ჯუნა დავითაშვილი იყო პოპულარული მკურნალი და წინასწარმეტყველი საბჭოთა კავშირში – ქვეყანაში, სადაც ათეიზმმა გაიმარჯვა. მის წინასწარმეტყველებებს მთავრობაშიც კი ენდობოდნენ. უფრო მეტიც, მას "კრემლის საიდუმლო პოლკოვნიკსაც" უწოდებდნენ. ქალი, აღმოსავლური გარეგნობით, შავ სამოსში, უამრავი ძვირფასი სამკაულით, ხშირად ჩნდებოდა პაციენტების წინაშე, უყურებდა გამჭოლი მზერით, ადებდა ხელებს... და ადამიანები იკურნებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, ასე წერდა მაშინდელი მედია. თუმცა, თავად ჯუნა დავითაშვილმა საკუთარი თავის დახმარება ვერ შეძლო.
ნიჭი, რომელიც მან წინაპრებისგან მიიღო
მომავალი მკურნალი კრასნოდარის მხარეში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი იყო ევგენია სარდისი, მამა კი ასურელი ჰყავდა. ამბობდნენ, რომ ჯუნამ სამკურნალო ნიჭი მემკვიდრეობით მიიღო – თავისი დიდი ბებიისგან. როგორც თავად ჰყვებოდა, პირველად თავისი შესაძლებლობები მაშინ გამოცადა, როცა ხუთი წლის იყო: მამას ზურგის ტკივილი აწუხებდა, გოგონამ კი შეძლო ეგრძნო, საიდან მოდიოდა პრობლემა, მას ხელით შეეხო ტკივილი გაუქრო.
ქორწინება და ერთადერთი შვილი
ზრდასრულ ასაკში გოგონამ ცხოვრება თბილისში გააგრძელა, სადაც თავისი სიყვარული იპოვა და ადგილობრივ საჯარო მოხელეზე, ვიქტორ დავითაშვილზე დაქორწინდა. წყვილს შვილი ვახტანგი შეეძინათ. მალე მთელ საქართველოში გავრცელდა ხმები ჯუნას ზებუნებრივი შესაძლებლობების შესახებ. ამბობდნენ, რომ იგი ხელის შეხებით ყველაზე საშიშ დაავადებებსაც კი კურნავდა, რომ მისი წყალობით უკვე ბევრი მაღალი თანამდებობის პირი გამოჯანმრთელდა. ცოტა ხანში ჯუნა მოსკოვში მიიწვიეს.
გასაოცარი უნარები
მოსკოვში ჯუნა ვაჟთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად – იმ დროისთვის მას მეუღლესთან ურთიერთობა უკვე გაწყვეტილი ჰქონდა. 1980-იან წლების რუსეთში ყველაფრის მიმართ ინტერესი გაჩნდა, რაც აქამდე აკრძალული იყო: მაგიის, ჯადოქრების, ასტროლოგიის… ჯუნას უნარებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ის სასტუმროში დააბინავეს და საფუძვლიანად დაიწყეს მისი შესაძლებლობების შესწავლა.
ახალგაზრდა ქალს სხვადასხვა სახის გამოცდებს უტარებდნენ – როგორც სამეცნიერო ინსტიტუტებში, ისე კგბ-ში. კვლევებმა აჩვენა, რომ მისი პაციენტები რეალურად გამოჯანმრთელდნენ და ეს მხოლოდ ჰიპნოზით გამოწვეული ტკივილის დროებითი მოხსნა არ იყო. როცა გაირკვიეს, რომ ის არა შარლატანი, არამედ უნიკალური ნიჭის მქონე ადამიანი იყო, მასთან უამრავი პაციენტი დაიძრა – მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებიც.
ის არა მხოლოდ კურნავდა, არამედ წინასწარმეტყველებდა
ჯუნა არამარტო კურნავდა ადამიანებს, არამედ მათ მომავალსაც წინასწარმეტყველებდა. მასთან დადიოდნენ ვლადიმირ ვისოცკი, მარჩელო მასტროიანი და ფედერიკო ფელინი... მის სიტყვებს ენდობოდნენ ლეონიდ ბრეჟნევი და რომის პაპიც კი. ხოლო მისი უსაფრთხოება კგბ-ს აგენტებს ებარათ – ისინი მუდამ თან დაჰყვებოდნენ და აკვირდებოდნენ.
მეორე ქორწინება – და სწრაფი განქორწინება
1986 წელს ჯუნამ, რომელიც უკვე დიდი ხნის გაშორებული იყო პირველ მეუღლეს, ცოლად გაჰყვა იგორ მატვიენკოს – იმ დროისათვის დამწყებ პროდიუსერს. თუმცა, მათი ქორწინება მხოლოდ ერთ დღეს გაგრძელდა. მიუხედავად ამისა, ამ ეპიზოდის შემდეგ მატვიენკოს კარიერა ელვის სისწრაფით გაიზარდა – ამას ზოგიერთი ჯუნას გარემოში შეძენილ კავშირებს მიაწერს, ზოგიც კი – თავად წინასწარმეტყველის ძალას.
უდიდესი პოპულარობა
80-იანი წლების ბოლოს ჯუნაზე პოპულარული ქალი საბჭოთა კავშირში არ არსებობდა. თავისი დიდებით მან რუსების საყვარელ მომღერალს, ალა პუგაჩოვასაც კი გადაუსწრო. მის გარშემო ყოველთვის უამრავი თაყვანისმცემელი მამაკაცი იყო, თუმცა რომანტიკულ ურთიერთობებზე საუბარი არ იყო. არსებობს მოსაზრება, რომ ჯუნამ დაუქორწინებლობის აღთქმა დადო – რათა ნიჭის განვითარებისთვის ხელი არ შეეშალა.
მეცნიერება და მედიცინა
ჯუნას ათასობით წერილი მისდიოდა – დახმარებისა და განკურნების თხოვნით. პოპულარობის ფონზე მან ალტერნატიული მეცნიერებების აკადემია დააარსა, სადაც მასობრივი მკურნალობის სეანსები ატარებდა – ექსტრასენსი ხალხის თვალწინ კურნავდა მძიმე ავადმყოფებს. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ჯუნა ტკივილსა და დაავადებებს მანძილის მიუხედავად შველოდა – პაციენტებს ხელს არც კი ახლებდა, არამედ მხოლოდ გარკვეულ მოძრაობებს ასრულებდა.
ჯუნა თავისი უნარის მეცნიერულ შესწავლაზე სერიოზულად მუშაობდა. მას ეკუთვნის არაერთი სამედიცინო გამოგონება – მათ შორის, ფიზიოთერაპიული აპარატი „ჯუნა-1“, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები მას შარლატანად მიიჩნევდნენ, ჯუნას ავტორიტეტი ოფიციალურმა მედიცინამაც კი აღიარა. მის ძალებში დარწმუნებულები იყვნენ როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, ისე სხვადასხვა რელიგიური კონფესიებისა და სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები. 1994 წელს ბორის ელცინმა მას ხალხთა მეგობრობის ორდენი გადასცა.
ტრაგიკული ბედი
თუმცა, თავისი ყველა უნარისა და წინასწარმეტყველების ნიჭის მიუხედავად, ჯუნამ საკუთარი ბედი ვერ განჭვრიტა. მის მიმართ ცხოვრება მაინც სასტიკი აღმოჩნდა. მისი ერთადერთი ვაჟი, ვახტანგი, ბავშვობაში სარკომით დაავადდა. ჯუნა მთელი თავისი ძალისხმევით ცდილობდა შვილის გადარჩენას. დაავადებამ უკან დაიხია, და ვახო დედისთვის ცხოვრების მთავარ იმედად და საყრდენად იქცა.
ბრძოლა სიკვდილთან
სამწუხაროდ, ვახტანგმა მხოლოდ 26 წელი იცოცხლა და 2001 წელს გარდაიცვალა. დღემდე ზუსტად არ არის ცნობილი, რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. ჟღერდა მრავალი ვერსია, მათ შორის – ავტოკატასტროფა, გულის დაავადება და ასევე მკვლელობა. ჰყვებოდნენ კიდევ უფრო გასაოცარ ისტორიებს - თითქოს ჯუნამ, შვილის გარდაცვალების შემდეგ, ისევ გააცოცხლა, მაგრამ მხოლოდ ერთი დღით, ბიჭი ბოლოს მაინც გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე სულელური ვერსია იყო, რომელიც მაშინ მედიამ გაავრცელა.
დაკარგული ნიჭი და სიკვდილი
ამ ტრაგედიის შემდეგ ჯუნას ცხოვრება – ყოველ შემთხვევაში, ის ცხოვრება, რომელსაც ადრე ჰქონდა – დასრულდა. მკურნალი მარტოობაში ცხოვრობდა, სახლიდან აღარ გადიოდა, შეწყვიტა პრაქტიკა. ხმები დადიოდა, თითქოს შოკის გამო, ქალმა ყველა უნარი დაკარგა. მალე თავადაც ცუდად გახდა, ძალა დაეკარგა, სწრაფად ბერდებოდა... 2015 წლის ზაფხულში ჯუნა დავითაშვილი გარდაიცვალა.
"გაფიცული" მემკვიდრეობა
ქალს საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა დარჩა – ოთხსართულიანი კერძო სახლი, დიდი მოსკოვური ბინა, სურათების უზარმაზარი კოლექცია, უნიკალური ძვირფასი ნივთები.
ჯუნას ანდერძი არ დაუტოვებია, ამიტომ, ნათესავებმა ქონებისთვის ბრძოლა წამოიწყეს. საბოლოოდ, ჯუნას მემკვიდრეობამ ახალ მფლობელამდე ვერ მიაღწია, რადგან სასამართლო პროცესების დროს მოულოდნელად მისი ორი ნათესავი გარდაიცვალა, რომლებიც სიმდიდრეს იყოფდნენ. ამის შემდეგ, ქალის მემკვიდრეობას "დაწყევლილი" უწოდეს.