ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეკრებილებმა სანთლები დაანთეს და ბათუმში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს დაღუპული მცირეწლოვნების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
მოქალაქეები უწყებასთან ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად, ორი მცირე წლოვანი ბავშვის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ამასთან, ისინი დაღუპული მცირეწლოვნების ახლობლებსა და მთელს საქართველოს სამძიმარს უცხადებენ.
“პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპული მცირეწლოვნების ოჯახის წევრებს და მთელ საქართველოს. ფაქტია, რომ ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ არის ისეთი სახარბიელო, როგორც მმართველი გუნდი ასაღებს. ბავშვებს არ უნდა უწევდეთ ჩვენს ქვეყანაში ჯართის შეგროვება, რათა ერთი-ორი კაპიკი იშოვონ, ოჯახი გამოკვებონ, ან სათამაშო იყიდონ. შესაბამისად, ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან შევიკრიბეთ, რომ მათ კიდევ ერთხელ გავაგონოთ საზოგადოების ხმა, რომ ეს არ არის უბრალო შემთხვევა და თითოეულმა ჩვენგანმა ხმა უნდა ავიმაღლოთ, რათა მომავალში იგივე ტრაგედია არ განმეორდეს”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
გარდა ამისა, მანიფესტანტების განმარტებით, ისინი ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობასაც აპროტესტებენ.
ცნობისთვის, გუშინ ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში უბედურ შემთხვევას ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
იხილეთ ასევე: