2011 წლის 17 ნოემბერს სამსახურში უეცრად ცუდად გახდა, უჰაერობა დაეწყო, სუნთქვა უჭირდა, თანამშრომელმა კლინიკაში წაიყვანა, სადაც რენტგენი გადაუღეს. ექიმი გაფითრებული სახით გამოვიდა, უმძიმესი მდგომარეობა იყო. 28 წლის გიორგი სარქისოვს უთხრეს, რომ მხოლოდ 2 წლის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი... გული უმძიმეს მდგომარეობაში იყო. დეპრესიაში ჩავარდა და ფაქტობრივად სიკვდილისთვის ემზადებოდა...
2 წლის შემდეგ დაუჯერებელი რამ მოხდა, 2013 წელს მას გული გადაუნერგეს. გიორგი სარქისოვი საქართველოში პირველი გულგადანერგილი პაციენტია.
გიორგი სარქისოვი:
- იმ დღეს სამსახურის რამდენიმე კიბეზეც ვერ ავედი... კლინიკაში რენტგენის გადაღების შემდეგ ექიმმა ჩემს თანამშრომელ ქალბატონს ჰკითხა, - პაციენტი თქვენი ვინ არის? თანამშრომელი - უპასუხა მან. ექიმმა რენტგენის პასუხი გადასცა და დასძინა - მის მშობლებსაც გააგებინეთ... ფილტვები სითხით იყო სავსე და კარდიოლოგიურ კლინიკას სასწრაფოდ მიაკითხეთო. იქიდან წამოსული ცუდად გავხდი, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. ღამე დავწექი, დავიძინე. დილით ბებიამ გამაღვიძა - როგორ ხარ? ღამე იხრჩობოდიო...
- მანამდე რაიმეს უჩიოდით?
- 28 წლამდე არაფერს შევუწუხებივარ. სიცხეც იშვიათად მქონია და არც ექიმთან ვყოფილვარ... თუმცა, სანამ რენტგენის კაბინეტში მოვხდებოდი, ზოგჯერ სუნთქვის უკმარისობას ვუჩიოდი... ბებიაჩემის ნათქვამის შემდეგ დილით მართლა მძიმედ ვგრძნობდი თავს, ვეღარ ვსუნთქავდი. სასწრაფო გამოვიძახეთ, კლინიკაში გადამიყვანეს. ფილტვებში დიდი რაოდენობით სითხის გამო, შეშუპება იყო - სითხე პლევრაშიც მქონდა და ამოიღეს. იყო ასევე ფილტვების ანთება... სითხის ამოღების შემდეგ ამოვისუნთქე და თავი კარგად ვიგრძენი, თუმცა იმ კლინიკაში 10 დღე გავატარე, მერე კი გამოვეწერე... ერთადერთი, რაც იქ მითხრეს, ეს პრობლემა სავარაუდოდ გლანდებისგან და პოლიპებისგან მოდისო...
გულის შესახებ არაფერი უთქვამთ. სისუსტემ ისევ შემახსენა თავი. მერე მეგობარმა დამიყოლია და „ჯოენის“ კლინიკაში წამიყვანა. იქ რეანიმატოლოგი ჩვენი მეგობარი, გიორგი ახობაძე მუშაობდა, რომელმაც ექოსკოპია გამიკეთა და ჩემს მეგობარს უთხრა, - აქედან არ წაიყვანოო. დიაგნოზი დილატაციური კარდიომიოპათია იყო. მაშინ ამ დაავადების შესახებ, არაფერი ვიცოდი. კლინიკაში დამტოვეს, კვლევა, მკურნალობა დამიწყეს. ყველა პროცედურა რომ გამიკეთეს, რაღაც პერიოდის შემდეგ ბლოკში, სადაც მარტო ვიყავი, შემოვიდა პროფესორი ლევან ყურაშვილი. შენ გჭირდება ახალი გული, 2 წელი შეგინახავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნო, - მითხრა. პატარა ბიჭი არ ხარ, რომ ვერ გაიგო, რას გეუბნები, მთავარია, არ შეგეშინდეს... ისეთი დაავადება გაქვს, შენს გულს შანსი აღარ აქვსო... შოკში და დეპრესიაში ჩავვარდი. გულის გადანერგვის ოპერაცია ტელევიზორში, კინოში თუ მქონდა ნანახი და ისიც ზღაპარი მეგონა... ჩემი დეპრესია თვე-ნახევარი გაგრძელდა...
- შემდეგ, მგონი, მამა სერაფიმემ მოგინახულათ, ხომ?
