"ქართული ოცნების" დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ “ტვ პირველის“ ოპერატორის დაკავებაზე კომენტარი გააკეთა.
“უნდა მოუსმინოთ, რას გეტყვიან, რა საბუთს წარმოგიდგენენ და რა პასუხს გაგცემენ. ჩვენც ქვეყანაში ადამიანებს არ იტაცებენ. მეუბნებით, რომ არის ადამიანი, რომელიც დააკავა პოლიციამ. თქვენ თვითონ მეუბნებით, რომ ესენი არიან პოლიციელები, ეს არის “ტვ პირველის“ ოპერატორი, ანუ გავარკვიეთ. ის ყოფილა ოპერატორი, რომელიც დაკავებულია. უნდა ჰკითხოთ და გაგცემენ პასუხს. უნდა ენდოთ, იმიტომ რომ პოლიცია თქვენს ნდობას იმსახურებს. თუ აღმოჩნდებით გატაცებული, მოითხოვეთ 112-ში დარეკვა, დაგარეკინებენ და გაგათავისუფლებენ“, - მიმართა ბოჟაძემ ჟურნალისტს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ტვ პირველის" ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.
უფრო ადრე, "ტვ პირველის" ოპერატორის ლაშა ჯიოშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ გაავრცელა. მელაძის ინფორმაციით, ლაშა ჯიოშვილი "სავარაუდოდ, პოლიციელებმა გაიტაცეს", მაშინ, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ სვამს რამდენიმე პირი ერთ ადამიანს მანქანაში და ისმის ხმა: "ოპერატორი ვარ, ლაშა ჯიოშვილი".