ნიკო გომელაურმა ქართულ თეატრში, კინოსა და პოეზიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა. მისი გარდაცვალება არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ კულტურული სამყაროსთვისაც უდიდესი დანაკარგი იყო. წლები გავიდა, თუმცა მისი სახელი და შემოქმედება დღემდე ახსოვთ და აფასებენ.
ტასო გომელაური:
- არ ვაღიარებდი, რომ აღარ არის. ერთ ჩემს ძალიან კარგ ადამიანს ვესაუბრე, თერაპიაზე რომ დავდიოდი, მან მიმახვედრა, რომ დაბლოკილი მქონდა და უნდა გამეხსნა. მგონია, რომ გავიზარდე და თან ახლა რომ ვფიქრობ, ნიკო იყო 39 წლის, მე ვხდები ახლა 33 წლის და ჩვენს შორის ძალიან პატარა სხვაობა გამოდის.
მაგ წელს ვაბარებდი, ძალიან დატვირთული ვიყავი ეროვნული გამოცდების სწავლით და თან ასეთი პრობლემა რომ გაქვს სახლში. მამა, რომელიც ძალიან ავად არის... ასე მალე ნამდვილად არ ველოდი ყველაფერს როგორც მოხდა. თან თავიდან საერთოდ სხვა დიაგნოზი ვიცოდი, როგორც ხდება ხოლმე, ბავშვებს რომ უმალავენ. სრულიად შემთხვევით გავიგე მისი დიაგნოზის შესახებ. ფაქტობრივად ქუჩაში მითხრეს, არა ეგ არ აქვსო. ძალიან ტრაგიკული წელი მქონდა, თან ისეთ ასაკში ვიყავი. ნიკო ჩემი გამოცდების ჩაბარებას ვერ მოესწრო.
ნიკო რომ ცოცხალი იყო ძალიან ბევრ ხალხს უყვარდა, თეატრშიც ძალიან ბევრი ხალხი დადიოდა, მისი პოეზიის საღამოებზეც ყოველთვის ანშლაგი იყო. განსაკუთრებით ქალბატონები. საერთოდ გარდაცვალების შემდეგ უფრო აფასებენ ადამიანს, მაგრამ ვთვლი, რომ ცხოვრებაშიც დაფასებული იყო. გული იმაზე მწყდება, რომ როგორც მსახიობს შეეძლო ფარგლებს გასცდენოდა და უკეთეს ფილმებში ეთამაშა.
გაზაფხულზე ჩვენთან აქციები რომ იყო, ახალგაზრდა ბიჭი, ალბათ მამა რომ გარდაიცვალა 4 წლის იყო, ნიკოს ლექსებს კითხულობდა რუპორში. ძალიან სასიამოვნოა, რომ დღემდე ყველას ახსოვს და ახალგაზრდა თაობამ იცის. ჩემთვის სამაგალითო ადამიანია.
ძალიან პირდაპირი იყო, შეიძლება რაღაც ისე ეთქვა, რომ მიწა გამისკდეს, ეს გამონათქვამი რომ არის... სულ მქონდა მისი რიდი, სულ ისე გვეპყრობოდა როგორც დიდ ადამიანებს. შენი აზრიც რომ აინტერესებს და ამ დროს 9 წლის რომ ხარ.
ჯეჯიმ სამსახიობოზე რომ ჩააბარა, ღელავდა, თან ჩვენს ქვეყანაში სულ გადარებენ, მამა ჯობია თუ შვილი. ნიკომ ბოლოს ერთი რაღაც გვითხრა, მე მოგეცით თქვენ გვარი, როგორც ბრენდი, ახლა თქვენ იცითო.