ავტორი:

"იუმორინადან" გამოსულ ხალხს შეძახილებით დახვდნენ: რას პასუხობს მათ ხვიჩა მაღლაკელიძე - "რა გეკონცერტებათო... რა იყო გასაპროტესტებელი"

"იუმორინადან" გამოსულ ხალხს შეძახილებით დახვდნენ: რას პასუხობს მათ ხვიჩა მაღლაკელიძე - "რა გეკონცერტებათო... რა იყო გასაპროტესტებელი"

"ბატონო კარგია, ხომ შვილი რომ კარგად გყავთ", "გუშინ ბათუმში ქართულმა ოცნებამ ორი ბავშვი მოკლა, რა გამღერებთ, რა გაცეკვებთ, რა დროს იუმორინაა“, „როგორ შეიძლება ხალხნო ემპათია არ გქონდეთ, 4 და 6 წლის ბავშვები ჯართს ეძებდნენ" - ამ შეძახილებით დახვდნენ გუშინ ფილარმონიიდან გამოსულ მაყურებელს აქტივისტები. ადამიანების ნაწილი, რომლებიც "იუმორინას" კონცერტს ტოვებდნენ, აქტივისტებს შუა თითს უჩვენებდნენ.

"იუმორინა 2025" საიუბილეო კონცერტი ერთხელ უკვე გადაიდო. მაშინ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია: "ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, "იუმორინა 2025"-ის 14 და 15 დეკემბერს დაგეგმილი კონცერტები გადატანილია 15 და 16 თებერვალს".

ხვიჩა მაღლაკელიძე "იუმორინას" ერთ-ერთი ვეტერანი წევრია. ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ გლოვასაც თავისი ადგილი აქვს და ხალხის ხასიათზე მოყვანასაც

- ბატონო ხვიჩა, იუმორინადან გამოსულ მაყურებელს გარეთ ტრანსპარანტებით დახვდა ხალხი და სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს.

- ძალიან ცუდი მერე, რატომ აპროტესტებდნენ, რა იყო გასაპროტესტებელი.

- დღეს, როდესაც ქვეყანაში არიან სინდისი პატიმრები და ასეთი ამბები ხდება...

- რა გეკონცერტებათო? - არ შეიძლება ერთის მეორესთან დაკავშირება. როდესაც მამა გარდამეცვალა, დასაფლავებიდან მესამე დღეს სცენაზე ვიდექი. იმიტომ რომ ხელოვანი კაცი ვარ და სცენა ჩემი ყველაფერია. მაყურებელს ერთი წამით არ უგრძნია, რომ მე ჩემი გლოვა მქონდა. ამაზე დიდი გლოვა არ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, როდესაც მშობელს კარგავ.

არ ვიცი რა გითხრათ, ცუდია რომ მოვიდნენ, ისიც ძალიან ცუდია, რომ ესენიც აქედან შუა თითს უჩვენებდნენ. საზიზღრობაა, ისეთი, რომ მეტი არ შეიძლება. ამ სამ მილიონიან ქვეყანაში, რომ ერთი მეორეს რაღაცას უპროტესტებს, დედას აგინებს და ის მერე შუა თითს უჩვენებს, ეს არის საზიზღრობა.

- თქვენთ თვლით, რომ მიუხედავად აქციებისა, მაინც უნდა ჩატარებულიყო იუმორინა?

- თქვენ რომ ჟურნალისტი ხართ, დილას დაღვრემილი იღვიძებთ, აი, რა ხდება საქართველოში, ალბათ ჩაისაც არ სვამთ. ეს არის ყველაფერი გამოგონილი რეაქციები და ემოციები. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, იმ გლოვასაც და წუხილსაც და ხალხის ხასიათზე მოყვანას. მე ასე ვიცხოვრე 48 წელი და აწი, თუ გადამაკეთებთ არ ვიცი.