ავტორი:

ვინ არის ქართველი მომღერალი, რომლის სიმღერებსაც Youtube-ზე ნახევარ მილიარდზე მეტი ნახვა აქვს

ვინ არის ქართველი მომღერალი, რომლის სიმღერებსაც  Youtube-ზე ნახევარ მილიარდზე მეტი ნახვა აქვს

ქართული ფოლკლორი მხოლოდ მემკვიდრეობა არ არის – ეს თაობებს შორის ცოცხალი კავშირია. მასში იმალება ჩვენი ისტორია, ტკივილი, სიხარული და სიყვარული, რომელიც საუკუნეების მანძილზე შემონახულმა სიმღერებმა დღემდე მოიტანა.

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, მომღერალი დათო კენჭიაშვილია – ადამიანი, რომლისთვისაც ფოლკლორი მხოლოდ პროფესია არ არის. ეს მისი ცხოვრების გზაა, რომელიც ადრეული ასაკიდან იწყება. ბავშვობიდან ქართულ სიმღერაზე შეყვარებულმა ხელოვანმა, დიდ სცენამდე მისასვლელად საკმაოდ რთული გზა გაიარა და ბევრისთვის საყვარელ მომღერლად იქცა. მის სიმღერებს Youtube-ის არხზე ნახევარ მილიარდზე მეტი ნახვა აქვს...

დათო კენჭიაშვილი თავის მსმენელს ფოლკლორის სიყვარულს უზიარებს, ახალ სიცოცხლეს სძენს ძველ მელოდიებს და ემზადება ტრადიციული კონცერტისთვის, რომელიც სულ მალე, 7 მარტს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

დათო კენჭიაშვილის მუსიკალური გზა ბავშვობიდანვე იყო განსაზღვრული – ეს მისთვის არც უცხო და არც შემთხვევითი ყოფილა. დათოს ოჯახში სიმღერის ნიჭი და სიყვარული ძალიან ორგანული იყო.

მოგვიყევით თქვენი პირველი წარმატებული სიმღერის ისტორია

ჩემს ყველაზე წარმატებულ და პოპულარულ სიმღერას შორის გარკვეული განსხვავებაა. ჩემი პირველი მნიშვნელოვანი წარმატება ლელა თათარაიძის სიმღერამ - "შენმა სურვილმა დამლია“ მომიტანა. ეს ულამაზესი კომპოზიცია ძალიან ბევრს უყვარს და მისი შესრულების შემდეგ, ქართველმა მსმენელმა დიდი ინტერესით გამიცნო. მსმენელი დაინტერესდა – ვინ არის ეს ბიჭი, ასე რომ მღერის? ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ, თუმცა, თუ ვსაუბრობთ სიმღერაზე, რომელმაც უდიდესი რეზონანსი და პოპულარობა მომიტანა, მაშინ ეს იყო თეო ქუმსიაშვილის "რამდენი მალოდინე“. ამიტომ ვამბობ, რომ წარმატება და პოპულარობა შორის ჩემთვის სხვადასხვა ეტაპივით იყო – ერთმა სიმღერამ კარიერისკენ მიმავალი გზა გამიხსნა, მეორემ კი ფართო ცნობადობა მომიტანა.

სად გახდა პოპულარული სიმღერა? რადიოში, ტელევიზიაში, თუ ინტერნეტში?

ჩემი პირველი სიმღერის პრემიერას განსაკუთრებული და ემოციური ისტორია უკავშირდება. ყველაზე უცნაური ის არის, რომ მისი "პრემიერა“ პაპას პანაშვიდზე შედგა. პაპას ყოველთვის გულის ჯიბით დაჰქონდა CD-დისკი ჩემი შესრულებული სიმღერით - "შენმა სურვილმა დამლია“, და სადაც არ უნდა მისულიყო, სტუმრად თუ ახლობელთან, ყველას სიამაყით ასმენინებდა. თითქოს მთელი გულით სჯეროდა, რომ ეს სიმღერა თავის გზას აუცილებლად იპოვიდა. ასე, კარდაკარ, მსმენელიდან - მსმენელამდე მოგზაურობდა ჩემი ხმა. სიმბოლური იყო ისიც, რომ სწორედ იმ დღეს, როცა სიმღერა პირველად, ოფიციალურად გაჟღერდა რადიოში, პაპას პანაშვიდი იყო – თითქოს მისი სურვილი და მოლოდინი ახდა.

მუსიკალურ სფეროში ბევრ სირთულეს აწყდებიან ახალბედა შემსრულებლები. რა გამოწვევები გადალახეთ ამ წლების განმავლობაში, სანამ კარიერაში ასეთ წარმატებას მიაღწევდით?

ძალიან რთული და მძიმე გზა გავიარე. ამ გზაზე ყველაფერს შევხვდი – ბულინგს, უარყოფას, დაუნდობლობას. ბევრჯერ მომიწია იმ კედლებს შევჯახებოდი, რომლებიც ჩემ წინ აღიმართა, ან სხვებმა აღმართეს. დაბრკოლება ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა, რადგან ჩემი აზრით, ყველა წარმატებული ხელოვანი ასეთ რთულ გზას გადის. ხშირად ხდება, რომ ადამიანებს მოსწონთ შენი ნამუშევარი, მაგრამ ამას ხმამაღლა არ ამბობენ. ასევე, არიან ისეთებიც, ვისაც უბრალოდ არ მოსწონხარ და ამის აფიშირებას აქტიურად აკეთებენ. ხელოვანს ბევრ საკითხზე უწევს თავშეკავება, მოთმენა, ზოგჯერ უსამართლობის ატანაც კი. ეს გზა ჩემთვის ძალიან გრძელი და მტკივნეული იყო, განსაკუთრებით ბულინგის სახით, მაგრამ საბოლოოდ, ყველა ეს სირთულე ჩემი მუსიკალური სამყაროს ნაწილია.

როგორ მოახერხეთ, რომ თქვენი მუსიკალური სტილი უნიკალური ყოფილიყო და თქვენი იდენტობა შეგენარჩუნებინათ?

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, რომ ჩემი შემოქმედება ჩემი ქვეყნის გარკვეულ ნაწილს ძალიან უყვარს და ამას გულწრფელად გამოხატავს. რაც ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარია. აუცილებლად უნდა გაიარო დაბრკოლება, თუნდაც ის ბულინგი. ეს ყველაფერი გაძლიერებს და იმუნურად ერთი საფეხურით მაღლა გწევს. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გაცილებით მეტი შემეძლო. მიუხედავად ამ ბულინგისა, ვერავინ დამაჯერებს და ვერავინ ვერ იტყვის, ყველამ იცის მაილს დევისი, ეტა ჯეიმსი, ელა ფიცჯერალდი და ქვინსი ჯონსი, მაგრამ ჩემი ღირებულება იმაში მდგომარეობდა, რომ მე ჩემს იდენტობაზე ავაგე ეს ყველაფერი. ესა თუ ის კოლაბორაცია, ნაშრომი, ამიტომ, ჩემი ამომავალი წერტილი ჩემს ხელოვნებაში არის ქართული ფოლკლორი. მე არ ვარ ფოლკლორისტი, მე ვერ დავიბრალებ იმას, რომ ფოლკლორისტი ვარ, მაგრამ ჩემი ხელოვნება და ჩემი ყველა კოლაბორაცია, თუ რაიმე მაქვს გაკეთებული, არის მხოლოდ და მხოლოდ ფოლკლორზე დაყრდნობილი. ფოლკლორი არის მთავარი ღერძი. ის, რაც არის ჩვენი იდენტური, საიდანაც მოვდივართ. რაც შემოგვინახეს წინაპრებმა. ძალიან საინტერესო ის არის, რომ ამდენი წლის შემდეგ, ეს ფოლკლორი სულ მოდის და ახალ-ახალ სახეს იძენს, ჩემთვის ეს ერთგვარი გამარჯვებაა, თუნდაც ჩემი კოლაბორაციების სახით.

მსმენელებისგან ბულინგი არასოდეს მიგრძნია – პირიქით, ჩემი შემოქმედება ბევრი ადამიანისთვის ძვირფასია, რაც ჩემთვის უდიდესი საჩუქარია. რაც შეეხება დაბრკოლებებს, ისინი აუცილებლად უნდა გაიარო, რადგან სწორედ ეს გზას გაძლიერებს და ახალი საფეხურისკენ გიბიძგებს. მე ყოველთვის მქონდა რწმენა, რომ გაცილებით მეტი შემეძლო, და მიუხედავად შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან ბულინგისა, ვერც ერთი დაბრკოლება ვერ მაიძულებდა საკუთარი თავისა და მუსიკალური კურსის შეცვლას.

ჩემთვის მთავარი ღირებულება ის არის, რომ ჩემი მუსიკა ავაგე ჩემს იდენტობაზე. დიახ, ყველა იცნობს მაილს დევისს, ეტა ჯეიმსს, ევა ფიცჯერალდს და ქვინსი ჯონსს, მაგრამ ჩემი ხელოვნება ქართული ფოლკლორის ღერძზე დგას. არ ვამბობ, რომ ფოლკლორისტი ვარ, მაგრამ ჩემი ყველა კოლაბორაცია, ყველა ნაშრომი მხოლოდ და მხოლოდ ფოლკლორზე დაყრდნობით შეიქმნა. სწორედ ესაა ჩვენი იდენტობა, ჩვენი ფესვები, რაც წინაპრებმა გადმოგვინახეს. გამორჩეული და საოცარია ისიც, რომ ფოლკლორი დროის მიუხედავად ცოცხლობს, ვითარდება და ახალ სახეს იძენს – ჩემთვის კი უდიდესი გამარჯვებაა, რომ ამას ჩემი მუსიკაც ემატება და მისი განვითარების ნაწილი ხდება.

kenchiashvili

ვინ არის დათო კენჭიაშვილის მსმენელი?

ჩემს მსმენელს ასაკობრივი საზღვარი არ აქვს. ბავშვებიც მიგზავნიან წერილებს, სადაც ამბობენ, როგორ უყვართ ჩემი სიმღერები, და იმავეს მიყვება ასაკოვანი მსმენელიც. გულწრფელი ემოციების გაზიარება ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ამიტომ არ შემიძლია ვთქვა, კონკრეტულად რომელი თაობის წარმომადგენელია ჩემი მსმენელი. მით უმეტეს, ახლა, როდესაც ახალი კოლაბორაციები მაქვს, სეგმენტი კიდევ უფრო ფართოვდება. სიამაყით და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახალ პროექტზე აქტიურად ვმუშაობ – ეს დათოსგან სრულიად მოულოდნელი იქნება. ამით მინდა, რომ ფოლკლორის სიყვარული იმ ახალგაზრდა თაობას გადავცე, რომელიც თანამედროვე მუსიკის რიტმში ცხოვრობს. ამიტომაც ვარჩევ კოლაბორაციის ისეთ ფორმებს, რაც მათთვის ბუნებრივია და ამ გზით ვაცნობ ქართულ კულტურას.

თქვენი სიმღერები სოციალურ ქსელებში მილიონობით ნახვას აგროვებს. როგორ ფიქრობთ, რაშია ამხელა წარმატების საიდუმლო?

როდესაც ნახევარ მილიარდ ნახვაზე ვსაუბრობ, ვიზუალურად რომ წარმოვიდგინო, ამდენი ადამიანი ერთ კონცერტზე როგორ შეიძლება იყოს, ნამდვილი სიგიჟეა. მაგრამ ამ ყველაფრის საიდუმლო ჩვენსავე ვიბრაციებში, ქართულ ფოლკლორშია. ჩვენ წარმოუდგენელი განძი გვაქვს – ეს ფოლკლორი იმ დიდ საცავს ჰგავს, სადაც ოქროს ზოდები აწყვია, კარი კი ღიაა, შეგიძლია უბრალოდ მიხვიდე და აიღო. სამწუხაროა, რომ ამ განძს ბევრად ნაკლებად ვიყენებთ, ვიდრე შეიძლება.

ქართული ფოლკლორი უნიკალურია, განსაკუთრებით მისი სამხმიანი ჰარმონიით. ამიერ კავკასიაში სამხმიანი სიმღერები იშვიათია, მაგრამ ქართველები ამით დაჯილდოებული ვართ – ჩვენთან მრავალხმიანობა ცხოვრების ნაწილია. სწორედ აქ, ჩვენს კულტურულ კოდში, იმალება ვიბრაციები, რომლებიც სულში აღწევს. ფოლკლორი ხომ შეგრძნებებიდან დაიბადა? მაშინ ხომ ნოტებიც არ არსებობდა? ყველაფერი, რაც წარსულში მუსიკაში იქმნებოდა, შინაგანი განცდების გამოხატულება იყო. დღეს ეს ემოციები ისევ ცოცხლობს, ბრუნდება ჩვენს ქვეყანაში და აქედან ვრცელდება მთელ მსოფლიოში. სწორედ ესაა ის საიდუმლო, რაც ქართულ მუსიკას ასე ძლიერად აჟღერებს და ასე ბევრ ადამიანს უყვარდება.

ჩემთვის მუსიკა მხოლოდ საქმე არ არის – ეს ჩემი ცხოვრება და საარსებო წყაროა. ბევრს ვერც კი წარმოუდგენია, რამდენად დიდ საქმეს აკეთებს, როცა უბრალოდ ერთი ღილაკზე თითს აჭერს. ჩემი მსმენელისა და მხარდამჭერების წყალობით, მე შემიძლია ვაკეთო ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს – ვიმღერო, შევქმნა ახალი მუსიკა და გავაგრძელო ფოლკლორის გზით სიარული. მათივე მხარდაჭერით არსებობს ჩემი საბავშვო სტუდია "თაობა“, სადაც ბავშვებს ქართულ სიმღერას ვასწავლი, რათა ეს უნიკალური მემკვიდრეობა თაობიდან თაობას გადავცეთ. ამიტომ, თუ გიყვართ ქართული მუსიკა და გსურთ ყველა სიახლე პირველებმა გაიგოთ, შემოგვიერთდით ჩემს YouTube არხზე – ეს თქვენთვის ერთი პატარა ნაბიჯია, მაგრამ ჩემთვის უდიდესი მხარდაჭერა!

როგორ ემზადებით კონცერტისთვის? რა დეტალებია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მზადების პროცესში?

მოგეხსენებათ, ვემზადები ფილარმონიისთვის, 7 მარტს ტარდება ტრადიციული კონცერტი, სახელწოდებით - "დედა ღვთისაა“, რომელიც ეძღვნება ჩემს დედიკოს, რომელიც სამწუხაროდ, 5 წლის წინ ცაში გაფრინდა...

ამ თარიღს რაიმე დატვირთვა აქვს?

დიახ, 7 რიცხვში ვარ დაბადებული, ამიტომ ეს თარიღი ჩემთვის სიმბოლურია. თუმცა, ამ კონცერტს კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობა აქვს – ის დედას ეძღვნება და იმ დედებს, რომლებიც კონცერტზე დასასწრებად მოვლენ. ამ დღისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვემზადები, რადგან მინდა, ყველაფერი იყოს ისეთივე მშვიდი, თბილი და სიღრმისეული, როგორიც დედას უყვარდა. ყოველთვის ვცდილობ, კონცერტი იყოს არა უბრალოდ მუსიკალური ღონისძიება, არამედ ემოციური მოგზაურობა, ხმაურისგან თავისუფალი, სუფთა და გულწრფელი. ტრადიციულად, კონცერტს ყოველ წელს, ფილარმონიაში ან უფრო პატარა დარბაზში ვატარებთ – მთავარია, რომ სიმბოლური დატვირთვა არ დაიკარგოს. ეს ჩემთვის ერთგვარი პირობაა – ვიყო მართალი, როგორც საკუთარ თავთან, ისე დედასთან, რომელიც ზემოდან მიყურებს და მგულშემატკივრობს.

თქვენი კონცერტები ყოველთვის შთამბეჭდავია და დიდი აუდიტორია იკრიბება. როგორი ემოციები გაქვთ ფილარმონიის სცენაზე გამოსვლისას?

ქართველი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა – ეს ყველაზე კრიტიკული და პრეტენზიული მსმენელია, რის გამოც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვემზადები. შეიძლება ითქვას, რომ ფილარმონიის სცენაზე ჩემი თითოეული კონცერტი გამოცდის ტოლფასია. თითქოს მსმენელი მაყენებს სცენაზე და ელოდება, ჩავაბარებ თუ არა ამ გამოცდას. თუ წარმატებით გადავჭრი ამ გამოწვევას, მერე თითქოს ნებას მრთავენ, რომ სხვა ქვეყნებშიც გავიდე და ქართული მუსიკა გავიტანო.

სცენაზე ყველაფერი უნდა იყოს ჯადოსნური – ბგერები, ვიბრაციები, სინქრონი. კონცერტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დრამატურგია, ემოციური მონახაზი, რომელიც მსმენელს ბოლომდე ჩაითრევს. მე შეიძლება არ გამოვირჩეოდე ტრადიციული საკონცერტო დრამატურგიით, მაგრამ ყოველთვის ვენდობი ჩემს შეგრძნებებს და ვიბრაციებს. სწორედ ისინი ქმნიან იმ ემოციურ სიმძაფრეს, რასაც ჩემი მსმენელი სცენიდან იღებს და რისთვისაც ყოველ ჯერზე ბრუნდება.