ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქუთაისის კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს, რეანიმაციიდან ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და შესაძლოა, მალე ბინაზე გაწერონ“, - აცხადებენ დაზარალებულის ახლობლები.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში ახალგაზრდა ქალი დაზიანებებით რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს. მას დაზიანებები სახის, თავის, გულ-მკერდის არეში, ასევე კიდურებზე ჰქონდა.
არსებული ინფორმაციით, ქალი კლინიკაში მამაკაცმა შეიყვანა. მისი თქმით, ის მძიმე მდგომარეობაში ქუთაისისა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზაზე იპოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო და საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.