ავტორი:

"რატომ მეხება უცხო ბიძია იქ, სადაც არ მსიამოვნებს?! რატომ მიყვირის დედა?! რატომ მასისხლიანებს მამა?! ეს კითხვები სულ მქონდა" - ანა ბარბაქაძის მძიმე წარსული და ემიგრაციაში ნაპოვნი შვება

"რატომ მეხება უცხო ბიძია იქ, სადაც არ მსიამოვნებს?! რატომ მიყვირის დედა?! რატომ მასისხლიანებს მამა?! ეს კითხვები სულ მქონდა" - ანა ბარბაქაძის მძიმე წარსული და ემიგრაციაში ნაპოვნი შვება

პედოფილია, ძალადობა, ემიგრაცია, მარტოხელა დედობა, დედა დემენციის - დიაგნოზით, ეს ყველაფერი, კიდევ უამრავი სირთულე იყო და არის მის ცხოვრებაში... დღეს ანა ბარბაქაძე კანადაში შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობს. სოციალურ ქსელში ხშირად ჩანს მისი ვიდეოები, სადაც ახალგაზრდა, გამორჩეული გარეგნობის გოგო გულწრფელად ჰყვება თავის ცხოვრების შესახებ. იგი სხვა ადამიანებს გამოსადეგ რჩევებს უზიარებს და მათგანაც დიდი სიყვარულით სარგებლობს...

ანა ბარბაქაძე კანადიდან გვესაუბრა:

- ძალიან რთული ბავშვობა მქონდა. სულ გარიყულად ვგრძნობდი თავს. ადამიანები ვერ გვკადრულობდნენ, გასაკვირი არც არის, ვერც მე ვიღებდი ჩემს თავს. ვერ ვიღებდი იმ რეალობას, რაშიც ვცხოვრობდი. ვერ ვხვდებოდი, ყველაფერი მე რატომ დამემართა ეს ყველაფერი. მე რატომ მეხება უცხო ბიძია იქ, სადაც არ მსიამოვნებს?! მე რატომ მიყვირის დედა ?! მე რატომ მასისხლიანებს მამა?! მე რატომ დამცინიან?! მე რატომ არ მემეგობრებიან?! მე რატომ მკლავენ?! მე რატომ არავის ვუყვარვარ?! კითხვებზე პასუხი არსად იყო, ტკივილი კი მრავლად გახლდათ. კითხვებზე ვერ გაცემული პასუხების გამო გადავწყვიტე, რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, ყველაფერში ჩემ თავს ვადანაშაულებდი. ბავშვობაში თავს სიყვარულის უღირსად ვთვლიდი, მშობლებმა უპირობო სიყვარული არ გამიზიარეს რადგან თავადაც არ ჰქონდათ, მათი მშობლებიც ხომ ტკივილში, წარსულში ცხოვრობდნენ და ანალოგიური ფიქრები, შეგრძნებები ასწავლეს მათ.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვცხოვრობდი სირცხვილის და დანაშაულის გრძნობით, ჩემი ქმედებებიც ანალოგიური გახლდათ და რა ფიქრები, შეგრძნებები და ქმედებებიც მქონდა,ზუსტად იგივე ცხოვრებას ვიზიდავდი, არაფერი იცვლებოდა. ბევრი მაგალითი მქონდა თუ როგორი არ უნდა ყოფილიყო ადამიანი. იმის მიხვედრით თუ როგორი არ მინდოდა რომ ვყოფილიყავი, მივხვდი რა არჩევანი უნდა გამეკეთებინა. ჩემი არჩევანი სიკეთე გახლდათ.

შვილთან ერთად

- ბავშვმა როგორ მოახერხეთ ყველანაირი ძალადობა დაგეძლიათ, პატარაობიდანვე მხოლოდ პროგრესზე გეფიქრათ?

- თავიდან რეალობას გავექეცი. ილუზიაში ვცხოვრობდი. არ ვუსწორებდი მოცემულობას თვალს. მომხდარზე არ ვფიქრობდი, ეს ცხოველებისგან გადავიღე. ისინი ცხოვრობენ აქ და ახლა. თუმცა ჩვენი თავის და ჩვენი რეალობის შესაცვლელად აუცილებელია ფიქრი, გაანალიზება, დასკვნის გაკეთება, საკუთარი თავის ცვლილება უკეთესობისკენ და შემდეგ აქ და ახლა ცხოვრება, რაც ცხოველებს არ აქვთ და ამიტომ არ იცვლებიან. ამ ყველაფერს ვერ ვხვდებოდი, ამიტომ მეც არ ვიცვლებოდი, არასწორად ვცხოვრობდი. თუ წარსულისგან არ განვიკურნეთ აქ და ახლა, ცხოვრება იქნება ისევ ტკივილიანი , ილუზორული. ძველისგან თუ არ განთავისუფლდით, ახლის დაბადებას ხელს ვერ შევუწყობთ. ჯერ გავექეცი ჩემ რეალობას, ჩემ თავს, ტკივილს, შემდეგ თვითგადარჩენის ინსტინქტით ვმოქმედებდი და ბოლოს ტკივილს, რეალობის, ჩემ თავზე თვალის გასწორებით მოვახდინე ტრანსფორმაცია. ტრანსფორმაციაში ძალიან დამეხმარა ჩემი დეიდაშვილი, ქეთევან აზანიშვილი. პირველი ადამიანი გახლავთ, ვისაც მოვუსმინე, ვენდე. მასზე მინდობით კი ჩემში გაიხსნა სამყაროს ნდობის კარი. ამან სასწაულები მოახდინა.

- როდიდან მიხვდით, რომ აუცილებლად უნდა წასულიყავით და ამ გარემოში ყოფნა არ გსურდათ...

- მოზარდობის პერიოდიდან ვფიქრობდი, უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლას. მაშინ ერთადერთი გამოსავალი გაქცევა მეგონა. ახლა ვხვდები, რომ გამოსავალი გაჩერება, მიღება, ცვლილება არის. ყველაფერი ჩვენგან იწყება... მთავარია ჩვენ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა თავადვე ავიღოთ, შევწყვიტოთ ყველაფრის სხვაზე გადაბრალება.

დედასთან ერთად

- ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებოდათ, თუ გსურთ პირად ცხოვრებაზე საუბარი, სასიამოვნო მოგონებები რომ გაგვიზიაროთ..

- ძალიან მინდა პირად ცხოვრებაზე სასიამოვნო მოგონებები გაგიზიაროთ, თუმცაღა ჯერ-ჯერობით არ მქონია. ტკივილიანი მე, ტკივილიან ადამიანებს ვიზიდავდი. შესაბამისად პირადი ცხოვრება შიშებზე, არასრულფასოვნებაზე, უპატივცემულობაზე უსიყვარულობაზე, მესაკუთრეობაზე, კონტროლზე აშენებული მქონდა, რის გამოც ყოველთვის თავზე მენგრეოდა. იმ პერიოდში ჩემი თავი არ მიყვარდა და რა თქმა უნდა სხვის შეყვარებასაც ვერ შევძლებდი. ცხოველურ, ჰორმონალურ, ინსტიქტუალურ სიყვარულზე აგებული ურთიერთობები ტკივილიანი გახლდათ. ამასწინათ ჩემს 7 წლის შვილს ვკითხე: - დანიელ, შენთვის რა არის სიყვარული - მეთქი და მან მიპასუხა: - სიყვარული სიმშვიდეა... გავოცდი, ასეთ პასუხს მე არასდროს გავცემდი. ტრავმირებულ მეს, სიყვარული მღელვარება მიმაჩნდა. ახლა კი ვხვდები რეალური, უპირობო სიყვარული სიმშვიდე გახლავთ.

9 წელი ხდება რაც ამ ეტაპზე მარტოხელა დედა გახლავართ. ფლირტის დონეზეც კი არავისთან მქონია ურთიერთობა. ბევრს ჰქონდა მცდელობა თუმცაღა მე კონცენტრაცია სულ ჩემ შვილზე მქონდა. ამით ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა გითხრათ, საკუთარი თავის ცვლილების ფასს ვიხდი, ის მარტო ყოფნა გახლავთ.

- კანადაში გადასვლა და ყველაფრის თავიდან დაწყება, სირთულეები რამ გაგიადვილათ?

- დიახ, ემიგრაცია ურთულესი გახლავთ, მაგრამ ემიგრაციამ მე გადამარჩინა, როდესაც ცვლილებას იმ რეალობაში რაშიც ხარ ვერ ახერხებ, უნდა მოშორდე, რომ ადეკვატურად დაინახო მოვლენები, შეძლო კურნება, ცვლილება, ზრდა და ცოდნის გაზიარება. ჩვენ თავს რაც ხდება, ხდება იმისთვის რომ გამკლავების, ცვლილების გზები ვისწავლოთ და ამით სხვას გავუადვილოთ ცხოვრება.

- თუ გიფიქრიათ, ახლო მომავალში საქართველოში დაბრუნდეთ?

- საქართველო ძალიან მენატრება და მიყვარს. ძალიან მინდა გავახსენო ადამიანებს თუ რამდენად სასწაულმოქმედნი არიან, გავახსენო რომ ქართველები სიკეთის ხალხი ვართ და ისევ ავირჩიოთ უპირობო სიყვარულის მიღება და გაზიარება. ჩვენ ბრძენი ერი ვართ და ვიცი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად გვექნება... რაც შეეხება დაბრუნებას, სამყაროს ვენდობი. როგორც აუცილებელია ყველაფერი ისე იქნება.