ფიზიკოსმა, მათემატიკოსმა, ასტრონომმა, თეოლოგმა ისააკ ნიუტონმა, გარდა იმისა, რომ გრავიტაციის კანონი აღმოაჩინა, სამყაროს აღსასრულის თარიღიც იწინასწარმეტყველა.
არსებობს ნიუტონის წერილი, რომელიც 1704 წლითაა დათარიღებული, ნათქვამია, რომ მსოფლიოს აღსასრული 2060 წელ იქნება.. ეს თარიღი სხვადასხვა მათემატიკური გამოთვლების გვერდით არის ჩაწერილი.
მისი გათვლები ბიბლიურ ისტორიაში არსებულ რიცხვებსა და თარიღებს ეფუძნებოდა და სწორედ მათზე დაყრდნობით იწინასწარმეტყველა აპოკალიფსი XXI საუკუნის შუა პერიოდისთვის.
ის იკვლევდა დანიელისა და გამოცხადების წიგნებში არსებული 1260, 1290 და 2300 დღის მნიშვნელობებს, რომლებიც აპოკალიფსის დასაწყისსა და დასასრულს აღნიშნავენ. თუმცა, ნიუტონმა ეს დღეები წლებად აღიქვა.
ისტორიის შესწავლისას, მან გადაწყვიტა, რომ ეკლესიის ფორმალური დაცემის პერიოდი 800 წელს დაიწყო – იმ დროს, როდესაც დაარსდა საღვთო რომის იმპერია. შემდეგ, მან გამოთვალა, რომ სამყაროს აღსასრული ამ მოვლენიდან 1260 წლის შემდეგ დადგებოდა.
თუმცა, ნიუტონი წინასწარმეტყველებას გარკვეული შენიშვნებს ურთავს:"ეს შეიძლება უფრო გვიან მოხდეს, მაგრამ ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა მოხდეს უფრო ადრე".
"ეს წინასწარმეტყველება იმის დასადგენად არ დამიწერია, ზუსტად როდის დადგება აღსასრული, არამედ იმ ადამიანთა ფანტაზიის შესაჩერებლად, რომლებიც მუდმივად ცდილობენ სამყაროს აღსასრულის თარიღის გამოცნობას. მათი მცდარი პროგნოზები ხშირად ბიბლიურ წინასწარმეტყველებების დისკრედიტაციას ახდენს", - წერდა ნიუტონი წერილში.
კანადის ჰალიფაქსის კოლეჯის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ისტორიის დეპარტამენტის პროფესორი, სტივენ სნობელენი აღნიშნავს, რომ ნიუტონი სკეპტიკურად უყურებდა წინასწარმეტყველური თარიღების დადგენას და წუხდა, რომ ადამიანური შეცდომებით გამოწვეული გაუმართლებელი პროგნოზები ბიბლიის სანდოობას დააზიანებდა.
"ნიუტონისთვის 2060 წელი უფრო ახლის დასაწყისი იქნებოდა – ძველი ეპოქის დასასრული და ახალი ერის დასაწყისი. ეს იქნებოდა მესიანური ხანა, რომელსაც იუდეველები მოელიან, ან ქრისტიანებისათვის ცნობილი ათასწლოვანი სამეფო, ღვთის მეუფების ერა,“ – განმარტავს პროფესორი.