თუ სწორად გავიგე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა ევროპის მდგომარეობა იმ მდგომარეობას შეადარა, რომელიც ზოგიერთ ავტორიტარულ რეჟიმში ბატონობს, ეს მიუღებელია, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
"ტრანსატლანტიკური ალიანსის მტკიცე მხარდამჭერი ვარ და ამერიკის მტკიცე მოკავშირე და მეგობარი ვარ. ამერიკული ოცნება ისეთი რამეა, რაც ყოველთვის მხიბლავდა და შთაგონებას მაძლევდა და ამიტომ არ შემიძლია უბრალოდ იგნორირება გავუკეთო იმას, რაც ახლა მოვისმინეთ. არ შემიძლია კომენტარი არ გავაკეთო სიტყვით გამოსვლაზე, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისგან მოვისმინეთ.
"თქვენი უფლებისთვის ვიბრძვით, იყოთ ჩვენს წინააღმდეგ” - ეს ბუნდესვერის [გერმანიის შეიარაღებული ძალები] ერთ-ერთი ლოზუნგია და ეს ჩვენს დემოკრატიას ნიშნავს. ამ დემოკრატიას, რომელიც ახლა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. არა მხოლოდ გერმანიის დემოკრატია, არამედ მთლიანად ევროპის. მან დემოკრატიის განულებაზე ისაუბრა და თუ სწორად გავიგე, მან ევროპის მდგომარეობა იმ მდგომარეობას შეადარა, რომელიც ზოგიერთ ავტორიტარულ რეჟიმში ბატონობს. ქალბატონებო და ბატონებო, ეს მიუღებელია.
ჩვენს დემოკრატიაში ყოველ მოსაზრებას აქვს ხმა და ეს საშუალებას აძლევს პარტიებს, რომლებიც ნაწილობრივ ექსტრემისტულები არიან, როგორიც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ არის, მათ შეუძლიათ კამპანიის წარმოება, როგორც ნებისმიერ სხვა პარტიას…
მაგრამ დემოკრატია არ ნიშნავს, რომ ხმაურიანი უმცირესობა ავტომატურად მართალი იქნება და მათ არ შეუძლიათ გადაწყვიტონ რა არის სიმართლე. ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ყველაფრის თქმა შეუძლია და დემოკრატიას საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ექსტრემისტების წინააღმდეგ, რომლებიც მის განადგურებას ცდილობენ. მიხარია ევროპაში ცხოვრება, სადაც ეს დემოკრატია ყოველ დღე დაცულია მისი შიდა და გარე მტრებისგან”, - განაცხადა პისტორიუსმა.
რა განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე:
"მაშინ როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან შეშფოთებულია ევროპულ უსაფრთხოებაზე და სჯერა, რომ შეგვიძლია რუსეთსა და უკრაინას შორის გონივრულ შეთანხმებამდე მისვლა, და ასევე გვჯერა, რომ მომდევნო წლებში ევროპამ დიდი ნაბიჯები უნდა გადადგას საკუთარი თავდაცვის დაფინანსებაში, ევროპასთან დაკავშირებით საფრთხე, რომელზეც მე ვღელავ ყველაზე მეტად, არ არის რუსეთი, არ არის ჩინეთი, არ არის რომელიმე სხვა გარე აქტორი.
შოკირებული ვიყავი, როდესაც ყოფილი ევროპელი კომისარი ცოტა ხნის წინ ტელევიზიაში გამოვიდა და აღფრთოვანებული ჩანდა, რომ რუმინეთის მთავრობამ არჩევნები გააბათილა. მან გაგვაფრთხილა, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა, იგივე რამ გერმანიაშიც შეიძლება მოხდეს…
სამწუხაროდ, როდესაც დღევანდელ ევროპას ვუყურებ, ხანდახან არც ისე ნათელია რა დაემართა ცივი ომის ზოგიერთ გამარჯვებულს. ვუყურებ ბრიუსელს, რომლის კომისრებიც მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ სოციალური მედიის დახურვას გეგმავენ სამოქალაქო აჯანყებების პერიოდში, მომენტში, როდესაც ისინი დაინახავენ „სიძულვილის შემცველ კონტენტს“, - განაცხადა ვენსმა.