ავტორი:

გამოჩნდა ბაშარ ასადის ვაჟი, რომელიც სირიაში გატარებულ ბოლო საათებს იხსენებს - "ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა ჩვენთან რუსი მაღალჩინოსანი მოვიდა"

გამოჩნდა ბაშარ ასადის ვაჟი, რომელიც სირიაში გატარებულ ბოლო საათებს იხსენებს - "ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა ჩვენთან რუსი მაღალჩინოსანი მოვიდა"

ახლახანს ტელეგრამში გამოჩნდა ჰაფეზ ასადი, რომელიც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ვაჟია. არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც სირიის დიქტატორის შვილი სამშობლოში გატარებული უკანასკნელი საათების შესახებ ჰყვება. ჰაფეზის მიერ გამოქვეყნებული სელფის ვიდეო არხის ავთენტურობის ადასტურებს.

  • ჰაფეზ ასადის თქმით, თუ მის ოჯახს გაქცევა სურდა, ამას ბევრად ადრე გააკეთებდა - მაგალითად, 2012 ან 2013 წელს, როცა "დამასკო ფაქტობრივად ალყაში იყო, ყოველდღიური დაბომბვისა და ტერორისტების ქალაქის ცენტრში შეღწევის მუდმივი საფრთხის წინაშე იდგა".

ჰაფეზი ირწმუნება, რომ ასადების ოჯახს არასდროს ჰქონიათ დამასკოს, მით უმეტეს, სირიის დატოვების გეგმა. თუმცა, ყველაფერი შეიცვალა 7-8 დეკემბრის ღამეს, მას შემდეგ, რაც მათთან ერთ-ერთი რუსი მაღალჩინოსანი მივიდა.

ჰაფეზის თქმით, მან ნოემბრის ბოლოს მოსკოვში დისერტაცია დაიცვა. დედამისი, ასმა ასადი იმ პერიოდში მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ, ხოლო მისი და, ზეინი, ასევე მოსკოვში იმყოფებოდა.

1 დეკემბერს ჰაფეზ ასადი დამასკოში გაფრინდა, რათა მამას და ძმას, ქარიმს, რთულ ვითარებაში დახმარებოდა. 7 დეკემბერს, ჰაფეზის თქმით, ჩვეულებრივი დღე იყო - მისი ძმა, ქარიმი, მათემატიკის გამოცდას აბარებდა დამასკოს გამოყენებითი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უმაღლეს ინსტიტუტში, ხოლო ზეინი მოსკოვიდან დამასკოში გამგზავრებას გეგმავდა. რაც შეეხება დაბომბვებს დამასკოს მახლობლად, ჰაფეზი აღნიშნავს, რომ ოჯახი ამას არ აღიქვამდა პანიკის მიზეზად, რადგან ეს მათთვის „სამხედრო კონფლიქტის პირველი წლებიდანვე ნაცნობი რეალობა იყო.“

სირიის არმია კვლავაც აგრძელებდა დედაქალაქის დაცვას, და მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა ინფორმაცია ჰომსიდან სამთავრობო ძალების უკანდახევის შესახებ, ასადების ოჯახში არანაირი მობილიზება არ ყოფილა.

  • "ყველაფერი შუაღამის შემდეგ შეიცვალა, როდესაც ჩვენს სახლში, ალ-მალკის რაიონში, რუსი მაღალჩინოსანი გამოჩნდა" - წერს ბაშარ ასადის ვაჟი.

ჰაფეზის თქმით, ეს უცნობი რუსი ოფიციალური პირი 7-8 დეკემბრის ღამეს სირიის პრეზიდენტის რეზიდენციაში მივიდა და გადაუდებელი მოთხოვნა გადასცა - ასადები რამდენიმე დღით ლატაკიაში გადასულიყვნენ.

დამასკოს საერთაშორისო აეროპორტში ბაშარ ასადს და მის ორ შვილს შეუერთდა ყოფილი პრეზიდენტის ძმა, მაჰერ ასადი. მათ ღამის სამ საათზე რუსული სამხედრო თვითმფრინავით რუსეთის ხმეიმიმის ბაზისკენ აიღეს გეზი.

გადაფრენის შემდეგ, ასადები უნდა გადასულიყვნენ პრეზიდენტის რეზიდენციაში, რომელიც ხმეიმიმის ბაზიდან 40 კილომეტრის მოშორებით, ბურჯ ისლამის რაიონში მდებარეობდა. თუმცა, ყველა მცდელობა, დაჰკავშირებოდნენ რეზიდენციას, უშედეგო აღმოჩნდა - ზარებს არავინ პასუხობდა.

ამავდროულად, ბაშარ ასადი იღებდა ცნობებს სამხედროების ფრონტიდან უკანდახევის შესახებ, რაც მთავრობის ჯარების პოზიციების სრულ დაცემას ნიშნავდა.

"დღისით, რუსულმა სამხედრო ბაზამ ოფიციალურად გვაცნობა, რომ მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. მათ განაცხადეს, რომ ბაზის დატოვება უკვე შეუძლებელი იყო, რადგან ტერორისტები მთელ ქვეყანაში იყვნენ, მდგომარეობა სრულ ქაოსში გადავიდა და სამხედრო მეთაურობასთან ყველანაირი კავშირი გაწყდა.

მოსკოვთან კონსულტაციების შემდეგ, ბაზის ხელმძღვანელობამ შეგვატყობინა, რომ ჩვენ რუსეთში უნდა გავფრენილიყავით. ცოტა ხანში ავედით რუსულ სამხედრო თვითმფრინავზე, რომელიც მოსკოვში მიფრინავდა და იმავე საღამოს იქ ჩავფრინდით,“ - წერს ჰაფეზ ასადი.

რა არის ცნობილი ჰაფეზ ასადის შესახებ

ჰაფეზ ალ-ასადი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის უფროსი ვაჟია. ის 2001 წელს დაიბადა და სახელი ბაბუის, სირიის ყოფილი ლიდერის, ჰაფეზ ალ-ასადის პატივსაცემად ეწოდა.

ჰაფეზ ალ-ასადი გამოირჩევა განსაკუთრებული ნიჭით მათემატიკაში. 2023 წელს მან წარმატებით დაასრულა სწავლა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (მგუ) მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე და მიიღო მაგისტრის ხარისხი "სუფთა მათემატიკის" მიმართულებით. მისი სამაგისტრო ნაშრომი რიცხვთა თეორიას შეეხებოდა.

2024 წლის 29 ნოემბერს ჰაფეზმა რუსულ ენაზე წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მგუ-ში და მიიღო ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

დიპლომის გადაცემის ცერემონიას დედამისი, სირიის პირველი ლედი, ასმა ასადი ესწრებოდა, რომელსაც მგუ-ს რექტორმა, ვიქტორ სადოვნიჩმა სპეციალური მოწვევა გაუგზავნა.

წაიკითხეთ ასევე: