ერ-რიადში, აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. ეს ის თემაა, რომელსაც მთელი მსოფლიო ინტერესით აკვირდება, რადგან ამ მოლაპარაკებებზე და მის შემდგომ განვითარებაზე არის დამოკიდებული ბევრი რამ, მათ შორის, უკრაინაში ომის საკითხი.
მოლაპარაკების ეს რაუნდი შეგვიძლია მივიჩნიოთ როგორც საფუძვლის მომზადება შემდეგში უფრო ნაყოფიერი მოლაპარაკებებისთვის.
როგორც ოფიციალური განცხადებებით ირკვევა, ჯერჯერობით, ეს შესაძლებლობები მოიცავს შესაბამის საელჩოებში პერსონალის გაზრდას, ეკონომიკურ ინვესტიციებზე თანამშრომლობის გზების მოძიებას, მათ შორის, პოტენციურ ენერგეტიკულ პროექტებს არქტიკაში და უმაღლესი გუნდების შექმნას სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის უკრაინასთან დაკავშირებით.
თეთრი სახლი და კრემლი ირწმუნებიან, რომ შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა, პარალელურად კი ევროპელი ლიდერები და ასევე უკრაინა კრიტიკულად არიან განწყობილები, რადგან ისინი დიალოგის ოთახის კარს მიღმა დატოვეს.
როგორც Politico წერს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალ კვირაში პუტინისა და ტრამპის უშუალო შეხვედრა ვიხილოთ, რადგან უშაკოვის თქმით, პირველ რიგში, საჭიროა "ინტენსიური მუშაობა“.
"შეერთებულ შტატებს სურს, შეაჩეროს მკვლელობები და იყენებს თავის ძალას მსოფლიოში ქვეყნების დასაკავშირებლად“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტემი ბრიუსმა მოლაპარაკებების შემდეგ.
გარდა ამისა, ვაშინგტონი და მოსკოვი შეთანხმდნენ შექმნან საკონსულტაციო მექანიზმი ორმხრივ ურთიერთობებში "გამაღიზიანებლების“ აღმოსაფხვრელად.
თუმცა როგორც Politico წერს, ეს ასე მარტივი არ იქნება, რადგან რეალობა საკმაოდ რთულია. მაგალითად, ის ფაქტი, რომ აშშ-ის მიერ არაერთი რუსი პოლიტიკოსი თუ ბიზნესმენია დასანქცირებული, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ამ დროისთვის მოლაპარაკებების წარმატებისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად მოჩანს.
თეთრი სახლი და კრემლი ირწმუნებიან რომ შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა. ამავდროულად ევროპელი ლიდერები და ასევე უკრაინა კრიტიკულად არიან განწყობილები რადგან ისინი მოლაპარაკებების ოთახის გარეთ დატოვეს.
საუდის არაბეთში მოლაპარაკებებთან დაკავშირებული მრავალი უცხოური დიპლომატიური წყაროს თქმით, აშშ და რუსეთი სამეტაპიან სამშვიდობო გეგმაზე მუშაობენ, გეგმაში შედის ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინაში არჩევნების ჩატარება და შემდეგ საბოლოო შეთანხმებაზე ხელმოწერა. ამის შესახებ FoxNews-ის კორესპონდენტი ჟაკ ჰეინრიხი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
აშშ-ის წყარო, რომელიც იცნობს მოლაპარაკებების დეტალებს ამბობს რომ არჩევნების საკითხი შეიძლება გახდეს შემდგომი მოლაპარაკებების საკითხი, მაგრამ არა დღეს.
Fox-ის კორესპონდენტის ინფორმაციით, მრავალი უცხოური დიპლომატიური წყარო მათ ეუბნება, რომ "პუტინს მოსწონს მარიონეტული პრეზიდენტის არჩევის ალბათობა და ასევე დარწმუნებულია, რომ უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტის გარდა, ნებისმიერი კანდიდატი იქნება უფრო მოქნილი და მზად მოლაპარაკებებისა და დათმობებისთვის. თავის მხრივ, ტრამპი მზადაა მიიღოს არჩევნების ნებისმიერი შედეგი, მათ შორის პრორუსი პრეზიდენტის არჩევის შესაძლებლობაც".
გარდა ამისა, წყარო ამბობს, რომ ტრამპი და პუტინი მიიჩნევენ, რომ უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტის ხელახლა არჩევის შანსები დაბალია.
იხილეთ ასევე: