გიორგი ღვინჯილია ქალაქ ფოთში დაიბადა და გაიზარდა, შემდეგ ემიგრაციაში იყო, ემიგრაციიდან დაბრუნებული თბილისში აგრძელებდა ცხოვრებას. ერთ დღეს კი გადაწყვიტა, სოფელში გადასულიყო საცხოვრებლად და ასეც მოიქცა. დღეს აბაშის რაიონში, სოფელ ცხოვრობს, ჰყავს ძროხები, ღორები, ქათმები, დიდი სახლი თავის ხელით გაარემონტა და მოაწყო, დაკავებულია ქველმოქმედებით... ამ ყველაფრის ამსახველ ვიდეოებს ფეისბუქგვერდზე "გზა სოფლისკენ" აზიარებს, სადაც გამომწერები სულ უფრო და უფრო ემატებიან და უკვე 170 ათასს გადასცდა...
გიორგი ღვინჯილია თავის რთულ პირობებში განვლილ, საინტერესო ცხოვრებაზე გვიამბობს...
- დავიბადე ქალაქ ფოთში, 1988 წელს. ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს უკავშირდება. მოგეხსენებათ რა რთული წლები იყო, მაგრამ ამავდროულად 90-იანი წლები მახსენდება როგორც სიყვარულის, სიკეთის, ურთიერთპატივისცემის წლები... მამას ემიგრაციაში წასვლა მოუხდა, ბაბუა ადრე გარდაგვეცვალა და დავრჩით - დედა, მე, დაიკო, ჩვენი ხანდაზმული ბებია, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. შესაბამისად მთელი ტვირთი დედის მხრებზე აღმოჩნდა. ამიტომაც ვამბობ, რომ 90-იანი წლები სირთულის მიუხედავად სიყვარულის, თანადგომის, ურთიერთპატივისცემის წლები იყო...
მეზობლებმა იცოდნენ, რომ გვიჭირდა. დილით ეზოში ხან ყველის ნაჭერი, ხან რძე გვხვდებოდა. გვიკვირდა, საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი. ერთხელ დედამ მთელი ღამე არ დაიძინა, დარაჯობდა თუ ვის მოჰქონდა. თურმე ჩვენს წინა მეზობელს, ტარიელს მოჰქონდა. უღრმესი მადლობა მას, დალოცვა ჩემგან... ღამით ოთხის ნახევარზე შემოდიოდა და ხან ყველს, ხან რძეს გვიტოვებდა. ასევე ეს ადამიანი ძალიან ხშირად მეძახდა, მასთან სახლში რომ მივსულიყავი. თითქოს ჩემი დახმარება ჭირდებოდა რამე საქმეზე, მაგრამ რომ გავიზარდე, შემდეგ მივხვდი, საკვებად მეძახდა, რაც იმ წლებში ჩემს ოჯახს არ ჰქონდა...
პურიც არ გვქონდა, ბევრი რთული დღეები გადავიარეთ, მაგრამ ეს დიდი სიყვარული და თანადგომა განსაკუთრებულად დარჩა ჩვენს გულში. ამიტომაც დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ბავშვობა რთული, მაგრამ ამავდროულად ლამაზი იყო. სადაც მე ადამიანობა, ურთიერთპატივისცემა, სიკეთის ფასი ვისწავლე. ამ დროს ძალიან დიდი სიყვარულით ვიხსენებ. საქართველოში დაახლოებით ათ წლამდე ვცხოვრობდი. კრივზე დავდიოდი, იუნიორებში საქართველოს ჩემპიონი ვარ. ბავშვობა სულ შრომაში გავატარე, ძალიან ადრიდან ჩავები. მე და ჩემი და ჯართს ვაგროვებდით, რაღაც კაპიკები შემოგვქონდა სახლში, პური რომ გვეყიდა. შრომა, სპორტი, სწავლა - ეს იყო ბავშვობა. დედა ჩვენი მიწიერი ანგელოზია, ადამიანი, რომელიც ყველანაირად ცდილობდა, იმ წლების სირთულე არ გვეგრძნო. ის იყო ჩვენი ჰაერი, ნუგეში, სიყვარული... მის მხრებზე იყო დედის, მამის მოვალეობაც. ჩემი ბავშვობა სირთულეებს და დედის გმირობას უკავშირდება...

- ემიგრაციის წლები როგორ გახსენდებათ?
- თავიდანვე ვახსენე, რომ უმამოდ ვიზრდებოდით, რადგან წასული იყო და თითქმის 6 წელი უნახავი გვყავდა. ერთხელ ტელეფონზე საუბრისას შემომთავაზა მასთან წავსულიყავი, რაც ძალიან გამიხარდა, 6 წელი არ მენახა. თუმცა პირობა იყო, რომ ზაფხულში წავიდოდი და როგორც კი სკოლის პერიოდი მოახლოვდებოდა, კვლავ საქართველოში დავბრუნდებოდი. დაახლოებით ათი წლის ასაკში დამსვეს ავტობუსზე ივნისის თვეში და სამი დღე თბილისიდან მოსკოვამდე მარტომ ვიმგზავრე. ძალიან რთული იყო, რადგან მარტო მივდიოდი, მაშინ ასე არ არსებობდა მობილურები, ინტერნეტი და შიშის განცდა მქონდა, არ დავკარგულიყავი. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. მშვიდობით ჩავედი მამა დამხვდა, ძალიან ემოციური შეხვედრა იყო, სიხარულის ცრემლებით სავსე... ასე დაიწყო ემიგრაციაში ჩემი ცხოვრება, 11 წლის იქ გავხდი. მე კი მინდოდა საქართველოში დაბრუნება ზაფხულში მამასთან ერთად, ან მარტოს, რადგან კრივზე ვსწავლობდი და აქედან აზრად არ მქონია, რომ ემიგრაციაში დავრჩებოდი. უფლის ნებით იქ დავრჩი, დაახლოებით ერთ წელიწადში დედაც ჩამოვიდა რუსეთში, დასთან ერთად და 2018 წლამდე იქ დავრჩით...
ემიგრაციაში ცხოვრება ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე საქართველოში გავლილი 90-იანი წლები.. მოგეხსენებათ იქ ზამთარი ძალიან მკაცრია, ნაქირავებ ბინებში ცხოვრება გვიწევდა, შემოსავალი შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არ გვქონდა. მახსენდება, შობის ღამეს როგორ გამოგვაგდეს სახლიდან, როცა ტემპერატურა მინუს ოცი გრადუსი იყო. მანქანაში გვეძინა, შემდეგ კი ნაცნობმა ქართველებმა შეგვიკედლეს. იქიდანაც გარკვეული დროის შემდეგ გამოგვაგდეს.
შემდეგ წლების განმავლობაში ისეთ პირობებში ვცხოვრობდით, სადაც მხოლოდ კედლები იყო და მეტი არაფერი, არც აბაზანა, საპირფარეშო... ორი ოჯახი, ათი ადამიანი ერთ ოთახში ვიყავით, 40 კვადრატული ფარდებით გვქონდა გაყოფილი. მეორე სართულზე ჩვენ ვიყავით, პირველ სართულზე კი ცეხი იყო, სადაც მასალები მზადდებოდა და შესაბამისად სულ მტვერი, ხმაური იყო... დღევანდელი გადმოსახედიდან ამ დროს ძალიან თბილად ვიხსენებ. კარგი გამოცდილება მივიღეთ, საინტერესო გზა გავიარეთ. ცხოვრება ვისწავლეთ, ღვთის მადლიერი ვარ ყველაფრისთვის. წლების შემდეგ ნელ-ნელა ჩვენც გავიზარდეთ. დედას სამსახური გამოუჩნდა, საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ. უკეთეს პირობებში აღმოვჩნდით. დამაც დაიწყო მუშაობა, მეც ვმუშაობდი, ნელ-ნელა სირთულეებიდან გამოვედით, მაგრამ ემიგრაციაში ცხოვრება მაინც ძალიან რთული იყო. მაინც უცხოეთია, სხვა კლიმატია, სხვა ხალხია...

