თამთა საბელაშვილი ძლიერი და გამბედავი დედაა, რომელიც სამ შვილთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს და ყოველდღიურად უამრავ გამოწვევას უმკლავდება. ის "ტიკტოკის" საშუალებით უზიარებს გამომწერებს თავის ისტორიას – შრომის, ბრძოლის, თავდაუზოგავი სიყვარულისა და მიზანდასახულობის შესახებ.
თამთას ცხოვრება საქართველოში რთული იყო: ოჯახური სირთულეები, შშმ ბავშვთან ერთად ცხოვრების გამოწვევა, თუმცა საფრანგეთში წასვლამ მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ სტატუსის გარეშე უწევს ცხოვრება და ახლა მხოლოდ სახლების დალაგებაზე მუშაობს, არასდროს ნებდება და ცდილობს, შვილებს საუკეთესო პირობები შეუქმნას.
ტიკტოკზე მისი გვერდი ბევრისთვის შთამაგონებელია. თამთა არა მხოლოდ საკუთარ სირთულეებზე საუბრობს, არამედ სხვა ქალებსაც აძლევს მოტივაციას, რომ ცხოვრების გამოწვევებს არ შეუშინდნენ
- როგორი იყო თქვენი ცხოვრება საქართველოში, სანამ საფრანგეთში წახვიდოდით?
- გავიზარდე თბილისში. დაახლოებით მესამე კლასში ვიყავი, როდესაც მამამ დაგვტოვა მე და ჩემი დედმამიშვილები. დედამ მარტომ გაგვზარდა. დავამთავრე ბუღალტერია, მიტაცებდა ცეკვა და სპორტის ყველა სახეობა. 17 წლის ვიყავი, როდესაც დავოჯახდი,18 წლის ასაკში კი პირველი შვილი შემეძინა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აღმოჩნდა ჩემთვის გიოს დედობა, რადგან სამშობიარო ტრავმით დაიბადა და ლამის საავადმყოფოში ვცხოვრობდით. მისი დიაგნოზია – ცერებრალური დამბლა, მიკროცეფალია და ეპილეფსია. დაახლოებით სამი წლის შემდეგ გავაჩინე მისი ძმა, მათე.
- ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება როდის მიიღეთ?
- ჩემი მეუღლე თბილისის მარიოტში მუშაობდა, ხოლო მე სამწუხაროდ ვერ ვმუშაობდი, რადგან გიოს დატოვება არ შემეძლო. დაახლოებით ორი წლის ასაკიდან დაეწყო ეპილეფსიური შეტევები. დავდიოდით ნევროლოგთან და ასევე რეაბილიტაციაზე, მაგრამ უშედეგოდ. შეტევების პერიოდულობა იზრდებოდა და ორი წლის განმავლობაში უძილოდ, უენერგიოდ და გამოფიტულს მიწევდა მისი მოვლა. ბოლო დროს სამჯერ მოვხვდით საავადმყოფოში ფილტვების ანთებით. მოგეხსენებათ, დაზღვევა მკურნალობის მხოლოდ 5 დღეს აფინანსებდა და შემდეგ უკვე დამატებითი თანხა გვჭირდებოდა. ჩვენი ნათესავების და მეგობრების დახმარებით ამ თანხის გადახდას ვახერხებდით, მაგრამ გიო ეპილეფსიის გამო აღარ ვითარდებოდა და მდგომარეობა უფრო მძიმდებოდა. მითხრეს, რომ აზრი არ ჰქონდა ქვეყნიდან წასვლას და მკურნალობა შედეგს მაინც ვერ მოგვიტანდა, მაგრამ მაინც გადავდგით ეს ნაბიჯი. უკვე რვა წელია საფრანგეთში ვცხოვრობთ. სამწუხაროდ, სტატუსი ჯერ კიდევ არ გვაქვს, მაგრამ არ ვნებდებით.
- როგორ შეიცვალა გიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველოდან წასვლის შემდეგ?
- გიო ვერ საუბრობს, ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად და ტვინის დიდი ნაწილი დაზიანებული აქვს. საქართველოში რეაბილიტაციას გავდიოდით, იღებდა ეპილეფსიის წამლებს, მაგრამ ძალიან მიჭირდა მისი გადაადგილება. ასევე, ხალხის დამოკიდებულება ხშირად შემბრალებლური ხასიათის იყო, რაც კიდევ უფრო მასუსტებდა მენტალურად. ფაქტობრივად, აუცილებლობის გარდა გარეთ ვერ გავდიოდით, რომ თავიდან აგვერიდებინა ეს შეურაცხმყოფელი და არაჰუმანური დამოკიდებულება.
