ავტორი:

ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს

ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები სადაც ჩანს, რომ საქართველოს მე- 5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს.

“ეს არის მონის ხვედრი, ასე უნდა გარბოდეთ ყოველთვის. ვერასდროს მიაღწევთ იმას, რომ თავისუფლად დადიოდეს თქვენნაირი მონა,“ - მიმართავს ზურაბიშვილს პირი, რომელიც ვიდეოს იღებს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მე- 5 პრეზიდენტს კვერცხები ესროლეს, დილით გავრცელდა. კადრები კი ახლახან.

  • აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი:

“ივანიშვილის სასტიკი რეჟიმი თავს დაესხა საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას. საკმარისია! საქართველო ეშვება კოშმარულ დიქტატურაში, რომელიც სრულ შესაბამისობაშია აშშ-ის მოწინააღმდეგეებთან.

ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებელი სანქციები და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, - წერს უილსონი პლატფორმა X-ზე.

  • გიორგი გახარია სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებს:

“წარმოიდგინეთ, შეშინებული ივანიშვილი ბიძინას სახე, როდესაც ქალზე კვერცხებით თავდასხმის ბრძანებას გასცემდა და გაიხსენეთ ყოველთვის, როცა ივანიშვილი ბიძინა ღირსებაზე, სამშობლოს სიყვარულზე და ქართულ ტრადიციებზე დაგვიწყებს საუბარს.

ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს”,- წერს გახარია სოციალურ ქსელში.

გუშინ კი პარტიამ “გახარია საქართველოსთვის“ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს, აეროპორტში ივანიშვილმა ორგანიზებული “ზონდერჯგუფი“ დაახვედრა, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო პოლიციამ. პარტიაში განმარტეს, რომ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მოგვიანებით, კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან გიორგი გახარიას კვერცხებს.

  • “ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კი განაცხადა, რომ “ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, მაგრამ ქართული საზოგადოების რეაქცია რაც იქნება ეს იქნება“.

“მე არ მესმის, რა უკვირს ახლა ზურაბიშვილს. ადამიანი, რომელიც საერთოდ წუმპედან ამოიყვანა "ქართულმა ოცნებამ", მერე უთხრა, რომ არ ეღალატა საკუთარი ქვეყნისთვის, პოლიტიკაზე აღარ არის საუბარი საერთოდ. დიახ, დიახ. სოფლის გამგებლად არავინ აირჩევდა ზურაბიშვილს, რომ არა ჩვენი მხარდაჭერა. ეს ხომ ყველამ კარგად იცის. მანამდე აირჩევდნენ ასარჩევი რომ ყოფილიყო, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, ვიდრე მაგალითად, “ქართულ ოცნებას“ აქვს ხომ?! ზურაბიშვილს რა უკვირს?! როცა გამოვიდა და თავის ადმინისტრაციასთან ათასობით მისულ საქართველოს მოქალაქეს შეურაცხყოფა მიაყენა, საკუთარ ქვეყანას, საქართველოს უღალატა, ჩადიოდა უცხოეთში და ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს საქართველოო. ამბობდა, რომ შავი ხვრელებია საქართველოში, ამბობდა, რომ ის ნახევრად ქართველია და ნახევრად ევროპელი. საქართველოს პარლამენტში მოდიოდა და დასცინოდა პარლამენტის წევრებს და ქართულ საზოგადოებას და ახლა რა უკვირს ვერ გავიგე?! არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა?! აბა, რა გონია ახლა?! რა თქმა უნდა, ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, მაგრამ ქართული საზოგადოების რეაქცია რაც იქნება ეს იქნება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.