იყო მეგობრების მონატრება, ენობრივი ბარიერი, ადაპტაციის პერიოდი ძალიან დიდხანს გაგრძელდა. ემიგრაციის წლებში, ჩასვლიდან ძალიან მალე ფეხბურთზე დავიწყე სიარული. ასე ვთქვათ, ფეხბურთში არ გამიმართლა და მივატოვე. 17 წლიდან ვმუშაობდი და ოჯახს ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო... დედამ ისე აღმზარდა, ეკლესია ბავშვობიდანვე მიყვარდა. ფოთის მე-11-ე საშუალო სკოლაში დავდიოდი და იქ იმ დროს ეკლესია ააშენეს, სადაც ხშირად შევდიოდი. ემიგრაციაში რომ წავედი, ადგილს ვეძებდი სადაც ლოცვას შევძლებდი. მიუხედავად იმისა, რომ იმ ქვეყნის ენა არ მესმოდა, ერთ-ერთ ტაძარში დავდიოდი და ვლოცულობდი. ემიგრაციაში რაც ყველაზე ძვირფასი იყო, რამაც ჩემი ცხოვრება შეცვალა, დაახლოებით 12 წლის ასაკში ჩემი სულიერი მოძღვარი გავიცანი. ადამიანი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, ჩემს ცხოვრებაზე.
12 წლიდან შემიკედლა ეკლესიის კედლებში, ამავსო სიყვარულით, ყურადღებით, ღვთაებრივი სითბოთი. ასე ვთქვათ, უფალი ჩემს ცხოვრებაში ჩემი სულიერი მამაოს მეშვეობით შემოვიდა. 12 წლიდან 26 წლამდე ტაძარში ხშირად დავდიოდი, ჩვენ სულიერ მოძღვარს ვესაუბრებოდი, ვეხმარებოდი სხვადასხვა საქმეებში. 20 წლის ასაკში ეკლესიაში დავიწყე მუშაობა, თავდაპირველად მებაღედ. მებაღედ ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. ორი წლის შემდეგ პროფესიის შეცვლა შემომთავაზეს, შემდეგ სეფისკვერს, საეკლესიო პურებს ვაცხობდი. ეს ექვსი წელი გაგრძელდა.
საერთო ჯამში 8 წელი ვმუშაობდი ეკლესიაში. ეს ჩემთვის უძვირფასესი დრო იყო, რომელსაც ვეთაყვანები და ყველაზე მეტად მადლიერი ვარ. რომ არა ეკლესიას მოხვედრა, არ ვიცი, ჩემი ცხოვრება როგორ წავიდოდა. ალბათ ცუდად დავამთავრებდი. ახალგაზრდა ვიყავი და შეიძლებოდა ისეთ გარემოცვაში მოვხვედრილიყავი, სადაც ცუდ რამეს გადავეყრებოდი და შეიძლება ცოცხალიც აღარ ვყოფილიყავი. ეკლესიამ მიხსნა განსაცდელისგან და მოვხვდი იმ დროს, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა. ჩემი წლოვანებიდან გამომდინარე, როცა ყველაზე დიდი განსაცდელები მქონდა. ახალგაზრდა ხარ, არ იცი, რა გზა აირჩიო, როგორ იცხოვრო... ეს 8 წელი ჩემთვის სანუკვარი იყო, დიდი სიხარულით ვიხსენებ მაგ დროს. რუსეთში ვცხოვრობდი, ეკლესიაში ვმოღვაწეობდი, მაგრამ სულ ვიცოდი, მახსოვდა, რომ მე ქართველი ვარ, ჩემი სამშობლო საქართველოა, სულ მენატრებოდა ჩემი ქვეყანა და 2011 წელს საქართველოში ემიგრაციის წლების შემდეგ პირველად ჩამოვედი. წარმოიდგინეთ, 11 წელი ჩემი სამშობლო არ მენახა.