საფრანგეთში ჩამოსვლის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, გიორგის მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ზუსტად ერთ თვეში მკურნალობის შეცვლიდან, ეპილეფსია შეჩერდა, დაიწყო გაღიმება და ჩვენ უძილო ღამეებსაც ბოლო მოეღო. მართალია, აქ სასტუმროდან-სასტუმროში გვიწევდა სიარული, არც პირობები გვქონდა შესაბამისი, მაგრამ მშვიდად ვგრძნობდი თავს გიორგის ჯანმრთელობის გამო.
- როგორც ჩანს, ეს შენზეც დადებითად აისახა, არაჩვეულებრივად გამოიყურებით.
- ჩემს გარეგნობას და პოზიტივს რაც შეეხება, როცა ადამიანებისგან ნორმალურ დამოკიდებულებას იღებ, როცა არ გექცევიან გარიყულად ან განსხვავებულად იმის გამო, რომ შენს შვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, თავისთავად გემატება თავდაჯერებულობა. შენს შესაძლებლობებს სხვანაირად აფასებ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ თავიდან დავიბადე და საკუთარი თავის დავიჯერე.
- თუ არ ვცდები, მარტოხელა დედა ხართ, როგორ ახერხებთ უცხო ქვეყანაში სამი შვილით ცხოვრებას?
- საფრანგეთში მარტო არ წამოვსულვარ, ჩემს ყოფილ ქმართან ერთად ჩამოვედი და მესამე ბავშვი აქ გავაჩინე. დაახლოებით ოთხი წელია, რაც დავშორდით, მაგრამ ის ჯერ კიდევ მონაწილეობს ბავშვების აღზრდაში.
- თქვენი ძირითადი სამსახური დალაგებებზე სიარულია, ამაზე ვიდეოებშიც საუბრობთ.
- სამწუხაროდ, როცა მუშაობის უფლება არ გაქვს, სხვა სამსახურის შოვნა ძალიან რთულია. ამიტომ, სახლებს ვალაგებ, რომ ბავშვებისთვის და ასევე ჩემი თავისთვის მაქსიმალური გავაკეთო.
- ძალიან ლამაზი ხართ, რთული ცხოვრების მიუხედავად მაინც ახერხებთ გარეგნობაზე ზრუნვას, რა გაძლევთ ენერგიას.
- ძალიან დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. რაც შეეხება სილამაზეს, ვფიქრობ, რომ ეს პირველ რიგში, შინაგანი მდგომარეობით მოდის. როცა შინაგანად კომფორტულად ხარ საკუთარ თავთან და პროდუქტიული, ასევე გყავს მეგობრები, ვინც გაფასებს და პატივს გცემს, საკუთარი თავის რწმენა გიბრუნდება, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია. როცა დედა ბედნიერია, ბავშვებიც ბედნიერები არიან. ენერგიას ჩემი შვილებისგან ვიღებ.
- გყავთ ძალიან ბევრი გამომწერი. სოციალურ ქსელში აქტიურობამ რა მოგცათ, რაში გეხმარებათ?
- სოციალური ქსელი კორონა ვირუსის დროს გავააქტიურე. სიმართლე გითხრათ, ერთ-ერთი ჩემი ენერგიის წყარო სწორედ ეს გახდა. გავიცანი ბევრი ადამიანი, ვინც ჩემდამი კეთილად განწყობილია. ასევე, ძალიან ბევრი დედის სათქმელს ვამბობ ხმამაღლა და ვცდილობ, პრობლემებს გაცილებით მარტივად შეხედონ. მინდა, იცოდნენ, რომ მარტო არ არიან და რომ უამრავი მომღიმარი ადამიანის უკან იმალება სევდა და ტკივილი. ვეხმარები სტარტაპებს თავიანთი პროდუქციის რეალიზაციასა და პოპულარიზაციაში. ვიცი, რომ მომავალში გაცილებით მეტის გაკეთებას შევძლებ და არამხოლოდ განწყობას, არამედ ადამიანებს ჩემი ვიდეოები იმედს და მოტივაციასაც აძლევს. მიხარია, რომ ასეა.
