თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია რადიო თავისუფლების პოდკასტში "2150" ამბობს, რომ დღეს ბიზნესი გაცილებით თავისუფალია ვიდრე ეს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს იყო.
"პირდაპირი ზეწოლა, ციხეში საკუთრებების გადაფორმება, პოლიციაში და ბიზნესმენების პროკურატურაში დაბარებები, საკუთრებების წართმევის, ასეთი რამ მე არ გამიგია ამ ხელისუფლების პერიოდში" - აღნიშნავს ის.
ასევე ექსმინისტრი განმარტავს, რომ ბიზნესი, რასაც აწარმოებს ევროპული ინვესტიციაა და ამასთან დაკავშირებით არანაირი წინაღობა არ შემხვედრია.
"არანაირი შეხება მთავრობასთან არ მაქვს, ჩვენ მთავრობისგან არაფერს ვითხოვთ, ჩვენ ვართ ევროპული ფონდი, რომლებიც ვყიდულობთ კერძო საკუთრებას კერძო პირებისგან და მათთან გვაქვს მოლაპარაკება. ტყუილი იყო, რომ ცათამბჯენებს ვაშენებთ.
ჩვენს ქვეყანაში რომ სასამართლო არ არის სამართლიანი, საუბარი მაგით დავიწყე. თუმცა, სამართლიანი უნდა ვიყო, მე არანაირი წინაღობა არ შემხვედრია აქამდე. ისიც უნდა შევადაროთ, რომ ჩემთვის წინა ხელისუფლების პერიოდში, რაიმე ბიზნეს აქტივობის განხორციელება იქნებოდა პრაქტიკულად შეუძლებელი, ვამბობ, სააკაშვილის პერიოდში. მე დღეს არანაირი წინაღობა არ შემხვედრია აქამდე, ამიტომ მე ვერ მოვიტყუები, სამართლიანი უნდა ვიყო. დანარჩენი ვინ რა გარიგებაშია შესული ჭორებზე საუბარს არ დავიწყებ.
მე ვარ აბსოლუტურად თავისუფალი ჩემს გადაწყვეტილებებში, იმ ბიზნესს რასაც ვაწარმოებთ სუფთა ბიზნესს ევროპული ინვესტიციაა და უნდა ვაღიარო რომ მე წინაღობა არ შემხვედრია არანაირი.
რეალურ ბიზნეს თავისუფლებას სჭირდება ბევრი კომპონენტი: უნდა გვქონდეს თავისუფალი სასამართლო, მაგრამ წინა ხელისუფლებიდან განსხვავებით, რაც მე მახსოვს, მე თვითონ ვიყავი ოპოზიციაში, რა ბრუტალურად ექცეოდნენ ბიზნესმენებს, ეს რეალურად არ ხდება, გარიგებები ალბათ არის, მე არ ვარ ის ადამიანი, რომ ჭორებზე ვისაუბრო, მაგრამ ასეთი პირდაპირი ზეწოლა, ციხეში საკუთრებების გადაფორმება, პოლიციაში და ბიზნესმენების პროკურატურაში დაბარებები, საკუთრებების წართმევის, ასეთი რამ მე არ გამიგია ამ ხელისუფლების პერიოდში.
მე არ ვარ მექომაგე დღევანდელი სიტუაციის, იმიტომ რომ პოლიტიკურად იმდენად კრიზისშია ქვეყანა შესული და დარწმუნებული ვარ და მგონია, რომ ძალიან მალე სოციალურ სფეროზეც აისახება, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, რომ ისეთი ბრუტალობა და სისასტიკე, როგორიც იყო წინა ხელისუფლების დროს, მე ბიზნეს წრეებში ვერ ვხედავ. ვისთანაც მაქვს შეხვედრა მათგანმაც იგივე მესმის, რომ რა ზეწოლა იყო მაშინ და რა ხდება დღეს" - ამბობს ალასანია.