მხოლოდ ტელევიზიით, ინტერნეტით ვხედავდი... ბევრი სევდა დამიგროვდა საქართველოს მონატრებაში, საქართველოსთვის ლოცვაში. საქართველოში დაბრუნებამდე ორი წლით ადრე უკვე იმ დონემდე მქონდა მობეზრებული ემიგრაციაში ცხოვრება, საქართველო იმდენად მენატრებოდა, ძლივს მაკავებდნენ. ისე მოხდა, რომ ჩვენი სურვილები ერთნაირი იყო - დედის, ჩემი, დაიკოსი და დავბრუნდით. ბევრი მეუბნებოდა, რა გინდა საქართველოში, რას გააკეთებ, სამსახურები არ არის, შემოსავალი ცოტა არისო და ასე შემდეგ... მე ეს არ მაბრკოლებდა და ეს არაერთხელ მითქვამს, რაზეც არ უნდა მუშაობდე, შენს ქვეყანას უნდა იყო. მწამს, რომ ღმერთი დამეხმარება და ყველაფერი კარგად იქნება. საქართველოში რომ დავბრუნდი, ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი. უკვე ექვსი წელი გავიდა და კიდევ არ მგონია თუ დავბრუნდი.
დაბრუნების დღიდანვე დავიწყე ლაშქრობებში სიარული, წმინდა ადგილების მონახულება, მთელ საქართველოს გავეცანი, ორი-სამი წელი ასე დავდიოდი. ვეცნობოდი ჩემს სამშობლოს, ჩემს ისტორიას. ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი ჩემი სოფელში გადმოსვლისა. ლაშქრობების, ექსკურსიების დროს, როცა მთელი საქართველო შემოვიარე, მოწმე გავხდი შესაძრწუნებელი ფაქტისა. სოფლები თითქმის ახალგაზრდების გარეშე, სულ ხანდაზმული ადამიანები ცხოვრობენ. ძალიან იმოქმედა ჩემზე დაცლილმა სოფლებმა, მოხუცების აცრემლებულმა თვალებმა, რომლებიც სულ გვეუბნებოდნენ, დაბრუნდითო, იმდენად უხაროდათ ჩვენი დანახვა. შინაგანად ვიგრძენი, რომ მეც უნდა დავბრუნდე სოფელში, მერე რა რომ ყველა გარბის, მე აუცილებლად დავბრუნდები-თქო...
18 წელი ემიგრაციაში ბინაში, ერთ ოთახში ცხოვრება მომიხდა და თავს როგორც ციხეში, ისე ვგრძნობდი, ჩემთვის ურთულესი იყო. ემიგრაციაში ვამბობდი, რომ მექნებოდა სახლი, ეზო, შემდეგ რომ ჩემს შვილებს მიზეზი არ ჰქონდეთ, საქართველო დატოვონ და ემიგრაციაში იცხოვრონ. შემდეგ როგორც მოგახსენეთ, ექსკურსიების დროს ნანახმა დაცლილმა სოფლებმა იმოქმედა. მესამე მიზეზი პატრიარქის ქადაგება იყო, რომელმაც არაერთხელ მოგვიწოდა, რომ ჩვენს მიწა-წყალს დავუბრუნდეთ, წინაპრების სახლები არ მივატოვოთ,, რთული დრო დადგებაო...

