დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც სამართალდამცველებმა 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის აეროპორტში დააკავეს, გადაცემა Post Factum-თან ინტერვიუში სკანდალური საქმის დეტალებზე საუბრობს.
მისი თქმით, 7 წლიანი პატიმრობის პირობებში, ყველაზე რთული შვილებთან განშორება აღმოჩნდა.
"პირველ რიგში დავკარგე ის, რაც ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანია - შვილები. დავტოვე პატარები, დამხვდნენ დიდები. გაუცხოება იყო, იმიტომ რომ პატარას საერთოდ არ ვახსოვდი ფიზიკურად. მხოლოდ ფოტოებით და რაც არ უნდა უზრუნველყოფილი იყვნენ ბავშვები... არც ჩემი მეუღლე, არც თორნიკე, არც ჩემი მშობლები - ირგვლივ ვინც არის ჩემი ოჯახი, არაფერს აკლებდნენ... მაგრამ ერთია ეს და მეორეა, მამა.
7 წელი ისეთი პერიოდია, როცა მამა განსაკუთრებით საჭიროა. ჩემი უფროსი უკვე აბიტურიენტია, იმ 7 წლის განმავლობაში სხვანაირად იზრდებოდა. მეორე შვილიც 16 წლის არის. მათ კი ვახსოვდი, მაგრამ ურთიერთობები თავისთავად მძიმეა.
დამაცილეს ყველაფერს... ხანგრძლივი პაემნის ფარგლებში [მინდოდა ნახვა], მაგრამ მითხრეს, სამივეს ვერ ნახავ, 2 უნდა ნახოო და აღარ მინახავს არც ერთი"... თორნიკეს და ჩემი ძმის გარდა, ოჯახის არც ერთი წევრი აღარ მინახავს,“ - განაცხადა დეკანოზმა.
"ციანიდის საქმე განპირობებული იყო იმით, რომ საფრთხე ემუქრებოდა იმ მთავარ ბერკეტს, რისი მეშვეობითაც ეკლესიის წიაღში საეკლესიო თუ საერო პირები ახდენენ საეკლესიო ქონებით ხელის მოთბობას და დაწინაურებას, მათ შორის სახელმწიფო თანამდებობებზე,
საფრთხე ექმნებოდა იმ ბერკეტს, რომ სამთავრობო პოლიტიკური პარტიები ვერ შეძლებდნენ მოეხდინათ მანიპულაციები.
იკარგებოდა ის ბერკეტი, რომ საქართველოს მტერი და მის ტერიტორიაზე არსებული მართლმადიდებელი ეკლესია დაკარგავდა ბერკეტს საქართველოს ეკლესიაში მანიპულირების", - აღნიშნა დეკანოზმა.
"[აეროპორტის ტერიტორიაზე], მიკროავტობუსში გამკოჭეს... ჩემი დაკავება არ მომხდარა, მე გამიტაცეს აეროპორტიდან. [მიკროავტობუსში] ოთხმა ადამიანმა შემკრა, მანქანა დაიძრა ე.წ. სამთავრობო აეროპორტის მიმართულებით, მათ არაფერი უთქვამთ, მძღოლი მისვამდა ერთსა და იმავე კითხვას, თითქმის პროკურატურის კარებთან მისვლამდე: რა დაგიშავა პატრიარქმა, რატომ კლავდი. მე პირის აპარატზე ხელი მქონდა, გამიკავეს, რასაც ვახერხებდი ვამბობდი, რომ შეცდომაში ხართ შეყვანილი. ამ ხნის განმავლობაში მანქანა ძალიან ნელა მოძრაობდა, მძღოლის გვერდით ვინც იჯდა, ვიღაც ურეკავდა ტელეფონზე და ეს პასუხობდა, ყველაფერი რიგზეა, ძალიან მშვიდად არის, ჩემზე ეუბნებოდა. მე მშვიდად ვიყავი, სანერვიულო რა მქონდა, ვხვდებოდი, რომ რაღაც შეცდომა იყო და მეგონა, რომ მოგვარდებოდა... ცოტა მიჭირს [ამის გახსენება]...,“ - გაიხსენა გიორგი მამალაძემ ჟურნალისტთან საუბრისას.
ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. უდოს კომისიამ 204 წლის 14 თებერვალს გაათავისუფლა.
სასულიერო პირი თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
იხილეთ ასევე: