"ჰამასმა" ისრაელს შირი ბიბასის ცხედარი გადასცა. ქალის გარდაცვალება ოჯახმა დაადასტურა.
ჰამასმა ისრაელს 20 თებერვალს გადასცა ოთხი მძევლის გვამი, რომელთა შორის უნდა ყოფილიყვნენ ძმები არიელ და კფირ ბიბასები, მათი დედა შირი და 83 წლის ოდედ ლიფშიცი.
იდენტიფიცირების შედეგად ქალში შირი ბიბასი ვერ ამოიცნეს, რის შემდეგაც ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ გვამი არ არის არც ბავშვების დედის და არც რომელიმე სხვა მძევლის.
ისრაელის განცხადებითვე, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ კფირ ბიბასი, რომელიც გატაცების დროს 9 თვის იყო და მისი 4 წლის ძმა არიელი „მხეცურად“ მოკლეს ტყვეობაში და არ დაღუპულან ისრაელის ავიადარტყმის შედეგად, როგორც ამას "ჰამასი" ამტკიცებდა.
შირი, არიელი და კფირ ბიბასსები 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიტაცეს. ისინი მძევლად აიყვანეს ბავშვების მამასთან, 34 წლის იარდენ ბიბასთან ერთად, რომელიც ჰამასმა 1 თებერვალს გაათავისუფლა.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის მიხედვით ჰამასი 1,900 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ 33 ისრაელი მძევლის გათავისუფლებას დათანხმდა.
ჰამასი მძევლების ისრაელისთვის გადაცემამდე ისრაელის მთავრობას უგზავნის გასათავისუფლებელი მძევლების სახელებს. ისრაელსა და ჰამასს შორის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შესახებ ძალაში 19 იანვარს შევიდა, რის შემდეგაც ეტაპობრივად ისრაელს 28 მძევალი გადასცა. მათგან ქვეყანას 24 დაუბრუნდა ცოცხალი, ხოლო 4, 20 თებერვლის გაცვლის ფარგლებში, გარდაცვლილი.