდე 4 დღე შიმშილობდა... იმასაც მეუბნებოდნენ, რომ დედა არ გაჩერდება და ამიტომ, შენ უნდა გაჩერდე... საერთოდ, დედამ, მეუღლემ, მეგობრებმა ჩემი შიმშილობის შესახებ სოციალური ქსელიდან გაიგეს. ისე გამოვედი გარეთ, არავისთვის მითქვამს.

- ამ ნაბიჯით სოლიდარობას უცხადებდით ქალბატონ მზია ამაღლობელს, თუ ზოგადად ჩვენში არსებული მძიმე პოლიტიკურ სიტუაციას აპროტესტებდით? რა იყო თქვენი კონკრეტული გზავნილი?

- ყველაფერი ერთად... სანამ იმ ღამით, 12 საათზე დმანისის ცენტრში გამოვიდოდი და დავდგებოდი, მანამდე ამაზე დიდხანს ვფიქრობდი და განსაკუთრებით იმ დღით. ჩემს თავს ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ სხვანაირად ვერ შევძელი, ამას სახლიდან გამოსვლისას ისიც დაემატა, რომ „იმედის“ ეთერში ირაკლი კობახიძის ინტერვიუს ვუყურე, სადაც ქალბატონ მზიაზე ცინიკურად ლაპარაკობდა... ეს იყო ბოლო წვეთი და გაბრაზებული გამოვედი. ჩემი მთავარი მოთხოვნა, სამართლიანი არჩევნებია და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით ქუჩაში გამოსული უკანონოდ დაპატიმრებული მომიტინგეების გათავისუფლება.

შიმშილობის არც პირველ დღეს და არც რომელიმე დღეს იმედი და იმის ილუზია არ მქონდა, რომ ამის გამო ხელისუფლება შეირყეოდა, ამ ადამიანების მიმართ ემპათია გაუჩნდებოდა, ვინმე აზრს შეიცვლიდა, პატიმრებს გაათავისუფლებდნენ და არჩევნებს დანიშნავდნენ. იქ ხალხის, დმანისელების იმედით გამოვედი, რომლებთან საუბრისას მანამდე სიტყვებმა ძალა დაკარგა. თუ სიტყვებმა ძალა დაკარგა, ამას ჩემი მოქმედებით ვაჩვენებ-მეთქი.

ლაშა ჩხვიმიანი 7 დღე მანქანაში შიმშილობდა

- ე.ი. მანამდე დმანისელებთან გქონდათ აქტიური დიალოგი...

- აქ დაბადებულ-გაზრდილი ვარ, აქ ვცხოვრობ, დმანისის თეატრში 4 წელი ვიმუშავე. აქვე არასამთავრობო ორგანიზაცია და სივრცე - „შეხვედრის ადგილი“ შევქმენით, სადაც საზოგადოებასთან აქტიური შეხვედრა მაქვს სხვადასხვა აქტივობით, პროექტებით. შესაბამისად ხშირად მიწევს მათთან საუბარი, ასევე ახლობლებთან, სოფლის მოსახლეობასთან. ვთანხმდებოდით, რომ საქმე ცუდადაა, მაგრამ მერე ცხოვრებას ისე ვაგრძელებთ ვითომც არაფერი... თუ ვამბობთ, რომ საქმე ცუდადაა, მაშინ უნდა ვიმოქმედოთ. ჩემი ნაბიჯიც მოქმედება იყო, რომ მათთვის შოკის ეფექტით დამენახებინა, - დიახ, უნდა ვიმოქმედოთ და უსამართლობაზე თვალი არ დავხუჭოთ.

- გაიგეს დმანისელებმა?

- ბევრი ისეთი ადამიანი მოდიოდა, რომლებთანაც უკვე ვეღარ ვსაუბრობდი და ურთიერთობაც აღარ მქონდა. მათთან იმ დღეებში ურთიერთობა აღვადგინე. ეს რაღაცნაირი შედეგი იყო... მერე იმ 500-მდე ადამიანში, ვინც თბილისიდან ჩამოვიდა და დმანისის ცენტრში იდგა, 150-მდე დმანისელიც იყო... ეს მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტში 20.000 ადამიანი ცხოვრობს და მათგან 9.000 სოციალურად დაუცველია, რომელთა ყოველდღიურობა სოციალური სამსახურით ხელისუფლების მორჩილებაზეა მიბმული, სადაც 2.000-მდე საჯარო მოსამსახურეა, როლებზეც გავლენას ახდენს „ქართულ ოცნება“...

გვაქვს თეატრალური სტუდია და იმის გამო, რომ ჩვენთან მოზარდები დადიან, მათ მშობლებს იბარებდნენ და ეუბნებოდნენ, თეატრალური სტუდიიდან გამოიყვანეთ, თუ არადა, სამსახურში პრობლემები შეგექმნებათო... ეს იმიტომ, ხდება, რომ არ უნდათ, დმანისში რაღაც ალტერნატიული წყარო არსებობდეს. თუნდაც იმისთვის, რომ ადამიანებმა ინფორმაცია იმის შესახებ მიიღონ, თუ რა ხდება ქვეყანაში. ოპოზიციურ არხებზე პროტესტის გაშუქებაც კი შეწყვიტეს და საბოლოოდ რეალობის გაყალბება მიმდის. დმანისის 1-ელი საჯარო სკოლის მასწავლებლებმა არ იციან, რომ აქციაზე ამდენი ადამიანია ნაცემი და დაჭერილი. ეს ხელოვნურადაც ხდება. ამასთან, ის 9.000 ადამიანი ისეა გაღარიბებული, რომ იმ 300-ლარიან შემწეობაზე დამოკიდებულს, უამრავი პრობლემის მქონეს, აღარ აქვს დრო და ნერვები, რაღაც საერთო საქმეზე იფიქროს, იღელვოს და მისი ოჯახის ინტერესებს გაცდეს... სამწუხაროდ რეგიონებში რეალობის გაყალბებას ახერხებენ...

- პროფესიით მსახიობი ხართ. დამთავრებული გაქვთ თეატრალური უნივერსიტეტი. მსახიობობის სურვილი საიდან და როგორ გაგიჩნდათ?

- დმანისში თეატრი 1990 წლის 19 იანვარს ჯუმბერ კოპალიანისა და ზინაიდა კვერენჩხილაძის ხელმძღვანელობით დაარსდა. 2 წელის განმავლობაში თეატრი ძალიან აქტიური იყო. მერე ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო გაჩერდა. მაშინ პირველი სპექტაკლები სოფელ განთიადში იმართებოდა... 1995 წელს თეატრი აღდგა და წელიწადში ერთ სპექტაკლს თამაშობდა. ადგილობრივი დასი არ იყო - რუსთაველის და არამარტო რუსთაველის თეატრის მსახიობები ჩამოდიოდნენ. დმანისის იმ მუნიციპალურ თეატრთან არსებობდა სტუდია, სადაც უფროს კლასელები დადიოდნენ და სპექტაკლებს დგამდნენ. მეც მივედი, მომეწონა, მაშინვე სპექტაკლში დამაკავეს და მივხვდი, რომ მსახიობობა მინდოდა. სპექტაკლის შემდეგ მაქებდნენ და ჩემზე ლაპარაკობდნენ, ესეც ძალიან მსიამოვნებდა... 2012 წელს თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე...

2011 წელს ზინაიდა კვერენჩხილაძე გარდაიცვალა და 2012 წელს თეატრს მისი სახელი მიენიჭა. ასევე სახელმწიფო თეატრის სტატუსიც მიიღო და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.

პირველად, 2013 წელს სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა და კოტე მჟავია შეირჩა... 2017 წელს, 4 წლის მერე კონკურსი ისევ რომ გამოცხადდა, „თეატრალურში“ ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელის, გოგი თოდაძის ასისტენტმა, თამარ ხიზანიშვილმა მითხრა, იქნებ კონკურსში გაიმარჯვო, სცადეო. 2 დღე იყო დარჩენილი. მერე როგორიც წარმომედგინა დმანისის თეატრი, ამის შესახებ ჩემი ოცნებები ფურცელზე გადავიტანე და საკონკურსოდ გავაგზავნე. იმ საკონკურსო განაცხადის მიხედვით ამირჩიეს და 2017-2021 წლებში თეატრს ვხელმძღვანელობდი.

- დღეს რა სიტუაციაა თეატრში?

- ის 4 წელი ძალიან მწირი ბიუჯეტი გვქონდა - სულ ყველაფრისთვის 128.000 ლარი იყო გამოყოფილი... 7 პრემიერა გამოვუშვით და თითოეული სპექტაკლი დმანისში 10-ჯერ მაინც წარმოვადგინეთ. პანდემიის პერიოდში სოფლებში აქტიურად დავდიოდით, მაშინ ბილეთების გაყიდვაც პირველად ჩვენ დავიწყეთ. ვცდილობდით, ხალხისთვის თეატრი საჭირო ყოფილიყო... 2021 წლის შემდეგ კონკურსი კიდევ გამოცხადდა და ერთადერთი კონკურსანტი ვიყავი. თვე-ნახევრის ლოდინის შემდეგ, ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა, რაც სოციალური ქსელით გავიგე. იქვე ეწერა, რომ უკონკურსოდ დაინიშნა სხვა ადამიანი. ამის შემდეგ თეატრის ბიუჯეტი 30-ჯერ გაიზარდა. დღეს თეატრის მხოლოდ სახელფასო ფონდი 528.000 ლარია... უკვე მეოთხე წელია და დმანისში მხოლოდ 3 წარმოდგენა აქვთ ნათამაშები, ძირითადად თბილისში თამაშობენ... სპექტაკლზე მარშრუტებით თბილისში დმანისელები წაიყვანეს, ძირითადად სპექტაკლებს ჩვენი მერი ესწრება ხოლმე, სოციალურ ქსელში ფოტოს დებს და ასე გვახარებს...

- და ალტერნატიული სივრცის შექმნაზე ამიტომ იფიქრეთ?

- მას მერე, რაც გავიგე, რომ დმანისში სპექტაკლების თამაშს არ აპირებდნენ და ის კულტურული პროცესი, რაც ჩვენ დავძარით, ფაქტობრივად აღარ არსებობდა, ხალხი თეატრის გარეშე რომ არ დარჩენილიყო, გადავწყვიტეთ, კულტურულ პროცესი გაგვეგრძელებინა. დავიწყეთ ალტერნატიული პროცესის და სივრცის შექმნა. დავაფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია - შეხვედრის ადგილი დმანისში. სივრცის შენებაც დავიწყეთ და „შეხვედრის ადგილი“ დავარქვით. 60 კვადრატული შენობა უკვე აშენებულია. ის დმანისის ისტორიაში პირველი სახალხო დაფინანსებით აშენებული სივრცეა - სულ 30.000 ლარი - წვრილ-წვრილი შემოწირულებებით. 400-ზე მეტი შემომწირველი გვყავს. ამ სივრცეში იქნება სოციალური კაფე, წიგნების მაღაზია, პატარა კამერული თეატრი, ადგილი კინოჩვენებებისთვის. მულტიფუნქციური სივრცე იქნება. ოფიციალურად 7 სექტემბერს, ორგანიზაციის 3 წლის იუბილეზე გავხსნით... ხელოსნებისთვის თანხა თითქმის არ გადაგვიხდია, ვინც რა ხელობა იცოდა, მოხალისედ მოდიოდა და გვეხმარებოდა. ეს იმ პირობებში, როცა ჩვენთან მომუშავე ადამიანებს ხვდებოდნენ და „არემჯიში“ სამსახურის დაკარგვით ემუქრებოდნენ, აფრთხილებდნენ...

- დმანისში ამასთან ეთნიკური მრავალფეროვნებაცაა...

- ქალაქში ძირითადად ეთნიკურად ქართველები ვცხოვრობთ, სოფლებში - ეთნიკურად აზერბაიჯანელები და გადაკვეთის წერტილი არსად გვაქვს. ჩვენი "შეხვედრის ადგილი" ვიმედოვნებ, პოზიტიური ურთიერთობებისთვის საშუალებას მოგვცემს...

2021 წელს ჩვენთან სწორედ ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება. ეს იმის ბრალი იყო, რომ ისინი ერთ პატარა რაიონში არასდროს გადაკვეთილან და პირდაპირ ჩხუბში აღმოჩნდნენ. არ ჰქონდათ თუნდაც არანაირი მორალური დაბრკოლება, რომ ვთქვათ, ამ ადამიანს ვიცნობ, ურთიერთობა მქონია და ის არ დაეშვათ, რაც მოხდა. ეს გაუცხოება, სამწუხაროდ ჩვენს რეგიონში არსებობს. როგორც ვთქვი, ჩვენს „შეხვედრის ადგილს“ ამის ამბიციაც აქვს, რომ ეს გაუცხოება რეგიონში გააქროს.

- წარმოშობით სვანი ხართ. როგორ აღმოჩნდით ქვემო ქართლში?

- 1987 წელს სვანეთში დიდი ზვავი რომ ჩამოწვა და სოფლები დააზარალა, იქიდან მოსახლეობა აქეთ გადმოასახლეს. ჭუბერი იყო ეპიცენტრი, დედაჩემის სოფელი, სადაც ყველაზე მეტი სახლი დაინგრა. მამაჩემი ეცერში ცხოვრობდა. მათი ოჯახები დმანისში, სვანების დასახლებაში დაასახლეს. დედამ და მამამ ერთმანეთ აქ გაიცნეს... მამაჩემს რაც სვანეთში ჩასვლისას ემართება, გული რომ აუფანცქალდება ხოლმე, ასე მე დმანისზე მემართება. ესაა ჩემი მშობლიური მხარე. მასთან მეტი ბმა მაქვს, ვიდრე სვანეთთან, რაც ბუნებრივიცაა, ბავშვობა აქ მაქვს გატარებული.

სვანების ქართლში გადმოსახლება არ იყო შემთხვევითი, მას ჰქონდა პოლიტიკური მიზნებიც, თორემ თავისუფლად შეიძლებოდა, სვანებისთვის მსგავსი დასახლება იქვე, სამეგრელოში გაეკეთებინათ. ყველაფერი ეს ეროვნული მიზნებით შეფუთეს, ან გულუბრყვილოდ ეროვნულ მიზნებად ჩათვალეს. სვანებს ეუბნებოდნენ, რომ აქაურობა უნდა გაექართველებინათ და იყო მითითებებიც, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელები შეევიწროებინათ.

- გამოდის, მათი ჩაგვრისკენაც მოუწოდებდნენ?

- 1989 წელს, ამ ძალადობის წახალისების შედეგად, ეთნიკურად ქართველებს და ეთნიკურად აზერბაიჯანელებს შორის დიდი შეტაკება მომხდარა... როცა 2021 წელს თითქმის იგივე უკვე სხვა თაობაში განმეორდა და მაშინ დავფიქრდი. ამ ყველაფერში მსხვერპლნი იყვნენ როგორც სვანები, ასევე ეთნიკურად აზერბაიჯანელები. თინეიჯერ ბიჭებს ძალადობას გმირობად რომ უსაღებდნენ. 1989 წელს მომხდარის ანალიზი არ გაკეთებულა. დღეს ეს კონფლიქტი სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნურადაა გაყინული და არ მიდის იმის ანალიზი, რა ხდება.

მთავარია, ორივე მხარემ ვიგრძნოთ, რომ ამ კონფლიქტში ჩვენ ვართ მსხვერპლი და სახელმწიფო იქიდან მოყოლებული დღემდე, ამ კონფლიქტს ჩვენს სამართავად იყენებს. ამით კი გვავიწყებს იმ პრობლემებს, რა პრობლემებიც რეალურად არსებობს - სოფლებს წყალი, გაზი, გზა არ აქვთ, სასმელი წყლის მოსატანად კილომეტრებს გადიან, ხოლო ტექნიკური საჭიროებებისთვის კასრებში დალექილ წვიმის წყალს მოიხმარენ.

- მოკლედ, ახლა იმედიანად ხართ?

- 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, საღამოს ჩემს მანქანაში რამდენიმე ადამიანი ჩავსხედით და თბილისში წამოვედით. შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში, თბილისში აქციაზე დავდიოდით. მსურველთა რაოდენობა ნელ-ნელა გაიზარდა და ერთხელ მიკროავტობუსიც დაგვჭირდა. მერე ვთქვით, დმანისშიც შევქმნათ პროტესტის ხმა-თქო. მით უფრო, რომ დმანისშიც იყვნენ არჩევნების გაყალბებაში ჩართუნი, ამას ვხედავდით. ჩვენი მუნიციპალიტეტის რეალობიდან გამომდინარე, ხალხს უჭირდა, თავისუფალი არჩევანი თამამად გაეკეთებინა... და დავიწყეთ აქციები - ერთი კვირის განმავლობაში, ყოველ საღამოს, 20-40 ადამიანი მერიასთან ვიდექით. ბევრი აქტივობა გვქონდა, ჩვენი ჯაჭვი ბევრმა ნახა, რომელშიც 100-მდე ადამიანი ვიდექით და ჩვენს ქვეყანას ძალიან ლამაზი კადრები ვაჩუქეთ. პატარა ქალაქიდან ასეთი ერთობის მაგალითმა თბილისიც დამუხტა...

ჩემი შიმშილობის ამბავიც ერთობის მაგალითი იყო. თბილისიდან 500 კაცის ჩამოსვლაც საოცარი რამ აღმოჩნდა. ასეთი აქცია დმანისს არ ახსოვს. პოლიციის წარმომადგენლები ძალიან დაბნეულები იყვნენ, როცა მთავარ ქუჩაზე, მარშით გავედით. იმ 500 კაცში 150 ადამიანი, როგორც ვთქვი, დმანისელი ვიდექით. ეს იმ პირობებში, როცა ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა ჩაკეტოს და ოჯახების იქით არსად გაიხედოს. ძალიან მნიშვნელოვანი ერთობის მაგალითი იყო. მინდა, გადამდები აღმოჩნდეს სხვა ქალებისთვისაც. საერთოდ კი ყველაფერი ამ უწყვეტი სახალხო პროტესტის მაგალითია. ულიდერო პროტესტია, რომელიც ინდივიდების პასუხისმგებლობაზე დგას. ვიბადებით საზოგადოებად და მიხარია, რომ ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი დმანისიც არის.