უკრაინელი-რუსი მწერლის, ნიკოლაი გოგოლის უმნიშვნელოვანესი ნოველა - „მკვდარი სულები“, რომელიც მე-19 საუკუნეში დაიწერა, მონარქისტული რუსეთის ერთგვარი სარკეა. რეალურად, იდეები, რაზეც ეს იმპერიალისტური სახელმწიფო დგას, არც დღეს შეცვლილა, ამიტომ ნაწარმოები მის თანამედროვე მანკიერებებსაც ასახავს.
„მკვდარი სულები“ გოგოლის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და ანტიმონარქიული ნაწარმოებია. ის 1842 წელს გამოქვეყნდა და აღიარებაც მალევე მოუტანაა ვტორს. მწერალმა მის გაგრძელებაზეც იმუშავა, მაგრამ შემდეგ თვითნვე დაწვა იგი. საინტრესოა, რომ „მკვდარი სულების“ იდეა ნიკოლაი გოგოლს პუშკინმა შთააგონა.
რით არის გამორჩეული ეს სატირული, პიკარესკული ჟანრის ნოველა?
სატირის, ფსიქოლოგიზმისა და ფანტასმაგორიული სახეების ოსტატური შერწყმით რუსი კლასიკოსი მწერალი თავისი სამშობლოს სინამდვილეს გადმოსცემს. ნიკოლაი გოგოლი, რომელსაც ხშირად უწოდებენ თანამედროვე რუსული რეალიზმის მამას, ერთ-ერთი პირველი მწერალი იყო, რომელმაც რუსეთის ცხოვრების სტილი გააკრიტიკა.
„მკვდარი სულები“ მოგვითხრობს რუსეთის იმპერიაში მცხოვრები სახელმწიფო მოხელის პაველ ივანოვიჩ ჩიჩიკოვის შესახებ, რომელიც სარგებლობს სისტემის არაეფექტიანობით და საშუალო კლასის მემამულეებისგან ყიდულობს უფლებებს მკვდარ ყმებზე, რათა დიდძალი ქონება დააგროვოს.
ნოველაში გაშიშვლებულია მონარქისტული რუსეთის ბნელი მხარე. საინტერესოა, რომ კრიტიკოსები და მწერლები აღნიშნავენ გოგოლის გავლენას არა მხოლოდ რუსულ, არამედ მსოფლიო ლიტერატურაზე. მისი შემოქმედების ზეგავლენა იგრძნობა ფიოდორ დოსტოევსკიზე, მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინზე, ფრანც კაფკაზე, რიუნოსკე აკუტაგავაზე, მიხაილ ბულგაკოვზე, ვლადიმირ ნაბოკოვზე, ფლანერი ო’კონორსა და სხვა დიდ მწერლებზე.
გოგოლის „მკვდარი სულები“ არაერთ ენაზეა ნათარგმნი. ქართული თარგმანი დავით კასრაძეს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ წიგნი მალე „პალიტრა L-ის“ ახალი სერიის ფარგლებში გამოიცემა.