- ეროვნებით ასურელი ვარ. იმ დროისთვის დიდ სამებაში ჩვენთვის პატარა სალოცავი იყო გამოყოფილი, სადაც ჩემი მეგობარი მამა სერაფიმესთან დადიოდა (მაშინ მას ხალხი ასე მასობრივად არ იცნობდა). მეგობარმა მამა სერაფიმეს სთხოვა, ჩემთან მოსულიყო, ვენახე და ვეზიარებინე... მეორე დღეს მამა სერაფიმე მოვიდა, გამესაუბრა და მითხრა, მოდი, აღსარება ჩამაბარე, ხვალ მოვალ და გაზიარებ, ამისთვის მოემზადეო... ჩავაბარე, რაღაც თანხაც დამიტოვა, მშიერი არ იყო და რაც მოგინდება, აქ იყიდეო. მეორე დღეს მოვიდა და მაზიარა. ზიარებიდან ერთ საათში საწოლიდან წამოვდექი, ჩემს თავს ვუთხარი, რომ უნდა ვიბრძოლო. არადა, ისეთი სიტუაცია იყო, რომ უნდა ჩავწოლილიყავი და სიკვდილს დავლოდებოდი... ექთნები და სანიტრებიც დამეხმარნენ, იზრუნეს და მოვწესრიგდი. იმ ყველაფერმა სხვა მძიმე ფიქრისგან დამიცვა, ცუდზე აღარ ვფიქრობდი.
- იმ კლინიკაში რამდენი ხანი იყავით?
- გულის გადანერგვამდე იქ 2 წელი ვიწექი, ოღონდ, ისე, რომ შევდიოდი და გავდიოდი... სამედიცინო პერსონალი ჩემზე ზედმიწევნით ზრუნავდა... მაგრამ ბოლოს ისე დავმძიმდი, რომ კლინიკიდან ვეღარ გამოვდიოდი.
- და გულის გადანერგვაზე დაიწყეთ ფიქრი?
- დიაგნოზის დადგენიდან 5 თვის შემდეგ გავიგე, რომ ამ ოპერაციას ბელორუსში, ქალაქ მინსკში აკეთებდნენ. გულის გადანერგვა რომ იქ კეთდებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია ლევან ყურაშვილისგან შევიტყვე. მინსკში კლინიკის ნომერიც მომცა... საბოლოოდ ვთქვი, რომ ამ ოპერაციის გასაკეთებლად მზად ვიყავი... მაგრამ სერიოზული თანხები იყო საჭირო და მისი შეგროვება თავიდან ერთმა ჩემმა მეგობარმა დაიწყო... მერე ინტერნეტში შემთხვევით ჩემი ძველი მეგობარი ვნახე, რომელიც პარლამენტში მუშაობდა და მორიდებით მივწერე, თუ შეგიძლია, დამეხმარო-მეთქი. როგორც შემეძლება, დაგეხმარებიო... მაგ გოგომ წამოიწყო თანხების მოძიების მთელი ამბავი. ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო... ყველას დიდი მადლობა ამ საქმეში გაღებული ერთი თეთრისთვისაც კი. 60.000 დოლარი ხალხის აგროვებული ფული იყო. ჯანდაცვამ და მერიამ ნახევარზე მეტი ჩამირიცხეს.
- და მინსკში საოპერაციოდ ჩახვედით?
- ხუთშაბათი იყო, ორშაბათს უნდა გავფრენილიყავი და ბლოკში მყოფს მესმის ლაპარაკი - ვერ გაფრინდება, ამის ფრენა არ შეიძლება, ასე ვერ გავუშვებთო - სამედიცინო პერსონალი ჩემს მეგობრებს ეუბნებოდა... იმ დროს ჩემთან შემოვიდა ძმაკაცი და მითხრა - ფრენა შეიძლება გადაიდოს, მაგრამ იქით კვირას აუცილებლად გავფრინდებითო. რატომ მატყუებ, ყველაფერი გავიგე, მომეცი პასპორტი, უნდა დავხიო, აღარ მივდივარ-მეთქი. ისე ვინერვიულე, რომ პარასკევს დავმძიმდი და 8 პაპი მქონდა შეერთებული. რამაზ ბათავანი რომ არ ყოფილიყო, მაგ დღეს ვერ გადავიტანდი. შაბათს ცოტა შვება ვიგრძენი, ვთხოვე, ფეხზე წამომაყენეთ-მეთქი. არ შეიძლებაო... მეწინააღმდეგებოდნენ. ჰაერზე გამიყვანეთ, ორშაბათამდე უნდა მოვემზადო, რომ გავფრინე-მეთქი. ჩემს თავსაც ვაიძულე... ეს იყო ჩემი პრინციპული მოთხოვნა - ცოტა ბრძოლა მომიწია.
- "ბრძოლა" მოიგეთ?
- კვირას ექიმები შემოვიდნენ, მოწესრიგებული ვიყავი, ერთი პაპი მქონდა მხოლოდ შეერთებული და მათ საკმაოდ კარგი განწყობით შევხვდი. გაოცდნენ, პარასკევს ძალიან მძიმე იყავიო... მოკლედ, ორშაბათს დილით გავფრინდი. რეანიმატოლოგად, გიორგი ახობაძე გამომყვა, რომელმაც ექოსკოპია გამიკეთა, მინსკში ჩამიყვანა. სხვა არავინ გავიყოლე, არც ოჯახის წევრი, არც ძმაკაცი - ასეთი იყო ჩემი მოთხოვნა. კლინიკაში ვიტალი ბანელმა მიგვიღო. ძალიან მალე მისი ხმა შემომესმა - გული გამოჩნდა, მალე მოვამზადოთ. ნეტავ, ეგ გული არ გამოდგეს, - გიორგი ახობაძეს ვუთხარი. რატომო? - მკითხა. ძალიან დაღლილი ვარ და დასვენება მინდა-მეთქი. რას ამბობ, ხალხი გულს ნატრობს და შენ რას ლაპარაკობო? ნახევარ საათში მოვიდნენ და გული დაწუნებულია.
- არ გამოდგა?
- C-ჰეპატიტიანი აღმოჩნდა. მერე პალატაში ამიყვანეს. იქ უკრაინელი ბიჭი იწვა, მასთან დღესაც კარგი ურთიერთობა მაქვს, ისიც გულს ელოდებოდა... ერთმანეთი კარგად გავიცანით... ერთ საღამოს ფანჯარა ღია გვქონდა და უცებ ძალიან ძლიერი შეჯახების ხმა მოგვესმა, - ფანჯრიდან რომ გადავიხადე, დავინახე, რომ მაგარი ავარია მოხდა (წინ ავტობანი იყო) და რომას ვუთხარი. აი, შენი გული მანდედან იქნებაო - თქვა მან. რა გული, რას ამბობ-მეთქი?! მერე ტელევიზორი ჩავრთე და ეგ ავარია იქაც გამოაცხადეს, რომ მოტოციკლეტისტი დაიმტვრა, მანქანები, ხალხი დაიღუპა. დილით რომ გავიღვიძე, გიორგიმ დამირეკა (შაკო სხირტლაძე, გიორგი ბახსოლიანი, თორნიკე სუხიაშვილი - მეგობრები იქ იყვნენ), მაშინ მაგ კლინიკაში იყო. გიო, როგორ ხარ, შენი გული ახლა ხელში მიჭირავს და მოემზადე, გადანერგვას ღამე ვაკეთებთო.
რა გული ხელში გიჭირავს, - რას მეხუმრები-მეთქი და ტელეფონი გავუთიშე. გადმორეკა - შენი გული მართლა ხელში მიჭირავს და ღამის 2-ის ნახევარზე ოპერაციას ვიწყებთო... მოვემზადეთ ოპერაციისთვის, ექიმებიც შემოვიდნენ, კონსილიუმი შედგა და მერე საოპერაციოში შემიყვანეს... ოპერაციის შემდეგ თვალები რომ გავახილე, - პირველი, რაც ვიკითხე, რა მოხდა-მეთქი? ყველაფერი კარგად არის, ოპერაცია დამთავრდა და შენც კარგად ხარო - მითხრეს. გამიხარდა. რეანიმაციიდან პალატაში მეშვიდე დღეს ამიყვანეს. იქ ისევ ის უკრაინელი ბიჭი დამხვდა, კიდევ დონორს ელოდებოდა. მილოცავდა, უხაროდა, უმაგრესი ადამიანია, მერე 2 კვირა მომიწია კიდევ მასთან ერთად იქ ყოფნამ. ცუდად რომ ხდებოდა, ვუვლიდი, რადგან ექიმები პალატაში მუდმივად არ იყვნენ ხოლმე.
- ოპერაციის შემდეგ რაიმე გართულება ხომ არ გქონიათ?
- არანაირი გართულება, სიცხეც არ მქონია. ამით თვითონაც გაკვირვებულები იყვნენ, ძალიან წარმატებული ოპერაცია აღმოჩნდა. ვინც გადანერგვა გამიკეთა, იური ოსტროვსკიმ თქვა - ასეთი წარმატებული ოპერაცია 5 წელია, არ მქონიაო. მესამე დღეს ფეხზე წამოვდექი, ეს მათთვის წარმოუდგენელი იყო. მესამე დღეს ფეხზე არავის ვაყენებთო... მერე ოპერაციის შემდეგ კიბეებზე მარბენინებდნენ, სანამ მეცხრე სართულზე ფეხით არ ახვალ, მანამ ვერ გაგწერთო. ჩემი მიზანი იყო, იქიდან წამოვსულიყავი.
- ალბათ მედიკამენტები დაგინიშნეს.
- დიდი რაოდენობით, რომლებსაც ვსვამდი. ერთი დიდი ყუთი იყო, სადაც 24 დასახელების მედიკამენტი იდო. თითოეულს ეწერა დრო, როდის უნდა დამელია, თითქმის ყოველ ნახევარ საათში. მეორე დღეს მედიკამენტების სავსე ყუთი ისევ ივსებოდა... იმ კლინიკაში სულ 27 დღე ვიყავი. აქაც იმავე ყუთით ჩამოვედი... 3 თვეში მინსკში ბიოფსიაზე უნდა ჩავსულიყავი, იმ 4 მედიკამენტიდან დაახლოებით 8 მომიხსნეს. მეექვსე თვეს რომ ჩავფრინდი, უკვე დარეგულირებული იყო ანალიზების ნაწილი და კიდევ 6 წამალი მომიხსნეს... მკაცრ რეაბილიტაციას სულ 6 თვე დასჭირდა. პირბადის გარეშე ყოფნა არ შეიძლებოდა. კვების რეჟიმიც კონტროლდებოდა... მეუბნებოდნენ, 6 თვის მერე 2 წელი გჭირდება, რომ ყველაფერი ფორმაში ჩადგესო... მითითება იყო, რომ მაქსიმალურად დამეტვირთა გული. ბევრი სიარული დამინიშნეს. დღესდღეობით 4-5 წამალია, რასაც დღესდღეობით ვსვამ.
- და თავს როგორ გრძნობთ?
- კარგად, ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ.
- ფაქტია, მეორედ დაიბადეთ... როგორია სხვისი გულით ცხოვრება, რა გრძნობაა ეს?
- მაგაზე თავიდან ხანგრძლივად მომიწია ფიქრი, მაგრამ იქაც მითხრეს, ეცადე, ნაკლებად იფიქრო, რომ სხვისი გულით ხარ. ფიქრი შეგიყოლიებს, შეიძლება ღრმა დეპრესიაში ჩაგაგდოს... იფიქრე მხოლოდ იმაზე, რომ ხარ ჯანმრთელი... ის ბიჭი კი ძალიან შემეცოდა...
- გაიგეთ ვინ იყო? იცით ვისი გული გაქვთ?
- ეგ საკითხი მკაცრად გასაიდუმლოებულია. ერთადერთი, მითხრეს, რომ ბაიკერი, სპორტსმენი, 38 წლის, სიმაღლეში მეტრი და 95 სანტიმეტრი. მე მაშინ 30 წლის ვიყავი... მისი არც სახელი, გვარი და მისამართი უთქვამთ...
- მიზეზი თუ დადგინდა, ეგ დიაგნოზი რამ გამოიწვია?
- გენეტიკური არ არის, ჩემს გენეტიკაში გულის პრობლემა არავის ჰქონია... იყო ვერსიები, რომ თითქოს ვირუსმა გამოიწვია, ნესტმაც იცის, გაციებამო - საბოლოოდ ვერ გავიგე, რისგან დამემართა.
- ცოტა ხნის წინ გულგადანერგილი გოგონა - ქეთი ქარუმიძე იყო ჩემი რესპონდენტი. საქართველოში სხვა გულგადანერგილ ადამიანებს თუ იცნობთ?
- ქეთისაც ვიცნობ და საქართველოში ბევრ მათგანთან მაქვს ურთიერთობა, ვინც ჩემ მერე გული გადაინერგა. ვინც მაგ პრობლემის წინაშეა, ჩემი მხრიდან, რაც შემიძლია, ვეხმარები. ვცდილობ, ისინი სწორ გზაზე დავაყენო, რადგან ყოფილა შემთხვევები, როცა წასულან, ჩამოსულან და 3-4 თვეში ყველაფერი ცუდად დამთავრებულა... საქართველოში სულ 14 გულ გადანერგილი ადამიანია. 14-ვეს ვიცნობ და მაქვს მათთან ურთიერთობა, მაგრამ ვისაც გადანერგვა სჭირდება, მათი რიცხვი, უფრო მეტია. ადამიანმა ცხოვრებაში არასოდეს უნდა დაიტოვოს კითხვის ნიშანი. ბოლომდე უნდა იბრძოლოს, სირთულეს არ უნდა დანებდეს. მე რომ დავნებებოდი ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი.
- გიორგი, ოპერაციის შემდეგ დაოჯახდით, ხომ?
- კი, მეუღლე და 5 წლის გოგონა მყავს. აქტიური მშობლები ვართ და აქტიურად ვართ ჩართული მის აღზრდაში.