ავტორი:

იტალიაში, რუსეთთან კავშირში მყოფ ნავთობტანკერზე აფეთქება მოხდა: გამოძიება ტერორისტული თავდასხმის ვერსიასაც განიხილავს

იტალიაში, რუსეთთან კავშირში მყოფ ნავთობტანკერზე აფეთქება მოხდა: გამოძიება ტერორისტული თავდასხმის ვერსიასაც განიხილავს

15 თებერვალს, მალტის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Seajewel-ი, რომელიც იტალიის სავონას სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრში, სარპომის სადგომზე იმყოფებოდა, აფეთქებების შედეგად დაზიანდა.

“უნიანის“ ინფორმაციით, აფეთქების ხმა ორჯერ გაისმა, რის შემდეგაც გემის კორპუსზე ხვრელები იპოვეს. თუმცა, დამცავმა შრემ შეაკავა ზღვაში ნავთობის მასშტაბური ჩაღვრა, შედეგად ეკოლოგიური კატასტროფა თავიდან იქნა აცილებული.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წინასწარი მტკიცებულებები, მათ შორის შიგნიდან დახვრეტილი ლითონის ფირფიტები, მიუთითებს ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებაზე. ჟურნალისტურმა გამოძიებების თანახმად, ტანკერი არის რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი და ნავთობის ტრანსპორტირებას ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით ახორციელებს.

Ukrainska Pravda-ს მიხედვით , Seajewel-ი ბოლო წლებში სულ მცირე სამჯერ შევიდა რუსეთის პორტი ნოვოროსისკში მანამ, ვიდრე თურქეთსა და შემდგომ ევროპის პორტებში გადავიდოდა.

ტანკერი სავონაში ალჟირიდან 14 თებერვალს ჩავიდა.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ერთ-ერთ ვარიანტად “ტექნიკური გაუმართაობაც“ განიხილება.

გამოძიება მიმდინარეობს. სავონას პროკურატურა ტერაქტის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.

წყარო