ავტორი:

“კარგა ხანია სხვები გვედავებიან; სულგუნის დამზადება ქართველებს ნამდვილად არავისგან უსწავლიათ“ - სულგუნის ისტორია, რომელზეც სულხან-საბა ორბელიანიც კი წერდა: რას გვიყვება ეთნოლოგი

“კარგა ხანია სხვები გვედავებიან; სულგუნის დამზადება ქართველებს ნამდვილად არავისგან უსწავლიათ“ - სულგუნის ისტორია, რომელზეც სულხან-საბა ორბელიანიც კი წერდა: რას გვიყვება ეთნოლოგი

სულგუნს ქართული სუფრის კულტურაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია. ყველის ეს სახეობა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარიდან, სამეგრელოდან მოდის. თუმცა, როგორც ეთნოლოგი როლანდ თოფჩიშვილი აღნიშნავს, ზოგიერთი ეთნოსის წარმომადგენელმა ქართული კვებითი კულტურის ეს მიღწევა სხვადასხვა დროს საკუთარ პროდუქტად გამოაცხადა.

ამ პრობლემას ეთნოლოგმა სამეცნიერო ნაშრომი - „ქართველთა კვებითი კულტურის ისტორიიდან: სულგუნი“ მიუძღვნა, რომელიც სამ ენაზეა გამოცემული. პროფესორი საფუძვლიანად განიხილავს და ასაბუთებს იმას, რომ სულგუნი მხოლოდ საქართველოში - კოლხეთის დაბლობზეა შექმნილი.

როლანდ თოფჩიშვილი:

- ქართველთა კვებითი კულტურა ორიგინალური და მრავალფეროვანი იყო, რაც საქართველოს ლანდშაფტით, ბუნებრივ-გეოგრაფიული, კლიმატური, სამეურნეო ყოფის მრავალფეროვნებითაც იყო განპირობებული. ამასთან, ქართველები შემოქმედებითად იზიარებდნენ სხვა კულტურულ მიღწევებსაც. მაგალითად, -მა-ზე დაბოლოებული კერძების სახელწოდებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ისინი, ისევე როგორც სხვა ჩვენს მეზობელს, თურქეთისგან გვაქვს შეთვისებული (ყაურ-მა, ჩიხირთ-მა, ტოლ-მა, ბასტურ-მა...) მაგრამ კულტურის ამ სფეროში არის ისეთი ელემენტები, რომლებიც მხოლოდ ქართველი ხალხის წიაღშია წარმოქმნილი.

- სულგუნის თემას რომ დავუბრუნდეთ... მართლაც რა ვიცით მის შესახებ?

- საქართველოს ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეს ყველის კულტურის დამახასიათებელი სახეობა აქვს. მათ შორისაა სულგუნი. მაღალი კვებითი ღირებულების გამო, სულგუნი 1890-იანი წლებიდან ფოთის ნავსადგურიდან უცხოეთში გაჰქონდათ. მას ეთნოგრაფიული მონაცემებით, დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში, -სამეგრელოში, სვანეთში, იმერეთში, ლეჩხუმსა და რაჭაში ამზადებდნენ. სამეგრელოში სულგუნს „სელეგინი“, „სელეგუნი", „სიოგინი" ერქვა, ხოლო ზემო იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში - „გვაჯილა“/„გვაჯილი“. სულუგუნი იცოდა სულხან-საბა ორბელიანმაც. მისი განმარტებით, ის „გადაზელილი ბრტყელი ყველი“-ა. სულგუნს გურიაში „გადაზელილს“ უწოდებდნენ. მისი კეთება იციან ჭოროხის აუზიდან თურქეთის შავი ზღვის რეგიონში მუჰაჯირად წასული ქართველი მაჰმადიანების შთამომავლებმაც. საქართველოში, აფხაზეთშიც ამზადებდნენ, თუმცა კავკასიაში სხვა ხალხებისთვის სულგუნის ტექნოლოგია უცნობი იყო... მაგრამ ჩვენი ეთნიკური კულტურის ამ მიღწევას კარგა ხანია სხვები გვედავებიან...

1987 წელს ბათუმში ჩატარებულ ეთნოლოგთა რესპუბლიკურ კონფერენციაზე, აფხაზმა მკვლევარმა კოპეშავიძემ მოხსენება წაიკითხა, რომ სულგუნის კულტურა აფხაზთა შემოქმედებაა და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობამ, მეგრელებმა მისი დამზადება აფხაზებისგან შეითვისა.

ოსი ავტორები (კერძოდ, კალოევი და სხვები) წერდნენ, რომ სულგუნი ქართველებმა ოსებისგან ისწავლეს... კალოევი მკითხველს ამით ატყუებს და ასევე სხვა ნაშრომში ქმნის მითებს, საკითხში ჩაუხედავთ აუწყებს, რომ ოსებმა სულგუნის დამზადება მონღოლების შემოსევების დროს დაივიწყეს. სამეგრელოში კი სულგუნი ძველმა ირანელებმა შეიტანეს, რომლებიც იქ დასახლებულან და საბოლოოდ ქართველთა შემადგენლობაში შესულან... თუ ქართველებმა ოსებისგან ისწავლეს, ოსებმა დაკარგეს?!

დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ძველი ისტორიის ვერც ერთი სპეციალისტი ვერ დაასახელებს ირანელთა დასახლებასა და მათ ადგილობრივ ქართველ მოსახლეობაში შესვლას... მდიდარი ირანული კულტურისგან ქართველები დიდად დავალებულია ვართ, რადგან ცივილიზებული მეზობლისგან ბევრი რამ ნასწავლი, მაგრამ სულგუნის დამზადება ქართველებს ნამდვილად არავისგან უსწავლიათ.

