ერთი უნიკალური ფოტოს ისტორია გვინდა გავიხსენოთ, რომელიც 1975 წლის 17 ივლისს ჯემალ კასრაძემ გადაიღო. მაშინ კასრაძე გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" მუშაობდა და სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მწერალთა კავშირის შენობაში იყო მივლენილი, სადაც კლასიკოსი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
წლების წინ ჟურნალ "გზასთან" ერთ-ერთ ინტერვიუში ფოტოგრაფმა ფოტოს საინტერესო ისტორია გაიხსენა:
ჯემალ კასრაძე:
- იმ პერიოდში ჩვენი გაზეთის რედაქტორი ვახტანგ ჭელიძე გახლდათ და სწორედ მისი დავალებით აღმოვჩნდი კონსტანტინე გამსახურდიას სამოქალაქო პანაშვიდზე. ცხადია, იმ ისტორიული ფაქტის ფირზე აღბეჭდვა მევალებოდა. იქ იყვნენ მწერლის ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები, კოლეგები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები: ავლიპ ზურაბაშვილი, ილია ვეკუა, გრიგოლ აბაშიძე... მოვიდა ედუარდ შევარდნაძეც, რომელიც მაშინ საქართველოს ცეკას მდივანი გახლდათ. შეკრებილმა საზოგადოებამ ერთად, წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილი მწერლის ხსოვნას, რაც ამ ფოტოზე აღიბეჭდა კიდეც...
- ბატონო ჯემალ, ფოტოზე მარჯვენა კუთხეში, ჭირისუფალთა შორის დაფიქსირებულია კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟი - ზვიად გამსახურდია, მომავალში საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც იმ პერიოდში დისიდენტურ საქმიანობას ეწეოდა...თუ გახსოვთ, როგორ შეხვდნენ ედუარდ შევარდნაძე და ზვიად გამსახურდია ერთმანეთს?
- როდესაც ედუარდ შევარდნაძე მოვიდა, ბატონი ზვიადის მზერა, შეუმჩნეველი არავისთვის ყოფილა. შემიძლია, ვთქვა, რომ მან საოცარი მზერა ესროლა ცეკას მდივანს, მას მერე, რაც ისინი ერთმანეთს გაუსწორდნენ... როდესაც ბატონი კონსტანტინე მწერალთა კავშირის შენობიდან გამოასვენეს, პროცესია გალის ქუჩამდე ანუ „კოლხურ კოშკამდე“ ფეხით გაემართა (კონსტანტინე გამსახურდია, მისივე ანდერძის თანახმად, მისი სახლის ეზოშია დაკრძალული). ძალიან ბევრი ადამიანი მიაცილებდა მწერლის ცხედარს. იმდენი ხალხი, რაც მაშინ ვნახე, არავის გასვენებაზე აღარ მინახავს. რუსთაველის გამზირი ხალხით იყო გადაჭედილი... პროცესია რუსთაველის ძეგლთან შეჩერდა, ამ ჟესტით ის თავის წინამორბედს გამოემშვიდობა...
P.S. იმ დღიდან 15 წელი გავიდა და საქართველო გათავისუფლდა საბჭოთა მარწუხებისგან, ხოლო ქვეყნის პირველ პრეზიდენტად ქართველმა ხალხმა ზვიად გამსახურდია აირჩია, რომელიც ძალიან მალე საქართველოდან გააქციეს... მისი ადგილი ყოფილმა ცეკას მდივანმა, ედუარდ შევარდნაძემ დაიკავა...ამ ფოტოს გადაღებისას ვერც ჯემალ კასრაძე და და ალბათ ვერც სამოქალაქო პანაშვიდზე მყოფი ადამიანები ამას ვერ წარმოიდგენდნენ, რადგანაც იმ პერიოდში საბჭოთა კავშირი ყვაოდა...
ფოტოს გადაღებიდან 50 წლის შემდეგ კი, მასზე კიდევ ერთხელ თვალის შევლებისას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ კადრში ფოტოგრაფმა მომავალში საქართველოს ორი პრეზიდენტი ასახა