ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) ლიდერობს, მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ხოლო ოლაფ შოლცის „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია მესამე ადგილზეა.
გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი ლიდერობს 29%-ით, ხოლო პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის - 19,5% მიიღო.
ცნობილია კიდევ ერთი ეგზიტპოლის შედეგები:
„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) - 28.5%;
ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD) - 20%;
„გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია (SPD) - 16.5%;
„მწვანეები“ - 12%;
„Die Linke“ - 9%;
FDP - 5%;
BSW - 5%;
შეგახსენებთ, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასული წლის ნოემბერში ოლაფ შოლცის 3-პარტიანი მმართველი კოალიცია დაიშალა.
არჩევნებში მთავარი კანდიდატები იყვნენ მოქმედი კანცლერი ოლაფ შოლცი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან და ფრიდრიხ მერცი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან.
რაც შეეხება ეგზიტპოლის მიხედვით მეორე ადგილზე გასულ ულტრამემარჯვენე პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის, მათ 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში უმაღლესი შედეგი მიიღეს - პარტიის მხარდაჭერის მაჩვენებელი 2021 წლის არჩევნებთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია.
გერმანიის ბუნდესტაგმა 16 დეკემბერს უნდობლობა გამოუცხადა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას, რის შემდეგაც ქვეყნის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.
მთავრობაში კრიზისი 6 ნოემბერს დაიწყო, როდესაც კანცლერმა შოლცმა ფინანსთა მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ქრისტიან ლინდნერი, თანამდებობიდან გადააყენა. ამის შემდეგ მმართველი კოალიცია, რომელიც "სოციალ-დემოკრატიული პარტიისგან" (SPD), "მწვანეებისა" (GRÜNE) და "თავისუფალი დემოკრატებისგან" (FDP) შედგებოდა, ოფიციალურად დაიშალა.