- აფხაზები როგორ დაეპატრონნენ სულგუნს?

- აფხაზები, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მკვიდრნი, აქტიურად იყვნენ ჩართული საერთო ქართული კულტურის შექმნაში და მეგრელებთან, სვანებთან ერთად, ბევრი საერთო რამ ჰქონდათ... აფხაზებთან ენობრივი და ეთნიკური თვალსაზრისით, აბაზები დგანან. თუ სულგუნი აფხაზურ-აბაზური ერთობის შემოქმედებაა, მაშინ ამ ჯგუფებისთვის დამახასიათებელი უნდა იყოს. აბაზებისთვის უცნობი იყო მოხარშულ-გადაზელილი ყველი. ამდენად, სულგუნი აფხაზურ-აბაზური ეთნოსის წიაღში არ შექმნილა.

ხარისხიანი სულგუნი ძროხისა და კამეჩის რძისგან მზადდება. აფხაზეთში კი მესაქონლეობა მეორეხარისხოვანი იყო, მეთხეობას მისდევდნენ. აფხაზურ-ადიღეური მოდგმის ხალხები და ოსების წინაპარი ალანები ისტორიულად ნახევრად მომთაბარე ცხოვრების გამო მიწათმოქმედების მიმდევრები არ იყვნენ, ანუ მათთვის მეცხოველეობა და მიწათმოქმედება პრიორიტეტული არ იყო. ოსთა წინაპარი ალანები ცნობილია, რომ IV საუკუნის 70-იან წლებამდე ისინი ტიპური ნომადები იყვნენ და მათ მთავარ სიმდიდრეს შეადგენდა ცხენი და ცხვარი (არა საქონლი). ისინი არც ბუნებრივ-გეოლოგიურ კლიმატურ პირობებში ცხოვრობდნენ, რომ ყველის ხანგრძლივად შენახვის ტექნოლოგიის შემოღებაზე ეფიქრათ. ასე რომ, სულგუნი მხოლოდ დასავლურ-ქართული პროდუქტია, კოლხეთის დაბლობში შექმნილი და არა აფხაზური ან ოსური.

- სომხების პრეტენზია სულგუნთან დაკავშირებით როგორ და როდის გამოიხატა?

- 2013 წელს სომხებმა სულგუნზე ოფიციალური პრეტენზია განაცხადეს. ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურაში სულგუნის ქართული კულტურისადმი მიკუთვნების საკითხი ეჭვქვეშ დააყენეს და საჩივარში აღნიშნეს: „სულგუნი არ წარმოადგენს ქართული წარმოშობის ყველს, რადგან ის მთელ საბჭოთა კავშირში იწარმოებოდაო“. სულგუნს მთელ საბჭოთა კავშირში წარმოების ფაქტის დადასტურების მიზნით, მიუთითებენ, რომ „საბჭოთა კავშირის პერიოდში პროდუქციის საწარმოებლად, გამოიყენებოდა სახელმწიფო სტანდარტები, ე.წ. „გოსტ“-ი, რომელიც მთელი ქვეყნისთვის საერთო იყო. შესაბამისად, ვერ გახდებოდა საქართველოსთვის დამატებითი არგუმენტაცია ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის წარმოშობის დასადასტურებლად.

ვინც კავკასიის ეთნოლოგია იცის, დაადასტურებს, რომ არც ანალოგიური სახელწოდების და არც ტექნოლოგიით დამზადებული ყველი სომხებმა არ იცოდნენ და არც იციან. იცოდნენ: „გლუხ პანირ“ - თავი ყველი, „მოტალი“ - ფხვიერი ყველი, "თელ პანირ“ - ჩეჩილი ანუ ძაფისებური ყველი. ყველში მწვანილსაც ურევდნენ, განსაკუთრებით, ბეგქონდარას, რომელსაც ტიკებში ინახავდნენ. ცნობილ მეცნიერს, ეთნოლოგ ტერ-სარქისიანცს თავის ნაშრომში ყველის მხოლოდ სამი სომხური სახეობა აქვს დასახელბული და არცერთი „სულგულის“ სახელწოდებით და არც ტექნოლოგიითაა რომელიმე ახლოს მოხარშულ-გადაზელილ ყველთან, როგორსაც დასავლეთ საქართველოს გლეხობა საუკუნეების განმავლობაში აწარმოებდა. „სულგუნის დამზადების ცენტრია სამეგრელო, საიდანაც ძველი სამყაროსთვის ცნობილი გახდა კოლხური ძროხა“ - წერს ტერ-სარქისიანცი.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე თავის დაცვა მოუწია. ქართული ლექსიკური ერთეული - სულგუნი ქართველ მწერალსა და ლექსიკოგრაფს სულხან-საბა ორბელიანს „ქართულ ლექსიკონში“ აქვს შეტანილი.1890-იან წლებიდან საქართველოს საპორტო ქალაქ ფოთიდან დასავლეთ საქართველოში დამზადებული მოხარშულ-გადაზელილი ყველი „სულუგუნი“ დასავლეთ ევროპაში დიდი რაოდენობით გადიოდა. იქნებ სომეხმა მეცნიერებმა სომხეთიდან ექსპორტად გასული „სულგუნის“ დამადასტურებელი რაიმე საარქივო დოკუმენტიც წარმოედგინათ.

ლალი ფაცია