ავტორი:

"დაველოდები შოუს მოსაწვევს..." - რას წერს ნათია მოგელაძე თეა წულუკიანის კომისიაზე?

"დაველოდები შოუს მოსაწვევს..." - რას წერს ნათია მოგელაძე თეა წულუკიანის კომისიაზე?

17 თებერვალს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ 23 თებერვალს, პარასკევის სხდომაზე, სავარაუდოდ, მოწვეული იქნებოდნენ ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია მოგელაძე და ლევან გაჩეჩილაძე.

კერძოდ, წულუკიანის განმარტებით, 21 თებერვლის სხდომაზე სავარაუდოდ, მოწვეული იქნებოდნენ ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც 2005 წლის მარტში ცენტრალური კომისიის თავმჯდომარე იყო. ასევე, ნათია მოგელაძე, რომელიც 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებამდე პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური გაერთიანებების შესაბამის დეპარტამენტს მართავდა და ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც წულუკიანის თქმითვე, "მრავალი წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ მას 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მე-2 ტური მოჰპარეს“.

მისივე თქმით, 21 თებერვლის სხდომა 2008 წლის არჩევნების საკითხის განხილვას დაეთმობოდა, ხოლო აგვისტოს ომთან დაკავშირებულო საკითხის განხილვა შემდეგ კვირაში მოხდებოდა.

როგორ ირკვევა, დღეს სხდომა არ გაიმართა, რის თაობაზეც ნათია მოგელაძე სოციალურ ქსელში წერს:

"მეგობრებო, რადგან უამრავი მირეკავთ და ინტერესდებით, აქვე დავწერ. ხმაურიანი განცხადებების მიუხედავად, არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ "საგამოძიებო კომისიის" სხდომა, გაურკვეველი მიზეზების გამო, დღეს აღარ ჩატარდა. მე რაიმე სახის ოფიციალური მოსაწვევი არ მომსვლია.

ვფიქრობ, ორშაბათს, ვითომ საგამოძიებო კომისიის სახით გამართული ფარსის მიზანი, კორუმპირებული ჩინოვნიკების გულგრილობის გამო, "ოცნების ქალაქში" ტანჯვით დაღუპული ორი ანგელოზის ტრაგედიიდან, ყურადღების 13 წლის წინ მომხდარ მოვლენებზე გადაიტანა იყო, რაც, სამწუხაროდ, მოახერხეს და დღეს სხდომის გამართვა აღარ იყო აქტუალური.

ან ქალბატონმა წულუკიანმა გაითვალისწინა ჩემი რჩევა, რომ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ შეხვედრამდე სათანადოდ მომზადებულიყო. ეს ნამდვილად გონივრული ნაბიჯია:). მოკლედ, დაველოდები შოუს მოსაწვევს, სადაც შევარდნაძის დროის ჩინოვნიკები, "ოცნებაში" პორტირებული თავგადაკლული "ნაცები" და შს მინისტრის მითითებებს დაქვემდებარებული ყოფილი სახალხო დამცველი, ისტორიის გადაწერას ცდილობენ. მე შევეცდები მოგასმენინოთ მრავლისმთქმელი ფაქტები მათ შესახებ, რომელიც ვიმედოვნებ, საოქმო ჩანაწერის სახით შემორჩება ისტორიას და შევა ამხანაგი წულუკიანის მიერ დაანონსებულ ე.წ "კვლევაში".

შეგახსენებთ, ნათია მოგელაძემ განაცხადა, რომ ის მივიდოდა კომისიის სხდომაზე.

"ცხადია, ეს კომისია მხოლოდ სანახაობისთვის შეიქმნა. ისიც ცხადია, რომ მე არ ვაღიარებ არალეგიტიმურ პარლამენტს და არც ამ კომისიის უფლებამოსილებას. თუმცა მე არ ვარ პოლიტიკოსი და ამიტომ, თუ დამიბარებენ, მივალ არალეგიტიმურ პარლამენტშიც და მისთვის კომფორტულ ნებისმიერ სივრცეში, ჩამოლაბორანტებულ მოქალაქე თეა წულუკიანთან იმისათვის, რომ ავუხდინო მრავალწლიანი ქართული ოცნება და მივცე ჩემთან პირისპირ გასაუბრების შესაძლებლობა. იმედია, ამჯერად მაინც კარგად იქნება მომზადებული და წინა ჩვენი შეხვედრების მსგავსად, მსუბუქად რომ ვთქვა, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდება", - წერდა ის.