ამ ყველაფერს პანდემია დაემთხვა. მოკლედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით დავიწყე ადგილების ძებნა, რაც დაახლოებით რვა თვე გაგრძელდა. თავიდან თბილისთან ახლოს ვეძებდი, რადგან თბილისში ჩამოვედი საცხოვრებლად. თბილისში ბინები გვაქვს, გიდად ვმუშაობდი ტურისტულ სფეროში, საკმაოდ ნორმალური შემოსავალი მქონდა თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ შინაგანად სულ მახსოვდა, რომ თბილისში ვერ გავჩერდებოდი. 2021 წელს სოფელში გადმოვედი. ღვთის ნება იყო, რომ სამეგრელოში აღმოვჩენილიყავი, რადგან წარმოშობით სამეგრელოდან ვარ, ჩემი ფესვები აქ არის. აქ არის ჩემი სანათესავო, წინაპართა საფლავები... აბაშის რაიონის, სოფელ მარანში ვცხოვრობ უკვე ოთხი წელია. როგორც ყოველთვის, დედა ჩემი მუდმივი მფარველია.
გვერდით დამიდგა, დატოვა თბილისი, საკმაოდ კომფორტული და მშვიდი ცხოვრება, რასაც მრავალწლოვანი შრომის შემდეგ იმსახურებდა. გამომყვა სოფელში და ლამის 90-იან წლებში დავბრუნდით იმ თვალსაზრისით, რომ სახლის თითქმის თავიდან ბოლომდე შეკეთება მოგვიხდა. სრული კომფორტიდან თითქმის სრულ პირობების გარეშე მყოფ ადგილას გადმოვედით. პირველი წელი განსაკუთრებულად რთული იყო, მაგრამ მიზანმიმართულად, გააზრებულად გადმოვედით, გააზრებული გვქონდა, ეს ნაბიჯი რისთვის გადავდგით, შიში არ გვქონდა.
მე ქალაქი გაზრდილი ვარ, სოფლის არაფერი მესმოდა, დედას ჰქონდა გარკვეული გამოცდილება, რადგან- ჭალადიდში დაიბადა, იქ იზრდებოდა. დედის იმედად გადმოვედი, იგი იყო გამზიარებელი თავის გამოცდილებისა, პირველი ნაბიჯები მისი მეშვეობით გადავდგით... მიწაზე მუშაობა, ცხოველების მოვლა მისგან ვისწავლე. რაც შეეხება ხელობას, სახლის შეკეთებას, ეს საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და გადავწყვიტე, რომ ყველაფერს ჩემი ხელით გავაკეთებდი. ხშირად ვეცნობოდი ინტერნეტის საშუალებით რა, როგორ კეთდება და ასე ნელ-ნელა ხელობის შესწავლა დავიწყე.

ოთხი წლის განმავლობაში ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებდი. დროდადრო ჩემთან სიძე ჩამოდიოდა და მეხმარებოდა. რაღაცეებში ნათესავებიც დამეხმარნენ, დეიდაშვილის მეუღლემ დენის გაყვანილობა უზრუნველყო, რაც მე არ მესმოდა. დეიდაშვილმა კარები დაკიდა და ამის ცოდნა გამიზიარა. ასე ნელნელა, ჩემით, ახლობლების თანადგომით ხელობა ვისწავლე და უკვე სრულყოფილად დავიწყე მე თვითონ ყველაფრის კეთება. იატაკის დასხმა, კედლების გალესვა, კარ-ფანჯრების ჩასმა...
აბსოლუტურად ყველაფერი ვისწავლე და ჩემი ხელით ვაკეთებ. სახლი დახლოებით 14 ოთახს მოიცავს და აქედან 11 უკვე გაკეთებულია. რასაც ვაკეთებდი, ყველაფერს ინტერნეტში ვაზიარებდი და იმდენად დიდი ინტერესი იყო, ჩემი გამომწერების რიცხვი უკვე 170 ათასს გადასცდა. გვყავს ძროხები, ღორები, ქათმები, მიწას ვამუშავებთ, მაგრამ რომ გითხრათ, ფერმერები ვართ-მეთქი, ტყუილი იქნება. უბრალოდ იმ საქმეს დავუბრუნდით, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ.