პაციენტის მდგომარეობა უცვლელია, ფიზიოლოგიური პარამეტრები სტაბილურია, მაგრამ გამომდინარე შიმშილობის ხანგრძლივობისა, რა თქმა უნდა, პაციენტი იმსახურებს, განსაკუთრებულ ყურადღებას, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
"შიმშილობა რთული პროცესია და გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, ამ კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება იყოს სხვადასხვა ორგანოთა ფუნქციის მოშლა და ა.შ. კლინიკა მზად არის და აკეთებს ყველაფერს, რომ წარიმართოს სრულფასოვანი სამედიცინო, მონიტორინგი, ყოველდღიურად კეთდება ლაბორატორიული კვლევები და თუ საჭირო იქნება დამატებითი სხვა სახის კვლევები, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. ეს ხანგრძლივი შიმშილობა უკვე აისახება მის ზოგად მდგომარეობაზეც. აქვს ყველა ის სიმპტომი, რომელიც ამ პერიოდის შიმშილობისთვის არის დამახასიათებელი. ჩვენი მოვალეობაა მდგომარეობის გართულების პრევენცია, და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ",- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
ცნობისთვის, „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო.