17 თებერვალს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებულ არტისტი ბერტა ხაფავა. 20 თებერვალს საზოგადოება საყვარელ მსახიობს დაემშვიდობა. ბერტა ხაფავას მიერ თეატრსა და კინოში შესრულებულ როლებს მაყურებელი კარგად იცნობს, რადგან თითოეული დასამახსოვრებელი და გამორჩეულია. თავიდან კინოში თენგიზ აბულაძემ "ნატვრის ხეში" გადაიღო, ჭორიკანა ქალის როლი ჰქონდა, მერე ელდარ შენგელაიამ - "სამანიშვილის დედინაცვალში" მელანოს როლზე დაამტკიცა.
მოგვიანებით იყო ფილმები - "სიყვარული ყველას უნდა", "სამოთხის გვრიტები"... "მოსფილმშიც" გადაიღეს, უკრაინაში 4-5 მთავარი როლი აქვს ნათამაშევი. სულ 60-მდე მხატვრულ ფილმშია გადაღებული.
მისი კარიერა 1960 წელს დაიწყო. 50 წელზე მეტი წელი მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაატარა და სცენაზე არაერთი საინტერესო როლი შექმნა. მაყურებელს განსაკუთრებულად უყვარს მისი ნამუშევარი ფილმებში: "სამანიშვილის დედინაცვალი", "სიყვარული ყველას უნდა", "სამოთხის გვრიტები“...
მსახიობობა ბავშვობიდან ჰქონია აჩემებული, არტისტების სურათებს აგროვებდა, ჰყავდა საყვარელი მსახიობები, თუმცა გარშემო და არც სანათესავოში მსახიობი არავინ ჰყოლია. მშობლებს მისი მსახიობობა არ უნდოდათ.
"დედ-მამა იურისტები იყვნენ, უნდოდათ, რომ სამედიცინო ინსტიტუტში ჩამებარებინა და ექიმი გამოვსულიყავი. იქ ორწლიანი სტაჟი იყო საჭირო. აბრეშუმის ფაბრიკის სკოლაში გადამიყვანეს და პარალელურად მუშაობა ონკოლოგიურ საავადმყოფოში დამაწყებინეს. საოპერაციოშიც მიწევდა შესვლა, მაგრამ სისხლის დანახვაზე ცუდად ვხდებოდი. სახლში ვტიროდი, ჩემგან ექიმი არ დადგება-მეთქი. ბოლოს ჩემი გავიტანე და საბუთები თეატრალურ ინსტიტუტში შევიტანე, მაგრამ ვერ ჩავაბარე, ვერც მეორე ცდაზე და მხოლოდ მესამედ გამიმართლა... ამით ჩემს ცხოვრებაში დიდი სიხარულის პერიოდი დაიწყო. პედაგოგებიც კარგი მყავდა, კურსელებიც და ჯგუფელებიც, მათ შორის იყვნენ, გურამ ფირცხალავა, ნათელა მაჭავარიანი...
ჩემი ჯგუფის პედაგოგი საშა მიქელაძე იყო - ადამიანი-ცოცხალი ენციკლოპედია, ძალიან ჭკვიანი და განათლებული. ანტისაბჭოთა განწყობა ჰქონდა, პირში მთქმელიც იყო და არავის ერიდებოდა. მისი მოსაწონი არტისტი არც საქართველოში არსებობდა და არც - საზღვარგარეთ, მაგრამ ვინმეს ჩვენზე ცუდი რომ ეთქვა, არ აპატიებდა, მამასავით გვერდით გვედგა - გვიცავდა. პირველად ინსტიტუტის სცენაზე ვთამაშობდით. ჯერ მეოთხეკურსელებთან მქონდა პატარა ეპიზოდი, მდივნის როლი იყო. სპექტაკლს „დიდების გამყიდველი“ ერქვა. ჟანრი ლოლაშვილის კურს გახლდათ და ამთავრებდნენ. ჟანრის კალთაში უნდა ჩავჯდომოდი, მაგრამ ეს ვერ გავაკეთე. რეჟისორმა „ადიალა“ დაკეცა და ჟანრის მუხლებზე დაუდო და ახლა დაჯექიო. ამის შემდეგ თითქოს გავთავისუფლდი და როლიც ვითამაშე" - ღიმილით იხსენებდა მსახიობი, თუმცა ცხოვრებაში იმ 2 წელს ნანობდა, რაც თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებას მოანდომა.
"მაგრამ იმ ორ წელს დაკარგულად არ ვთვლი, რუსთაველის თეატრში ისეთი გამოცდილება მივიღე ინსტიტუტში ამას ვერც მივიღებდი. იქ სცენის თანამშრომელი ვიყავი. რეჟისორების მუშაობას ვესწრებოდი, მათ შორის, დოდო ალექსიძის, მიშა თუმანიშვილის რეპეტიციებზე დავდიოდი. ეს დიდი გაკვეთილები იყო. სცენაზე კორიფეები იდგნენ - სერგო ზაქარიაძე, რამაზ ჩხიკვაძე და ვინ აღარ. თითო სპექტაკლი 10-10-ჯერ მაინც მაქვს ნანახი. მათ ყურებაში ვიზრდებოდი... ინსტიტუტის შემდეგ გორის თეატრში რომ მივედი, 4 წელიწადი არაფერი გამიკეთებია. არადა, გასაოცარი იყო, ახალმოსული მსახიობი ხომ უნდა გამოეცადათ, ენახათ, რა უნარების იყო, მაგრამ არა" - აღნიშნავდა ქალბატონი ბერტა.
შემდეგ რეჟისორმა თენგიზ მაღალაშვილმა ბიჭის როლზე დააკავა. გაუკვირდა, ცოტა დაფრთხა კიდეც, მაგრამ ითამაშა... მოზარდ მაყურებელთა თეატრში მოსულ ბავშვები ვერც კი ხვდებოდნენ, რომ ბიჭის როლს ქალი თამაშობდა.
"მერე ისევ ბიჭი ვითამაშე, რომელსაც უკვე ქალის როლები მოჰყვა და მერი პოპინსამდე ასე მივედი... მსახიობი კი ვიყავი, მაგრამ არ ვცეკვავდი და არ ვმღეროდი. მერი პოპინსზე რეჟისორმა ნანა ხატისკაცმა ამიყვანა, ის თენგიზ მაღალაშვილის მეუღლე იყო... ნანამ საოცარი გარდასახვა შემაძლებინა. როლზე ქორეოგრაფ იური ზარეცკისთან ერთად ვიმუშავეთ. დღე და ღამე გაერთიანებული მქონდა იმისთვის, რომ სპექტაკლში მეცეკვა და მემღერა. სიმღერაც მასწავლეს, გია ძნელაძე იჯდა და მასწავლიდა. დიდი მუშაობის შემდეგ ყველაფერი ერთად შევძელი და ვითამაშე. მეც და სპექტაკლსაც დიდი წარმატებ ხვდა წილად,“ - ამბობდა მსახიობი.
"ელდარის შემდეგ, ლანა ღოღობერიძემ თავის ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ პატარა ეპიზოდში გადამიღო. ჩემი პერსონაჟი კარში თავს გამოყოფს და სრულად ჩანს მისი აწმყო, წარსული და მომავალი - იმ გაუბედურებული ქალის მთელი ცხოვრება წამიერად იკითხება... თუ ეს შეგიძლია, მსახიობისთვის უმაგრესი რამ არის... კი, არაფრისგან რომ რაღაცას გააკეთებ, ეს შესანიშნავია და თავდაჯერებულობასაც გმატებს... ეგ პაწაწინა როლი ყველაზე ძალიან მიყვარს.
მერე იყო ფილმი "სიყვარული ყველას უნდა"... გოდერძი ჩოხელმა ოთხ ფილმში გადამიღო - მათ შორისაა „სამოთხის გვრიტები,“ „აღდგომის ბატკანი“... საერთოდ, ორივე მიყვარს - კინოც და თეატრიც... გამოვიდა, რომ მთელი ცხოვრება ამ საქმეს მივუძღვენი. მაგისთვის ვიყავი, მეტი არაფრისთვის, მეტი არაფერი გამიკეთებია. არც შვილი, არც ქმარი, არც ოჯახი. ქმარი, შვილები და ოჯახი ჩემი როლებია კინოსა და თეატრში,“ - თავისი ცხოვრების ამ ეპიზოდებზე ბერტა ხაფავას არაერთ ინტერვიუში აქვს ნათქვამი.
"სიყვარული ყველას უნდა" და მისი პერსონაჟი ანიკო მსახიობის კინოკარიერაში მაყურებლისათვის დასამახსოვრებელი და საყვარელი პერსონაჟი აღმოჩნდა.
"საერთოდ არ ველოდი და არ მეგონა, თუ ეს ფილმი აქამდე გაძლებდა. დღემდე გადის ეკრანზე და ხალხი უყურებს. ვმუშაობდი "მოსფილმშიც", უკრაინაში 4 მთავარი როლი მაქვს ნათამაშები, საქართველოში არაერთი როლი შევასრულე, მაგრამ "სიყვარული ყველას უნდა" იყო ფილმი, რომლითაც ხალხი მცნობდა. ქუჩაში სულ მიღიმოდნენ... ტრანსპორტში მოუძახებიათ: "დილას მწვანილი, საღამოს მწვანილი", "კია, კიააა"... სულ ვფიქრობ, რომ უფრო მეტის გაკეთება შემეძლო თეატრშიც და კინოშიც, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ მსახიობზე არ არის დამოკიდებული. არადა, ერთი შეხედვით, მოცლითაც არ ვყოფილვარ, მუდმივად ვმუშაობდი. იყო დრო, როცა თავისუფალი წუთიც კი არ მქონდა.
"სამანიშვილის დედინაცვალს" რომ ვიღებდით, პარალელურად ვთამაშობდი თეატრში და ტელევიზიაში რეპეტიციები მქონდა. ღამით მატარებელზე ვჯდებოდი, რომ დილას ჭიათურაში ფილმის გადაღებაზე ჩავსულიყავი. ასეთი რეჟიმი მქონდა და არ ვიღლებოდი, საქმესაც ვაკეთებდი. გიორგი შენგელაიამ ფილმში "სიყვარული ყველას უნდა“ თავისუფლება მომცა. მეც უკან არ დამიხევია. ხშირად უთქვამთ, სახლის ჭერში ჩამოკიდებული სცენა როგორ გადაიღეო...
ამას ახლა რომ ვუყურებ, მეც მიკვირს. ბევრი დუბლი დასჭირდა, ხელები გადატყავებული მქონდა. რისკიანი სცენაც იყო, მაგრამ წვალებად ღირდა. „ჩულქის" რეზინი ჩემით წამოვიცვი, ასე სასაცილოდ რომ ჩანს ქვემოდან... შეუდარებელ კახი კავსაძეზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, საოცარი პარტნიორობა გამიწია“ - იხსენებდა მსახიობი. ბერტა ხაფავა ბოლო წლებში მონაწილეობდა პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები,“ სადაც ბაქარ ორჯონიკიძის ბებია იყო.
2013 წლის 18 მაისს მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ ბერტა ხაფავას ვარსკვლავი გაიხსნა.