- როგორია თქვენი ერთი დღე, უცხო ქვეყანაში, რომელიც ახლა თქვენს მეორე სამშობლოდ იქცა
- ჩემი დილა იწყება შვიდ საათზე. პირველ რიგში, გიორგის ვამზადებ სკოლისთვის: ვუმზადებ მედიკამენტებს და საჭმელს, რადგან გიორგის გასტროსტომის ოპერაცია აქვს გაკეთებული და საკვებს სტომის მეშვეობით იღებს. სანამ ამ სამზადისში ვარ და მას ტაქსი მოაკითხავს, მათე და ემილი, თვითონ ემზადებიან სკოლისთვის. გიორგის წასვლის შემდეგ, ცოტა ხანში ისინიც მიდიან და მრჩება დრო, რომ მუშაობა მოვასწრო ან მეგობრები შევხვდე, ან აუცილებელი საქმეები გავაკეთო. ასევე ვარ დაკავებული კრივით და ვარჯიშით, რომელიც საღამოს საათებში მაქვს. ამ დროს ბავშვებზე ზრუნავს მათი მამა. ჩვენ განაწილებული გვაქვს კვირის დღეები და შესაბამისად ვალდებულებებიც. ემილი დადის კონსერვატორიაში კლასიკურ ცეკვაზე, ხოლო მათე კრივზე. ზოგიერთ დღეებში საკმაოდ აქტიური ვართ, ზოგიერთში კი ნაკლებად.
- ძლიერი ქალის მაგალითი ხართ უამრავი ადამიანისთვის, რა გაძლევთ ამის რესურსს, არ გაქვთ ხოლმე დეპრესიული პერიოდები?
- სიმართლე გითხრათ, საქართველოში ყოფნის დროს ჩემი ყოველი დღე და წელი დეპრესიული იყო. ალბათ მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი და ვერც ვაღიარებდი. დროთა განმავლობაში მივხვდი, რამდენი ზიანი მომაყენა სხვების აზრების გათვალისწინებამ. აღმოვაჩინე, რომ სულ სხვის ბედნიერებაზე და კომფორტზე ვფიქრობდი. როგორც კი საკუთარი თავის სიყვარული ვისწავლე, მივხვდი, რამდენად მეტი შემეძლო და რამდენი რესურსია თითოეულ ჩვენგანში, თუ სწორ დროს და სწორ ადგილას აღმოვჩნდებით.
ეს სხვა ბლოკავს ჩვენს რესურსებს, რის შემდეგაც საკუთარი თავის რწმენას ვკარგავთ, რაც ხელს გვიშლის ყველაფერში.
აქაც მაქვს დეპრესიული პერიოდები, მაგრამ ძალიან იშვიათად. იმდენად დაკავებულია ჩემი გონება სხვა საქმეებით, რომ არ მაქვს დრო მოწყენისთვის ან ფიქრებისთვის. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ. ძალას მაძლევს ყველა ის დედა, ვინც მამხნევებს, ვეიმედები და ცდილობენ, ჩემი დახმარებით საკუთარი ცხოვრებაც შეცვალონ და ადამიანებს არ მისცენ უფლება, მათ ცხოვრებაში უხეშად ჩაერიონ.
- ახლა რა კავშირი გაქვთ საქართველოსთან, თუ აპირებთ ოდესმე დაბრუნებას?
- მთავარი მიზეზი, რის გამოც ემიგრაციაში წამოვედი, ჩემი შვილი იყო. მინდოდა, რომ ეპილეფსია შეჩერებულიყო და ნაკლები ზიანი მიეღო. ახლა თუ მკითხავთ, ალბათ უკვე მხოლოდ გიოს გამო არ ვარ აქ. საკუთარი თავი ვიპოვე, პოტენციალი და მიზნები, რამაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. ჩემი შვილების მომავალი გაცილებით უკეთეს პირობებშია. საქართველოსკენ გამოხედვაც კი შიშს და საშინელ უნდობლობას მგვრის. გიორგის არსებობაც კი იქ იმხელა თანხებზეა დამოკიდებული, რომ არ ვიცი, რა სფეროში უნდა ვმუშაობდე, რათა იგივე შევძლო, რაც ახლა აქ დალაგებით შემიძლია გავაკეთო.
რა თქმა უნდა, ეს დროებითია და საბუთის მიღებისთანავე გავაგრძელებ პროფესიულ განვითარებასა და სწავლას. არ მაქვს საქართველოში ბინა და არც ადაპტირებული სკოლა ჩემი შვილისთვის. საერთოდ ვერ ვხედავ ჩემს თავს იქ, სამწუხაროდ. სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას რაიმე ორგანიზაციის შექმნაში, რომელიც შშმ ბავშვის მშობლებს დახმარებას გაუწევს, როგორც მენტალურად, ისე ფინანსურად. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ყველაფერი შესაძლებელი გახდება და ჩვენს ქვეყანაში გაცილებით უკეთესი პირობები იქნება ასეთი ბავშვებისთვის.