"იქ ყოფნა ახლა ძალიან მაბედნიერებს და ვგრძნობ, რომ იქ ვარ, სადაც და უნდა ვიყო" - გვეუბნება მსახიობი ვიკა კალანდია, რომელიც რამდენიმე თვის წინ ამერიკაში სასწავლებლად წავიდა... ამჟამად, საკუთარი ემოციებსა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს...
ვიკა კალანდია:
- ვსწავლობ ნიუ-იორკში. კინოსკოლაში Terry knickerbocker film studio. ვეუფლები საინტერესო მეთოდს. ამ სკოლაში 8 თვის წინ ჩავაბარე. საერთოდ ჩემი ოცნება იყო ამერიკაში კინოსკოლაში სწავლა. ყოველთვის მაინტერესებდა ეს მეთოდი, რადგან მასზე ბევრი მსმენოდა. სანამ ამ სკოლას ავირჩევდი, რამდენიმე კომპეტენტურ ადამიანს დავეკითხე, სად შეიძლებოდა მისი შესწავლა. ეს სკოლა და კიდევ ერთიც მირჩიეს, ამ კვლევის შემდეგ საბოლოოდ ამ სკოლაზე შევჯერდი.
- რაში მდგომარეობს ამ მეთოდის არსი?
- ჩვენს თეატრალურ უნივერსიტეტში სტანისლავსკის მეთოდს გვასწავლიან... ეს ახალი მეთოდია, თუმცა უკვე აპრობირებულიც. გვასწავლიან, როგორ უნდა იმუშაო როლზე და მსახიობი როგორ უნდა იყო ნამდვილი, ავთენტური როლის შესრულებისას. ამაზე გვაქვს ლექციები, გაკვეთილები, ჩაგვიტარდა ძალიან საინტერესო მასტერკლასები. უკვე 5 თვეა, იქ ვარ და ჩართული ვარ ამ პროცესში. ზუსტად ის ადგილია, სადაც ამ ეტაპზე სწავლა მიხარია. ნიუ-იორკში პირველად ჩავედი, აქამდე არასდროს სხვა ქვეყანაში არ მიცხოვრია, თუ არ ჩავთვლით ევროპის ქვეყნებში რამდენიმე კვირიან დასვენებას.
- მოკლედ, ყოველთვის რაღაც საინტერესოსთან შეჭიდება გიყვართ...
- კი ასეა და სწორედ ამან გადამაწყვეტინა ამ ნაბიჯის გადადგმა, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა... ახლა სადაც ვარ და როგორც ვარ, უკვე აღვნიშნე, რომ იქ მინდა ყოფნა. ეს მნიშვნელოვანია.
- გავიგე, რომ საუკეთესო სტუდენტად დაგასახელეს...
- კი, მომივიდა მეილი, საუკეთესო სტუდენტად დასახელდით, ჩვენი სკოლიდან დაგიკავშირდებიან, ფოტოებს გადაგიღებენ, ინტერვიუ ჩაწერენო. მოულოდნელი და ამავე დროს სასიხარულო ფაქტი იყო.
- ენობრივი ბარიერი ხომ არ შეგქმნიათ?
- ინგლისური ენა ყოველთვის ნორმალურად ვიცოდი, თუმცა ბოლო პერიოდში პედაგოგთან ერთად გაძლიერებულად ვსწავლობდი... რაც თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, სოხუმის თეატრში ვარ და თეატრის ხელმძღვანელმა, დათო საყვარელიძემ კაბინეტიც კი დამითმო, რომ იქ 2-3 საათიანი ლექციები მქონოდა. პედაგოგი მოდიოდა და ბოლო რამდენიმე თვე ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული. მოკლედ, ენის მეტად დასახვეწად ასე ვმუშაობდი. მერე გადავწყვიტე, რა დონეზეც ვიყავი, ასე წავსულიყავი და იქ პრაქტიკაში კიდევ უფრო ამედგა ენა და თავი გამომეცადა. ამიტომ ენის გასატეხად ნიუ-იორკში სპეციალურად ერთი თვით ადრე ჩავედი. ასევე მოვიარე, დავათვალიერე მთელი ქალაქი და ამის შემდეგ უკვე მზად ვიყავი განათლების მისაღებად და სწავლისთვის.
- ახალი კონტაქტები ალბათ შეიძინეთ. შემოქმედებითი კუთხით ხომ არ მიიღეთ კიდეც რაიმე შემოთავაზება?
- ნიუ-იორკი ისეთი ქალაქია, სადაც შეიძლება ისეთ ადამიანს გადაეყარო, რომ მთელი შენი ცხოვრება და კარიერა რადიკალურად შეცვალოს... კონკრეტულად ჯერ ვერაფერს ვიტყვი, თუმცა გაჩნდა რაღაც პროექტი და უახლოეს მომავალში იმედი მაქვს, რომ შედგება. მოკლედ, ჯერ სანამ ხელს არ მოვაწერ, ამაზე საუბარი ნაადრევია. მოკლედ, არის რაღაცები, რაც უკან, ნიუ-იორკში მაბრუნებს, სადაც ამ ყველაფერში კიდევ მეტად ჩავერთვები... ნიუ-იორკი ნამდვილად არის ისეთი ქალაქი, თუ რაღაც გულით გინდა და ამისთვის რაღაცას აკეთებ, აუცილებლად გამოგივა. ეს ასეა და არ არის ცარიელი სიტყვები. უსაზღვრო შესაძლებლობებია, სულ რაღაც ხდება, სულ რაღაც აღმოჩენებს აკეთებ, რაც ძალიან საინტერესოა.
- საქართველოდან ამერიკაში ჩასული ქართველი მსახიობისთვის სირთულე რა აღმოჩნდა?
- სირთულეების გარეშე, თან ამ პროფესიაში, არც შეიძლება, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, რომ რაიმე დისკომფორტი შემექნა. ერთი თვით ადრე რომ ჩავედი, მთელი თვე აღფრთოვანებული ვიყავი, ჩემმა მეგობარმა მითხრა, ახალი ჩამოსული ხარ, ერთ-ორ კვირაში გადაგივლისო. ერთ კვირაში რომ არ გადამიარა და მეხუთე თვესაც ასეთი აღფრთოვანებული ვიყავი, ცოტა გაოგნებული იყო... მაგრამ ზუსტად იმ ემოციებში და მდგომარეობაში ვარ, როგორშიც პირველად ჩასვლისას...
ვმგზავრობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ეს ყველაფერი ძალიან მომწონს. რაღაცნაირი თბილი ხალხია. ყველა კომპლიმენტს გეუბნება. პარიზსა და მილანში ასე და ასეთი კომპლიმენტების თქმა და სითბოს გამოხატვა არ იციან...
- როგორც ჩანს, დამოუკიდებელი ადამიანი ხართ.
- კი, მაგრამ იქ კიდევ სხვა დამოუკიდებლობაა, შენგან შრომისმოყვარეობას მოითხოვს. მეც ინტერესიანი ადამიანი ვარ და ვცდილობ, მუდმივად სიახლეები მოვძებნო, იმ ყველაფერს ფეხი ავუწყო. პროფესიულ დახვეწას ვცდილობ, რასაც ხელს მოვკიდებ, მინდა, თავდაჯერებული ვიყო და ყველაფერი როგორც პროფესიონალმა გავაკეთო. ვფიქრობ, რომ ამას ეს სკოლა და ეს ქვეყანა მომცემს.
- გამოცდები დისტანციურად ჩააბარეთ?
- კი და სამტურიანი გამოცდა იყო. იყო პორტფოლიო, 40-წუთიანი გასაუბრებაც. იმ გასაუბრებისას გამომცდელმა მითხრა, რადგან გამოცდილება გაქვს, ამა და ამ ჯგუფში იქნებიო. აღვფრთოვანდი და ჩემს მეგობრებს ამის შესახებ ვუთხარი. ისე მოხდა, რომ ერთი კვირა არ მოუწერიათ - გილოცავთ, თქვენ მოხვდით ამა და ამ სკოლაში... ცოტა ვინერვიულე - ნეტავ, რამე ხომ არ მომეჩვენა, სწორად გავიგე, რაც მითხრეს-მეთქი?! შიშებში ვიყავი, თუმცა მალე დასტური და მოლოცვა მოვიდა და ამ სკოლაში ნამდვილად ჩავირიცხე.
- ის სკოლა ქართულ სამსახიობოზე სკოლას რომ შევადაროთ, ამაზე რას იტყვით?
- ჩვენ მართლა საოცარი პედაგოგები გვყავს, ვფიქრობ, რომ შეძლებისდაგვარად მათგან ყველაფერი ავიღე. ჩემი პედაგოგი იყო დათო კობახიძე, არაჩვეულებრივი რეჟისორი და პედაგოგი. სტუდენტი დათოს მოწაფე 20 წლის წინ ვიყავი. ჩვენს სკოლაზე ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა, რომ დიდი სკოლაა! ყველა რეჟისორთან, ვისთანაც აქ მიმუშავია, კარგი გამოცდილება მივიღე. თუმცა ნიუ-იორკის სკოლა კიდევ სხვა მიმართულებაა - ძალიან განსხვავებულია. ამასთან, კიდევ არსებობს სწავლების სხვა მეთოდებიც და იმასაც ვფიქრობდი, რამდენიმე მეთოდს ერთად გავივლი-მეთქი. ეს ჩემს პროფესიაში მეტ თავდაჯერებულობას შემძენდა... ასე რომ, ამ პროფესიაში რაც ვიცი, ჩემი მასწავლებლების დამსახურებაა და მათი მადლიერი ვარ.
- ცხადია იქ იციან, რომ პროფესიონალი მსახიობი ხართ და სამსახიობო განათლება თქვენს ქვეყანაში გაქვთ მიღებული...
- კი, იციან. ჩემს ჯგუფში არიან ადამიანები ესპანეთიდან, კანადიდან, ბრიტანეთიდან, რომლებიც უკვე ჩემი მეგობრები არიან. ისინი თავის ქვეყანაში წარმატებული რეჟისორები არიან. მიუხედავად ამისა, ამ მეთოდს ინტერესით ეუფლებიან. ამიტომ ვერავის გავაკვირვებ... ერთ დღეს მე და ჩემი ორი კურსელი მეტროში ვიყავით და სამი ქართველი ბიჭი შეგვხდა, ჩემთან მოვიდნენ, მომესალმნენ, ფოტოები გადაიღეს. უახლოესი მეგობრები - ანასტასია და მარიამი გაოგნებულები იყვნენ, - შენ შენს ქვეყანაში ვინმე გიცნობს? - გაკვირვებულებმა მკითხეს. იქ ერთი რეჟისორიც გავიცანი, ასევე მეტროში შემხვდა, რომელიც გამომელაპარაკა გადამეხვია, მაკოცა. ქართველებს მეტროში ხშირად შეხვდებით... იყო ასეთი ეპიზოდიც - მაღაზიაში საშოპინგოდ ვიყავი, იქიდან რომ გამოვდიოდი, ერთ-ერთმა ძალიან კარგმა ფოტოგრაფმა გამაჩერა, შეიძლება ფოტოები გადაგიღოთო? კი ბატონო, გადავიღოთ-მეთქი და ქუჩებში ჩემი პარკებით დავდიოდით და სურათებს მიღებდა...
- ბინით უზრუნველყოფილი ხართ?
- არა. როდესაც ჩავაბარე, მთელი ეს ჩემი სწავლის პროცესი სარაჯიშვილმა დამიფინანსა. ბახვა ბრეგვაძის დამსახურებით მოხდა ეს. ეს რომ ვთქვი, ამის გამო ვიცი, ბახვა საყვედურს მეტყვის.
- თქვით, რომ ნიუ-იორკის მეტროში ქართველებმა თქვენთან ფოტო გადაიღეს. ეს ალბათ მაინც იმის დამსახურებაა, რომ სერიალით „ჩემი ცოლის დაქალები“ მასობრივად ცნობილი გახდით... რა ადგილი უკავია ამ სერიალს თქვენს ცხოვრებაში?
- მასობრივად ამ სერიალით გამოვჩნდი და ამ პროექტის, მისი შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ დიდი სენტიმენტები მაქვს, ასევე უნიჭიერეს და უკარგეს ადამიანთან გიორგი ბახუტაშვილთან. დღემდე ვარ თიკა, ცოტნე ცოტაშვილის ცოლი... არადა, 2014-2015 წელი იყო, როცა სერიალში გამოვჩნდი. ამასთან, ბევრი სერიალი, ფილმი, სპექტაკლი, საერთაშორისო პროექტიც იყო, მაგრამ მაინც ცოტნეს ცოლი, თიკა ვარ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“. იმ დღეს მაღაზიაში მიკითხეს, - „ჩემი ცოლის დაქალები“ არ გრძელდება? არ ვიცი, შეიძლება -ასე ვპასუხობ ხოლმე, მაინც ოპტიმისტურად.
- ნიუ-იორკში ცოტნე ცოტაშვილის ცოლი რომ ახსოვთ - მსახიობისთვის უკვე კარგია...
- ძალიან სასიამოვნოა, მიხარია ხოლმე და სენტიმენტები მაქვს. სულ მენატრება ის პერიოდი, ჩემთვის მართლა განსაკუთრებული იყო. ძალიან მიყვარს პერსონაჟი ლიკა და საერთოდ სერიალის სხვა პერსონაჟები...
- მაყურებელს, ჩვენს მკითხველს რას ეტყოდით?
- ადამიანი პირადად რაიმეს თუ არ შემეკითხება, თუ რჩევა არ სჭირდება, ჩემი ინიციატივით მიჭირს, ვინმესთვის ჩემი გამოცდილების თავსმოხვევა. ამჯერად ადამიანებს იმას ვეტყვი, რომ თუ ოცნება არსებობს, მის ასახდენად, კომფორტის ზონიდან გამოსვლაც ზოგჯერ შეიძლება. ვიცი, მომავალ როლებზე სამუშაოდ, რისი გაკეთებაც მინდა, ეს მეთოდი, კიდევ უფრო დამეხმარება...
- ე.ი. ნიუ-იორკში ყოფნა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ხომ?
- ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა - საქართველო, მაგრამ ახლა ძაიან შემიყვარდა ამერიკაც.
ფოტოები: ამერიკელი ფოტოგრაფი ვოლტერი