ბოლო დღეებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტისგან მწვავე კრიტიკა დაატყდა თავს, მეტიც, ტრამპი ღიად უპირისპირდება ზელენსკის და მას ხან "არჩევნების გარეშე დიქტატორს“ უწოდებს (პუტინს ამ კონტექსტში არ ახსენებს), ხანაც - "საშუალოდ წარმატებულ კომიკოსს“. მაგ.19 თებერვალს საკუთარ სოცქსელ Truth Social-ში ტრამპმა დაწერა, რომ "ზელენსკიმ ჯობია იმოქმედოს სწრაფად, თორემ მალე ქვეყანაც აღარ ექნება". წინა დღით გამართულ ბრიფინგზე კი თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის მოსახლეობის მხოლოდ 4% უჭერს მხარს (რაც ეწინააღმდეგება სოციალური გამოკითხვების მონაცემებს), მას უწოდა "დიქტატორი“ და თქვა, რომ ის სულ მალე უნდა დაეთანხმოს სამშვიდობო შეთანხმებას.
თავის მხრივ, ზელენსკიმ დონალდ ტრამპი ომის მიზეზებსა და პირობებთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციების ზუსტად გამეორებაში დაადანაშაულა."როცა ოთხ პროცენტზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვნახეთ ეს დეზინფორმაცია, ჩვენ გვესმის, რომ ეს რუსეთიდან მოდის... სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი, როგორც ერის ლიდერი, რომელსაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ, ცხოვრობს ამ დეზინფორმაციის სივრცეში”. "ვფიქრობ, რომ აშშ პუტინს ეხმარება მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ზელენსკის არჩევნებიდან 5 წელი 2024 წლის მაისში გავიდა, მაგრამ ქვეყანაში არსებული საომარი მდგომარეობის გამო, ახალი არჩევნები ვერ ტარდება.
რატომ ალაპარაკდა აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი პუტინის ენით, რას ემსახურება ტრამპის პროვოკაციული განცხადებები და რა გაგრძელება ექნება მათ დაპირისპირებას, ამ საკითხებზე ambebi.ge პოლიტოლოგ თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.
- რით ახსნით ტრამპის პუტინის რიტორიკით ამეტყველებას? ის ღიად უპირისპირდება უკრაინის პრეზიდენტს და მის მიმართ უკიდურესად შეურაცხმყოფელ ეპითეტებს იყენებს. ასე რამ გააღიზიანა აშშ-ს პრეზიდენტი და ამით რას ცდილობს?
- გააჩნია, როგორ შევხედავთ პროცესს. ჩვენ თუ ამ ყველაფერს ვუყურებთ იმ პერსპექტივიდან, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ეს არის გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელიც ყველა სიტყვას ზომავს და წონის, მაშინ ტრამპის ქმედებები სრულიად აბსურდულია. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ტრამპი, რომელიც სწორედაც რომ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებით გამოირჩევა და რომელიც მუდმივად სკანდალებზე მუშაობს. არ ვამბობ, რომ სწორია, რასაც ის აკეთებს, მისი მთავარი ინტერესები ამ შემთხვევაში ნაწილობრივ გახმაურდა კიდეც, ეს არის იმ შეთანხმებების დადება, რომელიც მას უკრაინასთან უნდა - საუბარია ლითონებზე იმ პირობებით, რომელიც მას სურს. თეთრმა სახლმა უკვე ახალი, შერბილებული ვერსია შესთავაზა უკრაინას და ამის განხილვა მომავალში იქნება. ეს არის ჩვეულებრივი ვაჭრობა, რითაც ცნობილია დონალდ ტრამპი. მეორე საკითხია ის, რომ მას ანალოგიური უხეში ვაჭრობის მიდგომა (ეს არის სტრატეგია მოლაპარაკებებში) აქვს ევროპელებთანაც. ბორის ჯონსონმა, აბსოლუტურად, მართებულად აღნიშნა თავის ინტერვიუში, რომ ტრამპი აჩვენებს ევროპელებს, რა მოხდება, თუკი ამერიკა უარს იტყვის დაცვის იმ გარანტიებზე, რაც დღეს ევროპას ამერიკიდან აქვს, ამიტომ ტრამპი მაქსიმალურად ძალისმიერად ცდილობს, ევროპელებს თავდაცვის ხარჯები გააზრდევინოს, გარდა ამისა, მიიღოს ის პირობები, რომელიც მას უნდა ამერიკული კომპანიებისთვის. არის კიდევ სხვა ბევრი საკითხიც... მთავარია, საერთაშორისო პოლიტიკაში რამდენად ამართლებს ტრამპის მიდგომები. ეს რომ ბიზნესში ამართლებს, ტრამპს აქვს ამის გამოცდილება, ის წარმატებული ბიზნესმენია, რომელსაც არა ერთი სირთულე გადაულახავს და სამჯერ არის ბანკროტობიდან ამოსული, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობები ყოველივე ამისგან განსხვავდება იმიტომ, რომ აქ სხვა წესები მოქმედებს. ამ შემთხვევაში სწორედ ეს არის მთავარი გამოწვევა. ახლა მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდება მოვლენები - სხვათა შორის, მისმა რიტორიკამ ძალზე ცუდი რეაქცია გამოიწვია თვითონ ქვეყნის შიგნით, მათ შორის რესპუბლიკურ პარტიაში და ცხადია, რომ ტრამპს შეხვდება დიდი წინააღმდეგობა, რის შედეგადაც ის აუცილებლად შეარბილებს პოზიციებს.
ის ელოდება, რა შეთავაზებას გაუკეთებენ მას ევროპელი ლიდერები და რას შესთავაზებს იგივე უკრაინა. ამაზე იქნება დამოკიდებული ტრამპის შემდგომი ნაბიჯები. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ის ვინმეს რაღაცას აჩუქებს, ტრამპი არაა ის ადამიანი ვინმეს, მით უმეტეს, პუტინს რომ აჩუქებს რამეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღესდღეობით, ეს არის ის ნაბიჯები, რასაც ტრამპი დგამს როგორც მას წარმოუდგენია საერთაშორისო ურთიერთობები და სამწუხაროდ (და ესაა მთავარი პრობლემა), მისი წარმოდგენა საერთაშორისო ურთიერთობებზე განსხვავდება იმ წესებისა და რეალობისაგან, რითაც ხდება საერთაშორისო ურთიერთობების წარმოება.
- მსოფლიო საზოგადოებას რჩება შთაბეჭდილება, რომ საქმე გვაქვს პუტინის მოკავშირესთან. ზელენსკიმ კი ისე შეაფასა მისი პროვოკაციული გამონათქვამები, რომ პრეზიდენტი "რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაციას ავრცელებს“ და რომ "ტრამპი პუტინს მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში ეხმარება“, ასეა?
- ამ შემთხვევაში ტრამპი პუტინზე არ ფიქრობს, მისი მიდგომები არის განსხვავებული, ამიტომ ვამბობ, ტრამპი არ არის იმ კატეგორიის ადამიანი, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედი პოლიტიკოსის პერსპექტივიდან შევაფასოთ, ეს შეუძლებელია, ისიც და ილონ მასკიც სხვა პრიზმაში ხედავენ და მთავარი პრობლემა ზუსტად ის არის, რომ მათ გადაწყვეტილებები იმ თემებზე უნდა მიიღონ, რა თემებთანაც დაკავშირებით მათ განსხვავებული წარმოდგენა აქვთ, რაც წინააღმდეგობაში მოდის იმ ძირითად წესებთან, რაზედაც დგას საერთაშორისო ურთიერთობები. ზელენსკის განცხადებას რაც შეეხება, ცხადია, ეს იყო ის ემოციური განცხადება, რომელიც უნდა ყოფილიყო და ის აბსოლუტურად მართალია, ასე გაგრძელება მხოლოდ პუტინს აძლევს ხელს. მაგრამ აქ რისი იმედიც უნდა გვქონდეს ისაა, რომ აშშ დემოკრატიული სახელმწიფოა, ის არ არის ერთი ადამიანის სამფლობელო და როდესაც ასეთი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღება, თავისი ადგილი აქვს სახელმწიფო ინსტიტუტებს, იმავე სენატს, კონგრესს, სასამართლოს და ა.შ. ასე რომ, იქ მნიშვნელოვანია ბალანსის პრინციპი და იმედი მაქვს, ეს იმუშავებს. მეორეც - რაც აღნიშნეთ და რაც ყველასთვის დასაფიქრებელი უნდა იყოს არის ის, რამდენად ძლიერია რუსული დეზინფორმაციული მანქანა, რომელმაც შეაღწია ამერიკაში და როცა აშშ-ს პრეზიდენტი იმეორებს კრემლის ნარატივს, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რაოდენ სერიოზულია დღეს ინფორმაციული საფრთხეები, რამდენად შეიძლება მცდარი აღქმების შექმნა... ამიტომაც გახდა ტრამპი კრიტიკის ობიექტი თავად აშშ-შივე და არა მხოლოდ კონგრესმენებისგან და სენატორებისგან, არამედ სამხედროებისგან, ფაქტობრივად, აღარ დარჩენილა სფერო, ვისაც პრეზიდენტი არ გაუკრიტიკებია. ეს არის დასაფიქრებელი, მათ შორის ჩვენთვისაც, რომ ამ სერიოზული საფრთხეებით გაჯერებულ ეპოქაში ძალიან დიდი ზრუნვა გვმართებს უსაფრთხოებაზე და უსაფრთხოების იმ განზომილებებზე, რომლებიც შედარებით უხილავია (ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს ინფორმაციულ და ფსიქოლოგიურ ოპერაციებზე, კოგნიტურ ომებზე და ა.შ.).
-ზოგი ისეთ ნარატივს ავითარებს, თითქოს ტრამპი ასეთი მიდგომებით დასავლეთს "გამოღვიძებაში ეხმარება“. თითქოს შედეგმაც არ დააყოვნა - ევროპამ დაინახა, რომ მათი უსაფრთხოება მათი დასაცავია, მათი როლი გამოიკვეთა და ევროპის ლიდერებმა საკუთარ თავზე აიღეს უკრაინის უსაფრთხოებაზე ზრუნვის ინიციატივა. მაგ. ბრიტანეთი მზადაა 30 ათასი ევროპელი ჯარისკაცი გააგზავნოს უკრაინაში, ვნახეთ მაკრონის უკრაინისადმი მხარდამჭერი განცხადებაც...
- ვერ ვიტყვი, რომ ტრამპი ამაზე ზრუნავს, ეს იყო შედეგი, რომელიც მისმა რიტორიკამ მოიტანა. ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე და ამან თუკი დადებით კონტექსტში რამე მოიტანა, ეს არის ევროპის გამოფხიზლება - დღეს აქტიურ მხარდაჭერაზე უკვე ისეთი ქვეყნების ლიდერები საუბრობენ, რომლებიც აქამდე ზომიერ პოზიციაში იყვნენ. ევროპას აქვს სერიოზული ბერკეტები, მას შეუძლია ძალიან სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, რასაც დგამს კიდეც. სულ რაღაც 2 დღის წინ მე-16 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც ეხება ალუმინის პირველად ექსპორტს, რაც სერიოზული თემაა რუსეთისთვის. მეორე საკითხია ის, რომ ევროპაში 300 მილიარდამდე რუსული აქტივებია გაყინული და მისი უკრაინისთვის მოხმარება არის ის საკითხი, რომელიც მკვდარი წერტილიდან უნდა დაიძრას და უკრაინის სასარგებლოდ გადაწყდეს. მესამეა ის კონტრიბუცია, რაც გამოიხატება იმაში, რომ ქვეყნებმა და მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა გამოთქვა მზადყოფნა სამომავლოდ სამშვიდობო კონტინგენტის, საკუთარ სამხედროების უკრაინაში გაგზავნაზე. ეს სერიოზული თემაა, ასე რომ, პროცესი ახლა იწყება და ადრეა საუბარი იმაზე, რომ პუტინმა და ტრამპმა რაღაც გაიყვეს, ვიღაცას რაღაც აჩუქეს და ა.შ.
- როგორ წარმოგიდგენიათ მოლაპარაკების დასასრული და რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ტრამპი-ზელენსკის დაპირისპირებას, ვინ რაზე შეიძლება დათანხმდეს?
- ამ შემთხვევაში ეს არ არის მხოლოდ ტრამპის და ზელენსკის თემა, აქ ბევრი აქტორია ჩართული - მომავალ კვირაში გაიმართება ბრიტანეთის პრემიერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ერთობლივი ვიზიტი ვაშინგტონში, რა დროსაც სტარმერიც და მაკრონიც დონალდ ტრამპს შეხვდებიან. განიხილება არა მარტო უკრაინის, გლობალურად ევროპის უსაფრთხოების თემა, ამიტომ მასში ბევრი აქტორია და ეს მოლაპარაკებებიც ისე არ იქნება, რომ დავუშვათ, ტრამპი და პუტინი დასხდებიან და რაღაცას გადაწყვეტენ. არა, აქ ძალიან სერიოზული თემებია, რომელიც ორი სახელმწიფოს მოლაპარაკების ფორმატს და შესაძლებლობებს აღემატება. ჯერ არავინ იცის, როდის შედგება პირველი პირების შეხვედრა, რომც შედგეს, ეს არ იქნება ერთჯერადი და პირველ შეხვედრაზევე არაფერი გადაწყდება. მრჩება შთაბეჭდილება, რომ დღევანდელ დღეს მხარეები ემზადებიან მოლაპარაკებისთვის უკეთესი პოზიციის ხელში ჩასაგდებად - ეს ეხება რუსეთსაც და ტრამპსაც. ასე რომ, პროცესის ძალიან დასაწყისში ვართ და დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
- ისე, ამბობენ, რომ ტრამპის განცხადებებმა უკრაინაში გაღიზიანების გარდა, ზელენსკის რეიტინგის საგრძნობლად მომატებაც მოიტანა.
- ცხადია, ასეც იქნებოდა, ამ ყველაფერმა ზელენსკის რეიტინგი მოუმატა, იმავდროულად, ტრამპმა თავისი წარმომადგენელი გააგზავნა უკრაინაში, რომელსაც უკვე ჰქონდა შეხვედრა ზელენსკისთანაც და საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიგიბასთანაც, იგეგმება სხვა ვიზიტებიც. ერთიც არის, რომ ამ ყველაფრის ფონზე ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, მაგ. გუშინ გავრცელდა ასეთი დეზინფორმაცია, რომლის გავრცელებაშიც, სხვათა შორის, მნიშვნელოვანი როლი უკრაინის ზოგიერთმა პოლიტიკოსმაც ითამაშა, - ვითომ უკრაინისადმი ამერიკის სამხედრო დახმარება შეწყვეტილია, რაც დღეს ტრამპის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში მაიკლ უოლცმა უარყო, არაფერია შეწყვეტილი. ეს არის მრავალკომპლექსური ომი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ სამხედრო კომპონენტს, არამედ ინფორმაციას, მეორე მხარის დაბნევას, დეზორიენტაციას და ა.შ. ამიტომაც ამ რთული პროცესისთვის ყველა მხარე მზად უნდა იყოს და უპირველეს ყოვლისა, ამ რთულმა პროცესმა დასავლური ერთიანობა არ უნდა დაარღვიოს.